უდაბნოს მონასტერში სულ სხვა გარემოა, სხვა სამყაროა, ნალოცი და მადლიანი ადგილია
უდაბნოს მონასტერში სულ სხვა გარემოა, სხვა სამყაროა, ნალოცი და მადლიანი ადგილია
შემოქმედის ეპარქიის მოლოცვისას "კარიბჭეს" გურიის უდაბნოს მონასტერიც არ დარჩენია უყურადღებოდ. ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვრის - დედა მარიამის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით ვიხილეთ უდაბნოს მადლიანი მამათა მონასტერი. ტაძარში საბერო მორჩილი ვასილი (ჭელიძე) დაგვხვდა. მეგზურობაც მან გაგვიწია. მონასტრის წარსულზეც და დღევანდელობაზეც გვესაუბრა. უფრო საფუძლიანად რომ გამეგო უდაბნოს მონასტრის წარსული, ისტორიის ფურცლებს გადავხედე.

წმინდა იოანე ნათლისცემლის სახელობის უდაბნოს მონასტერი ჩოხატაურის რაიონის სამხრეთ-დასავლეთით ნიგოით-საჯავახოს ქედის სამხრეთით ამაღლების მთის ფერდობზეა აღმართული. უდაბნოს მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეკლესიაა, როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, იგი მონასტერი ყოფილა. უდაბნო უშენ ადგილს ნიშნავს, ხოლო მეუდაბნოება ბერმონაზვნობის ის სახე იყო, როდესაც განდეგილი განმარტოებულ ცხოვრების წესს ეწეოდა.

KARIBCHE

უდაბნოს ეკლესია ნახევრად კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის დარბაზული ტიპის ტაძარია. უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი ძველია გურიაში, მისი აგების თარიღი დღემდე სადავოა. ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე უდაბნოს XVIII საუკუნით ათარიღებს. დამაარსებლად კი იოსებ ტუსკიას ასახელებს. ამაღლების მთის ფერდობზე ზედა ნაწილში მღვიმე ეკლესიიდან, 200 მეტრის მოშორებით, მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც 1858 წელს აუშენებიათ, იგი 1958 წლამდე ხელუხლებლად იყო შემონახული, ხოლო შემდგომ ადგილობრივ ხელისუფლებას სამშენებლო მასალის იოლად მოპოვების მიზნით დაუნგრევია.

KARIBCHE

უდაბნო საკმაოდ მდიდარი მონასტერი იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები. მათ შორის იოსებ ტუსკიაც, რომელიც შემოქმედის "გულანის" ერთ-ერთი გადამწერია და სწორედ მან მოაჭედინა. იოანე ნათლისმცემლის ტაძრის იღუმენიც ტუსკია ყოფილა. ძველად მონასტერს წიგნსაცავიც ჰქონდა, რომელთაგანაც აღსანიშნავი იყო უდაბნოს მრავალთავი, იგი სიგრძით 34 სმ, ხოლო სიგანით 30 სმ ყოფილა.
1920 წელს უდაბნოს ბერებს აკაკი შანიძესათვის დაუთმიათ ერთი ხელნაწერი "უდაბნოს მრავალთავის". შემდეგში აკაკი შანიძეს პეტერბურგში აღმოუჩენია 8 ფურცელი, ძველი მრგლოვანი ხელნაწერისა, რომელიც მაშინვე "მრავალთავის" გაგრძელებად მიუჩნევია და სასწრაფოდ საქართველოში გამოუგზავნია. ასევე მრავალთავის ერთი ფურცელი თედო ჟორდანიას ოზურგეთში მოუპოვებია, ეს ნაწილები ამჟამად ერთად არის თავმოყრილი და ხელნაწერთა მუზეუმში ინახება. უდაბნოს მონასტერში ასევე დაცული იყო იოანე ოქროპირის სახარება. XX საუკუნუს 40-იან წლებში კომუნისტებმა დაარბიეს მონასტერი და მისი წიგნთსაცავიც გაანადგურეს.

ღვთისმსახურება 1991 წელს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღსდგა,
2001 წელს კი მღვდელმთავარმა იოსებმა (კიკვაძე) აღადგინა სამონასტრო ცხოვრება. ახლა მონასტრის წინამძღვარია, არქიმანდრიტი მარკოზი.

საბერო მორჩილი ვასილი:

-2007 წელს ავაშენეთ იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი. ამავე ტაძარშია დაბრძანებული წმინდა იოანე ნათლისმცემის სასწაულმოქმედი ხატი. მონასტერს ემიგრანტმა ქართველებმა შემოწირეს წმინდა პატაპიოსის ხატი. ტაძარში ბევრი სიწმინდეა დაბრძანებული.

სამწუხაროდ, 1952 წელს კომუნისტებმა დიდი ტაძარი ააფეთქეს. ტაძარში ხალხი მოედინებოდა, ლოცულობდა, ინათლებოდა, ჯვარს იწერდა, მაგრამ საუბდუროდ ის ვერ გაითავისეს, რომ ტაძრის ხელისშეხება არ შეიძლებოდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტაძარი ადგილობრივი სოფლის მოსახლეობის ხელით დაანგრეს. . ალბათ დააშინეს მოსახლეობა და იძულებულები იყვნენ ეს გაეკეთებინათ. მაგრამ რწმენას, რწმენას ვინ წაართმევდა? დაგრეული ტაძრის ქვები სახლში წიაღეს და მაპატიეთ ამ სიტყვაზე, ტუალეტები ააშენეს. ეს ხომ უბედურებაა. ამაზე მეტი ცოდვა რა უნდა იყოს. იმ ოჯახში, სადაც ის ქვა შევიდა, სიხარული არა აქვს. არა სითბო, არა სიყვარული. ავადმყოფობაზე ხომ არ არის საუბარი. ძველი ტაძრის ნანგრევებით მხოლოდ ტაძრის ერთი კედელია აშენებული. ტაძარს რომ ვაშენებდით მშენებლობაში ახალგაზრდა ბიჭები უანგაროდ გვეხმარებოდნენ. ამით სურდათ გამოესყიდათ თავიანთი წინაპრების დანაშაული გამოესყიდათ. მონასტერში მრავალი მომლოცველი მოდის. დიდება უფალს. მეუფე იოსების დროს მრავალი ეკლესია მონასტერი აღდგა და აშენდა. კიდევ ბევრია აღსადგენი...

KARIBCHE

მამა პეტრე ანდღულაძე :

-უდაბნოს მონასტრის მოლოცვისას ტაძარში დედაოები შემოვიდნენ, მათ მოძღვარი ახლდათ. როგორც საუბარში გავარკვიეთ ის მამა პეტრე ანდღულაძე გახლდათ. წარსულში უდაბნოს მამათა მონასტრის წინამძღვარი. მამაოს მცირე საუბარი ვთხოვე: - 2005 წელს ვიყავი ამ მონასტრის წინამძღვარი. ამჟამად ოქროსქედის წმინდა იონა ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღავრი ვარ. მეუფე იოსებმა რომ მითხრა, უდაბნოში იქნებიო, ვიფიქრე, აქ როგორ უნდა ვიცხოვრომეთქი. ერთი გამოქვაბული ეკლესია იყო, მეტი არაფერი. მერე ღვთის წყალობით სახლი დავდგით. უდაბნოს მონასტერში სულ სხვა გარემოა, სხვა სამყაროა, ნალოცი და მადლიანი ადგილია. ღმერთმა ყველა აგვავსოს ამ მადლით. ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს.

KARIBCHE KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1