მართლაც უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობაა ჩაფიქრებული
მართლაც უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობაა ჩაფიქრებული
მას შემდეგ, რაც ვაზისუბნის დასახლების ახლოს, მახათას მთაზე, ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერი დაფუძნდა, იქაურობამ განსაკუთრებული მადლი შეიძინა. 2002 წლის 5 მაისს, აღდგომის დღესასწაულზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამოქმედდა მამათა მონასტერი და მისი წინამძღვრობა არქიმანდრიტ საბას (კუჭავას) დაევალა.

მონასტერი დღითიდღე ვითარდება, სულიერად და ფიზიკურად იხვეწება, გაიზარდა მონასტრის წევრთა რიცხვი, იმატა მრევლმა, შეიქმნა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი, რომლის ძალისხმევითაც აიგო დროებითი, კარვის კონსტრუქციის სამლოცველო.

ამავე ფონდისა და რამდენიმე კერძო პირის დახმარებით ახლო მომავალში მახათას მთაზე ათონელი მამების, წმინდა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების, მცირე ზომის ტაძრის მშენებლობა დაიწყება. ახლახან ათონის მთიდან ჩამოსულმა ცამეტმა ბერმა სწორედ ამ ტაძრის საძირკველი აკურთხა. რაც მთავარია, ტაძრის კურთხევის დროს ათონელმა მამებმა ივერონის მონასტრიდან ჩამოტანილი წმინდა მიწა ტრაპეზის ადგილას ჩაფლეს.

ეს მცირე ტაძარი ნაწილი იქნება იმ დიდი სამონასტრო კომპლექსისა, რომელიც მომავალში მახათას მთაზე აშენდება. კომპლექსის პროექტის ავტორი არქიტექტორი ომარ ნაფეტვარიძეა.

- ბატონო ომარ, როგორი იქნება მახათას მთის სამონასტრო კომპლექსი?

- მახათას მთის სამონასტრო კომპლექსი ოთხ ჰექტარზე გაშენდება. მართლაც უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობაა ჩაფიქრებული. ქალაქში მონასტრის აშენება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამ ადგილას სამონასტრო ცხოვრება და მრევლის მოლოცვა ერთმანეთისგან გამიჯნული იქნება. მონასტერი დიდი გალავნით შემოიზღუდება და, საზოგადოდ, ყველაფერი გაკეთდება, რათა გარემო პირობებმა იქაური სასულიერო პირები ნაკლებად შეაწუხოს.

მონასტრის ტერიტორიაზე ორი ეკლესია აშენდება: მცირე ზომის, ათონელი მამების სახელობისა (არქიტექტორები - ომარ ნაფეტვარიძე, რევაზ ჯანაშია; კონსტრუქტორი - ბესო ბატიაშვილი) და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დიდი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. ღვთისმშობლის ტაძარი მრევლისთვის აიგება, ხოლო მცირე ტაძარი - მონასტრის მამებისთვის. როცა სამონასტრო კომპლექსისა და ორივე ტაძრის მშენებლობა დასრულდება, მცირე ტაძარი მონასტრის ტერიტორიის დახურულ სივრცეში მოხვდება და იქ შესვლის უფლება მხოლოდ ბერებს, მონასტრის წევრებს ექნებათ.

- ბერების სენაკები როგორ განლაგდება?

- ბერებისთვის განკუთვნილი სენაკები რკალისებურად იქნება განლაგებული. სულ სამი შენობა უნდა აიგოს. მათგან ორი სამსართულიანი იქნება, ხოლო ცენტრალური კორპუსი - ოთხსართულიანი. იქვე განთავსდება მონასტრის წინამძღვრის საცხოვრებელი და საპატრიარქო რეზიდენცია. ყველა ბერისთვის ცალ-ცალკე სენაკია გათვალისწინებული. სამსართულიანი შენობის თითო სართულზე ექვსი სენაკი მოეწყობა. თითოეულთან საკუთარი სველი წერტილები დამონტაჟდება. დანარჩენი ორი კორპუსი დაეთმობა ლითონზე ჭედურობას, ხეზე კვეთას, ხატწერას, საგამომცემლო საქმიანობას. ტაძრის ეზოში მოეწყობა დასასვენებელი ადგილიც.

მცირე ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მდებარე კორპუსის მეორე სართული დაეთმობა ბიბლიოთეკას, სამკითხველო დარბაზს, წიგნსაცავს. პირველ სართულზე მუზეუმი განთავსდება, რომელიც შემოწირულ საეკლესიო ნივთებს, ძვირფასეულობას დაეთმობა. განზრახულია საგანმანათლებლო ცენტრისა და საკვირაო სკოლის დაფუძნება. მომლოცველებისთვის, გვსურს, ავაგოთ სასტუმრო, რომელიც დაახლოებით ას კაცს დაიტევს. მოეწყობა აუზი წყალკურთხევისთვის და, რაც მთავარია, აღიმართება ათი მეტრის სიმაღლის ქვაჯვარი. სწორედ იმ ადგილას, სადაც ღვთისმშობლის გამოცხადება იყო, მაყვლოვანი ხელუხლებელი დარჩება. ხელუხლებელი დარჩება ის ნიშიც, რომელიც დღეს სამლოცველო კარავში დგას. ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახალაგებულ დიდ ტაძარში მოექცევა.

- როგორი იქნება ათონელი მამების სახელობის ტაძარი?

- ტაძარი დარბაზული, ერთნავიანი ტიპისაა, სამხრეთით და დასავლეთით მას თაღებიანი შემოსასვლელი ექნება. ტაძრის გარეთა ფასადი ბოლნისის ტუფით მოპირკეთდება, სახურავი კი ფურცლოვანი, მხატვრულად დამუშავებული სპილენძით გადაიხურება. ტაძარი მოიხატება კიდეც, კანკელი კი მარმარილოს ქვით დამშვენდება.

- ტაძრის არქიტექტურაში ახალი ელემენტები ხომ არ შეგიტანიათ?

- პატრიარქის კურთხევაა, რაც შეიძლება ნაკლები სიახლე შევიტანოთ ტაძრის მშენებლობაში. კანონიკა უცვლელი უნდა დარჩეს.

- სამონასტრო კომპლექსი ათონური ტიპისაა?

- არქიტექტურულად, გეგმის მიხედვით, მისგან სრულიად განსხვავებულია. მსგავსება შეიძლება სატრაპეზოს მშენებლობისას დავიცვათ. მოგეხსენებათ, ათონის მთაზე უამრავი მომლოცველი ჩადის. ტრაპეზი, ისევე როგორც ლოცვა, იქ ბერებთან ერთად ხდება. მახათას მთის სამონასტრო კომპლექსშიც დიდი ზომის სატრაპეზო მოეწყობა, სადაც მომლოცველებს შეეძლებათ, მონასტრის წინამძღვრის კურთხევით სადღესასწაულო წირვის შემდეგ ბერებთან ერთად იტრაპეზონ.
ბეჭდვა
1კ1