მალე ნათლისღების მამათა მონასტერიც გვექნება
მალე ნათლისღების მამათა მონასტერიც გვექნება
სასიხარულოა, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მრავალი ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა... დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში, ავჭალაში, შენდება ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერი. მღვდელმონაზონ იოანესგან (გვაჯაია) გაგონილი მქონდა, რომ უწმინდესმა მას, ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერთან ერთად, კიდევ ერთი მშენებარე მონასტერიც ჩააბარა. მამა იოანეს ლოცვა-კურთხევით და დახმარებით მოვილოცე მშენებარე მონასტერი. სენაკები უკვე აშენებულია. საოცარი ის გახლავთ, რომ ტაძრის საძირკველში გამდინარე წყალია, რომელშიც ულამაზესი ყვითელი კალმახი დაცურავს.

მამა იოანეს ნათლისღების მონასტერში ვესაუბრე.

- ღვთის განგებით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ორი წლის წინ ავჭალაში წყალსაქაჩის ტერიტორია მერიამ საქართველოს საპატრიარქოს გადმოსცა. თავიდან ამ ტერიტორიას ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა მეუფე პეტრემ მიაკვლია. შემდეგ მისმა უწმინდესობამ გვაკურთხა, რომ აქ მონასტერი დაგვეფუძნებინა. ლოცვა-კურთხევით, მომეცა მორჩილება, ამ მონასტრისთვის წინამძღვრობა გამეწია. პირველი შემოწირულობა მონასტრის მშენებლობისთვის თავად უწმინდესმა გაიღო. საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების საბჭოს დახმარებით, მიმდინარეობს აქ არსებული შენობების გადაკეთება. ადრე ეს ტერიტორია უკაცრიელი იყო, ეკალბარდებით გარშემორტყმული. გასულ წლებში ამ ადგილას წყალსაქაჩი იყო, საიდანაც მარაგდებოდა თბილისის მოსახლეობა. წყალსაქაჩი სხვა ადგილას გადაიტანეს და ეს ტერიტორია საპატრიარქოს გადმოეცა. ღვთის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით მიმდინარეობს მონასტრის მშენებლობა. ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართულია მშენებლობის პროცესში. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მოწყობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ტაძარში ბუნებრივი გამდინარე წყლისგან გაკეთდება სანათლავი ემბაზი, მოეწყობა საკალმახე მეურნეობა, თევზსაშენი. მონასტერში უკვე რამდენიმე მორჩილია, მალე მონასტრული ტიბიკონით დაიწყება სამონასტრო ცხოვრება.

ჩვენი ქვეყნის გაძლიერება სწორედ მონასტრებზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი ღვთის სახლი აშენდება, მეტად გავძლიერდებით. მუდმივად აღვლენილი წირვა-ლოცვა კვლავ შეგვაგონებს უფლის გზით ცხოვრებას. მახარებს ის, რომ ჩვენს მშენებარე მონასტერს მრევლი, დღიდან მშენებლობისა, არ მოჰკლებია. მადლობა ღმერთს, რომ მომეცა საშუალება ცოდვილ მღვდელმონაზონს, მორჩილებით აღვასრულო უწმინდესის ლოცვა-კურთხევა. კაცთაგან შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელი რომ არის, ეს თავადაც ვნახეთ მშენებლობის დროს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვა
1კ1