ჯუმათის მონასტრის კუთვნილი მთავარანგელოზ მიქაელის ოქროს ხატი 1910 წელს სვანეთში უნახავს წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს
ჯუმათის მონასტრის კუთვნილი მთავარანგელოზ მიქაელის ოქროს ხატი 1910 წელს სვანეთში უნახავს წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს
ჯუმათის მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. იგი ჯუმათის საეპისკოპოსოს მთავარ ტაძარს წარმოადგენდა. თავად ჯუმათის საეპისკოპოსო, როგორც სხვა ეპარქიები გურიაში (შემოქმედი, ხინო), XV საუკუნეში დაარსებულა. საეპისკოპოსო მდინარე სუფსის სოფლებს და აქ არსებულ ეკლესიებს აერთიანებდა. ჯუმათის ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა, გარს ქვის გალავანი არტყია. ტაძრის ეზოში შესასვლელი სამრეკლოდანაა. თავად სამრეკლო მთავარი ტაძრის დასავლეთ ფასადზეა მიშენებული. მხედრული წარწერა გვაუწყებს: "1904წ. ხელობა ივანე მენაბდისა. არქიმანდრიტი ა. გერასიმე დარჩიასაგან". ტაძრის აგების თარიღი უცნობია. დიმიტრი ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდლად მიიჩნევს. ეს მადლიანი მონასტერი ოზურგეთის რაიონში, ჩოხატაურის ქედის კალთაზე, მდინარე სუფსის ხეობაში დგას.

ჯუმათის ხატების წარწერებში მოხსენიებული პირებიდან ბევრი ცნობილია.

KARIBCHE KARIBCHE

გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის წარწერაში მოხსენიებული სვანეთის მთავარი იოანე ვარდანის ძე ასევე იხსენიება ლაბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, ეს ის იოანე ვარდანიძეა, რომელიც გიორგი III-ის დროს ცხოვრობდა და მონაწილეობდა დემნა ბატონიშვილის ჯანყში 1177 წელს.

ჯუმათის სიძველეებს შორის მნიშვნელოვანია მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი; გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული ძვირფასი თვლებით შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი ვერცხლის კუბოთი; მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდის ირგვლივ შვიდი ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. განსაკუთრებით ძვირფასია ასევე საწინამძღვრო ჯვარი ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვარი პატიოსანი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტრისთვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ.

ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის. ჯუმათის მონასტრის კუთვნილი მთავარანგელოზ მიქაელის ოქროს ხატი 1910 წელს სვანეთში უნახავს წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს.

KARIBCHE

კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წელს აღდგა.

ჯუმათის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარანგელოზთა მთავარი ტაძარი, რომელზეც მიდგმულია ხარების სახელზე ნაკურთხი მცირე ზომის ეკვდერი, 1998 წელს არქიმანდრიტ ანდრიას (კბილაშვილი) თაოსნობითა და შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით აიგო მირქმის პატარა ტაძარი. დღეს აქ მამათა მონასტერია დაფუძნებული. წინამძღვარი გახლავთ არქიმანდრიტი მიქაელი (მეგენეიშვილი). შეგვეწიოს ჯუმათის მთავარანგელოზთა მადლი.


ბეჭდვა
1კ1