მოდით, ერთად შევიკრიბოთ, ერთი გუმბათის ქვეშ, დავიჩოქოთ და ერთად ვილოცოთ
მოდით, ერთად შევიკრიბოთ, ერთი გუმბათის ქვეშ, დავიჩოქოთ და ერთად ვილოცოთ
შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ თბილისში, დღევანდელი მეცხრე საავადმყოფოს შენობაში წინათ ღვთის სახლი და ლაზარეთი იყო.

ტაძრის პირველი წინამძღვარი გახლდათ მამა ეპიფანე ჯაოშვილი.

მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა პერიოდში მრავალი ტაძარი დაინგრა, ბევრმაც სახე იცვალა და სხვადასხვა ფუნქცია დააკისრეს. საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ამ საავადმყოფოს ექიმმა, ქალბატონმა მანანა ადეიშვილმა საფუძვლიანად შეისწავლა ტაძრის ისტორია და აქაურობისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება მოინდომა. თავისი ნაშრომი ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარს, მამა კონსტანტინე კოღუაშვილს გააცნო.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამი წლის წინ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. საარქივო მასალების მიხედვით, გამოიკვეთა ტაძრის სახე. ღვთის წყალობით, დღეს აქ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში, ღვთისმსახურება აღდგა. მამა კონსტანტინეს წინამძღვრობით, მრევლი თანდათან მატულობს და ღვთის სადიდებელ წირვას ისმენს.

ქალბატონმა ნანას მოვუსმინოთ:

- ეს ტერიტორია, დღევანდელი ჭავჭავაძის პროსპექტიდან ფიზკულტურის ინსტიტუტის ჩათვლით, სასულიერო ქალაქი გახლდათ. ამ საეკლესიო სამონასტრო კომპლექსს, რომელსაც თავისი ლაზარეთი ჰქონდა, ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ მეორის დედა მარია ფეოდოროვნა. მისი მეორე მეუღლე გახლდათ გიორგი შერვაშიძე, აფხაზეთის სამთავრო სახლის წევრი. ამ საეკლესიო ლაზარეთში მოწყალების დებად მუშაობდნენ მონაზვნები, რომლებიც დაუღალავად უვლიდნენ შეჭირვებულებს. მთავარი ექიმი ლებედევი ყოფილა. ტაძრის მშენებლობა 1907 წელს დამთავრებულა. კომუნისტების პერიოდში ტაძარს გუმბათი მოუშალეს. მაშინდელი სასულიერო სემინარიის რექტორის კორნელი კეკელიძის დახმარებით, ბევრი რამ ხელშეუხებელი გადარჩა. მადლობა ღმერთს, რომ ამ ტაძრის გადამრჩენელისა და აღმდგენელის მამა კონსტანტინე კოღუაშვილის მოღვაწეობით კვლავ აღდგა აქ წირვა-ლოცვა, ღვთისმსახურება.

მამა კონსტანტინე კოღუაშვილი:
- თავიდანვე მორწმუნე ოჯახში ვიზრდებოდი. მშობლებთან ერთად ჩემი გამზრდელი მამიდებიც ღვთის სიყვარულით ცხოვრობდნენ. თავიდან ერთხანს დედაჩემი მორჩილად იყო ჯერ ჭიათურაში, მღვიმევის მონასტერში, შემდეგ სამთავროში. ჩვენს ოჯახში ბავშვობიდანვე რელიგიაზე საუბრობდნენ. მეც გამიჩნდა ინტერესი რელიგიური სწავლების მიმართ, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე და ბოლომდე გავყევი სასულიერო ცხოვრებას.

მადლობა ღმერთს, რომ მოძღვარი ვარ. ეს საუკეთესო არჩევანია ჩემს ცხოვრებაში.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე კონსტანტინემ (მელიქიძე) მღვდლად დამასხა ხელი. თავიდან წმინდა ბარბარეს ტაძარში დიაკვნად ვმსახურობდი. შემდეგ წმინდა მიხეილ ტვერელში მოძღვარი ვიყავი. ამჟამად ქაშვეთის ეკლესიაში ვარ. პარალელურად ვმსახურობ მეცხრე საავადმყოფოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში, ასევე ფონიჭალაში, უსინათლოთა დასახლებაში (ერთ-ერთი საწყობის შენობა ეკლესიად გადავაკეთეთ და ვაკურთხეთ წმინდა მეფე თამარის სახელზე), ღოუბნის ორმოცი სებასტიელი მოწამის ტაძარში, ასევე კოჯრის წმინდა სვიმეონ მესვეტის კაბენის მონასტერში.

საუბარში უსინათლო მრევლი ვახსენე, მაგრამ მგონი, ისინი ჩვენზე თვალხილულები არიან - სულიერი და მატერიალური თვალსაზრისითაც. ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი. ლოცვებს სპეციალური, ბრაილის შრიფტით კითხულობენ, თანაც ისე გამართულად, გაგიკვირდებათ.

ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი მეცხრე საავადმყოფოს შენობაში აღდგენილი ტაძარი, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, კვლავ მოქმედებს. აქაურობა იმითაცაა საინტერესო, რომ ერთ ჭერქვეშ იყო ტაძარი, საავადმყოფო, ლაზარეთი და სასულიერო სემინარია. ამ შენობაში ცხოვრობდნენ ბერ-მონაზვნები. კომუნისტების პერიოდში ამ ტაძარს კინოდარბაზად იყენებდნენ. ღვთის განგებით და კეთილი ადამიანების დახმარებით, ტაძარმა დაიბრუნა პირვანდელი სახე. სცენა კვლავ საკურთხევლად გადავაკეთეთ, სკამები გავიტანეთ და ტაძარში აღდგა ღვთისმსახურება. სრულდება ჯვრისწერა და მრევლი თანდათან მრავლდება. ჩვენი ტაძარი ჯერ კიდევ კეთილმოსაწყობია. დროთა განმავლობაში ესეც მოგვარდება. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, სულიერი დახმარება აღმოვუჩინო ტაძარში მოსულ ადამიანებს. რადგან ჩვენი ტაძარი საავადმყოფოს შენობაშია, ბუნებრივია, ბევრი გაჭირვებულია და სნეულებაში მყოფი. ხშირად ვაზიარებთ რეანიმაციაში მყოფ ავადმყოფებს. ოპერაციის წინ მთხოვენ ხოლმე ზიარებას. თანაც ისეთი ადამიანები, რომელთაც ტაძრის კარი მანამდე არ შეუღიათ.

- მამაო, როგორ უნდა მიუახლოვდეს ადამიანი უფალს?

- როცა ადამიანს სულიერი ხედვა აქვს, ის უკვე უფალთან დგას. ეკლესია კი ადამიანს უფალთან მიახლებაში ეხმარება. მოძღვარს კი უმთავრესი მისია აკისრია ადამიანის სწორ გზაზე დასაყენებლად. მოძღვარმა შეიძლება ცოდვილი მოიყვანოს ეკლესიაში და უფლის თანაზიარი გახადოს. ასევე შეიძლება უფლის გზაზე მდგარი გააქციოს და ეშმაკს ჩაუგდოს ხელში. მოძღვარი შუამავალია ღმერთსა და მორწმუნეს შორის.

ლოცვით და რწმენით უნდა ვცხოვრობდეთ და უფალი არ დაგვტოვებს. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ჩვენი გზა უფალთან მივიდეს. ამქვეყნიური ცხოვრება ხომ მოსამზადებელი პერიოდია მომავალი ცხოვრებისთვის.

მოდით, ერთად შევიკრიბოთ, ერთი გუმბათის ქვეშ, ერთად დავიჩოქოთ და ერთად ვილოცოთ. მერე უფალი შეგვეწევა ცხონების გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვა
1კ1