რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას?
რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას?
ალექსი ბერის ნეშტი უხრწნელი იყო
მართლაცდა, რა დიდებულია უფლის განგება. ისეთ რამეს დაგვანახებს და ისეთ ღვთისნიერ ადამიანებს შეგვახვედრებს, რომ გაოცებას ვერ დამალავ. შემთხვევით რომ არაფერი ხდება, ისიც კარგად ვუწყით, ოღონდ ადამიანურ ბუნებას ამის აღქმა უჭირს ხოლმე.

სენაკის რაიონში, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ჩვენი მეგობრის, ლევან ფირცხალავას დახმარებით აღმოვჩნდით. შუშანიების სავანეში მისულებს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გაგვიღო მონასტრის კარი. მწუხრის ჟამს წინამძღვარს ჩვენი დანახვა, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა. იმ ქარიშხლიან ამინდში მხოლოდ გზააბნეული თუ მიადგებოდა მონასტრის კარიბჭეს.

- ვინ ხართ, - შემოგვძახა მოძღვარმა.

- თბილისიდან ვართ, მამაო, - უპასუხა ლევანმა.

მოძღვარმა კარი გაგვიღო. შეციებულებმა ტაძარს შევაფარეთ თავი. წაკითხული კი მქონდა წმინდა ბერ ალექსი შუშანიას სავანის შესახებ, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ალბათ იცი, მკითხველო, რომ აქ დაკრძალული არიან ღირსი ალექსი (შუშანია) და მისი დები - იღუმენია ფასტო და სქემმონაზონი აკეფსიმა. მთავარანგელოზთა ტაძრის მოლოცვის შემდეგ მამა მელქისედეკი ტაძრის მეორე სართულზე წმინდა მამის მოკრძალებული სენაკისკენ წაგვიძღვა. იმდენად პატარა იყო, რომ ორი-სამი ადამიანი ძლივს ვიდექით. წმინდა მამის ნალოც სენაკში  დიდი მადლით აღვივსეთ. უბრალო ხის საწოლზე მისივე ხელით მოქსოვილი ფარდაგია გადაფარებული. დიდი ხის ჯვარი კედელზე ეკიდა. ამ ჯვარს ბერი ალექსი ზურგზე მოიკიდებდა და ისე ლოცულობდა უფლის წინაშე. მისივე ხელნაწერი კი დიდ ჩარჩოშია ჩასმული და მნახველებში დიდ გაკვირვებას იწვევს. ტაძარში გავიცანი შუშანიების შთამომავალი, დედა ზოია. მასთან საუბარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მანამდე "კარიბჭის" მკითხველს მცირედად შევახსენებ ღირსი მამის ცხოვრებას.

სიკვდილის წინ მამამ შვილს ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია 16 წლისა იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კონსტანტინოპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან. ერთხელ ალექსიმ ბიძას გამოართვა წმინდა ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმინდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: - რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? უხილავმა მოძღვარმა უპასუხა: ახლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს? ალექსიმ მიუგო: "ღმერთი". კვლავ გაისმა ხმა: "მაშინ შენც მოკვდი ღვთისთვის საწუთროსგან და ღმერთს მიანდე ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს". მას შემდეგ ალექსი საოცრად გამოიცვალა. თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრადაც მარხულობდა.

KARIBCHEალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინოპოლზე გული აუცრუა და მალე საქართველოში დაბრუნდნენ. ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღქმა დადო. დები და ძმა შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. გადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონი (შუათანა და, სოფიო, ღვთის განგებით, ალექსიზე ადრე აღიკვეცა მონაზვნად თეკლათის დედათა მონასტერში). ბესარიონი მარტვილის მონასტერში მღვდლად აკურთხეს, სადაც სიკვდილამდე მოღვაწეობდა.

ათონის მთის სიწმინდეების და კიევის მღვიმეთა მონასტრის მოლოცვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მოღვაწეობა გელათის მონასტერში გააგრძელა. იგი ხელდასხმულ იქნა ჯერ დიაკვნად, მერე მღვდელმონაზვნად.

ღვთის განგებით, ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში - მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველების მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.

ცხოვრების უკანასკნელ ხანებში ალექსი ბერი მძიმედ დასნეულდა. გარდაიცვალა 1923 წლის 18 იანვარს, 70 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის სავანეში მოღვაწეობდნენ მისი დები სქემმონაზონი აკეფსიმა და იღუმენია ფასტო.

სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა წმინდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.

KARIBCHE1960 წლის 8 იანვარს ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემ სიდამონიძის (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქის), ლოცვა-კურთხევით, მამა ალექსის ნეშტი თეკლათის დედათა მონასტრიდან გადაასვენეს და მენჯში დაკრძალეს. როცა საფლავი გახსნეს, ალექსი ბერის ნეშტი უხრწნელი იყო. მოგვიანებით წმინდა ალექსი ბერის საფლავზე პატარა ეკლესია აიგო.

მამიდებმა ღვთის სიყვარულით გაგვზარდეს
მთავარანგელოზთა ტაძარში ბერი ალექსის  ძმისშვილი მორჩილი ზოია შუშანია გავიცანით. როცა გაიგო, "კარიბჭის" ჟურნალისტი ვიყავი, გაიხარა და საუბარიც საკუთარი წარსულის გახსენებით დაიწყო: - მამაჩემი ომში დაიღუპა და ობლად დავრჩით ხუთი დედმამიშვილი. მამიდებმა ფასტომ და აკეფსიმამ შეიცოდეს ხუთი შვილის დედა და მე და ჩემი ტყუპისცალი და ნინა მთავარანგელოზთა ტაძარში წამოგვიყვანეს. მას შემდეგ 66 წელი გავიდა და აქ ვცხოვრობ. მათი მზრუნველი ხელი დანარჩენ დედმამიშვილებსაც არ მოკლებიათ.

ბერი ალექსის შესახებ მამიდებისგან ბევრი კარგი რამ გვსმენია. დღის განმავლობაში თურმე ერთხელ იღებდა საზრდოს. მარხვის პერიოდში განმარტოვდებოდა და დიდ დროს ლოცვების კითხვას უთმობდა, თან წიგნებსაც წერდა. ყველას უყვარდა ბერი ალექსი და სიცოცხლეშივე წმინდა მამას ეძახდნენ. ბერ-მონაზონთა ცხოვრების წესი ჩვეულებრივ მოკვდავთათვის მძიმეა. მიუხედავად სამონაზვნო წესების ზედმიწევნით დაცვისა, იღუმენია ფასტო ზომიერებითა და ქრისტიანული შეწყალებით ახერხებდა მრევლთან ურთიერთობას. იღუმენიას ქადაგების მსმენელნი ინუსხებოდნენ მისი კეთილმეტყველებით. გამორჩეული ყოფილა მამიდების გალობაც.

მამიდებმა ღვთის სიყვარულით და ლოცვით გაგვზარდეს. როცა იღუმენია ფასტო გარდაიცვალა,  27 წლის ვიყავი. სამი წლის შემდეგ კი სქემმონაზონი აკეფსიმა გარდაიცვლა. მე და ჩემი და მარტონი დავრჩით. ღვთისა და მამა ალექსის შეწევნით, ასევე კეთილი ადამიანების დახმარებით  გავამშვენეთ აქაურობა.

მთავარანგელოზთა ტაძარში ღვთისმსახურება არასდროს შეწყვეტილა. დღეს შუშანიების სავანეს არქიმანდრიტი მელქისედეკი წინამძღვრობს.

შეგეწიოთ ყველას ღირსი მამის, ალექსი შუშანიას მადლი.
ბეჭდვა
1კ1