წმინდა მოწამე დავითის და კონსტანტინეს მადლი შეგვეწიოს!
წმინდა მოწამე დავითის და კონსტანტინეს მადლი შეგვეწიოს!
ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთას მონასტერი. მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: "ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ".
XI საუკუნეში ბაგრატ III-მ ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა დავითი და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა სხეულები.
როგორი სახე უნდა ჰქონოდა ეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა.
მოწამეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა. ეკლესიას აქვს ორი კარი, დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიო ადგილას, აღმოსავლეთის მხარეს დაკრძალეს წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე, ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა ჩრდილოეთით გადაიტანა.
საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე დევს ხისგან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.
ბეჭდვა
1კ1