შეგვეიწიოს რუისის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მადლი
შეგვეიწიოს რუისის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მადლი
გადმოცემით, რუისის ცენტრში მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარი პირველად ვახტანგ გორგასალს აუგია. ფერისცვალების ეკლესიის უძველესი სამშენებლო ფენა VII-IX საუკუნეებით თარიღდება. X-XI საუკუნეებში ტაძარი გადაუკეთებიათ. მის კედლებზე არსებულ წარწერებში მოხსენიებულნი არიან გიორგი ეპისკოპოსი და მარიამ დედოფალი. ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი გიორგი I-ის მეუღლეა, ბაგრატ V-ის დედა, რომელიც ბაგრატის მცირეწლოვანების ჟამს მართავდა ქვეყანას.
სწორედ რუისის ტაძარში აკურთხეს მეფედ დავით აღმაშენებლის მამა გიორგი II.
რუისის ეკლესიაზე თურმე დიდად ზრუნავდა თამარ მეფის დედა, დედოფალი ბურდუხანი.
თემურ ლენგის მეექვსე შემოსევის დროს "ძირითურთ აღმოფხვრეს დიდი ეკლესია იგი რუისისა, რომელი არს საყდარი ღვთაებისა", - მოგვითხრობს მემატიანე. დანგრეული ტაძარი მეფე ალექსანდრე I-მა აღადგინა, რასაც დასავლეთ კარიბჭის წარწერა გვამცნობს: "ადიდენ ღმერთმან მეფეთ მეფობა დიდისა ალექსანდრესი, რომლის მიერ კვლავ აღეშენა საყდარი".
ისტორიკოს დავით ბაქრაძის თქმით, რუისის ძველი ეკლესია ბევრად უფრო დიდი და ლამაზი ყოფილა, რაც კარგად ჩანს საძირკვლის ნაშთებიდან და კედლებში დატანებული ძველი ჩუქურთმებიდან.
რუისის ეკლესია ბაგრატოვან-დავითაშვილების საძვალე იყო და აქ ამ გვარის მრავალმა წარმომადგენელმა პოვა უკანასკნელი განსასვენებელი.
ტაძარში დაკრძალულნი არიან ვახტანგ V-ის მეუღლე, არჩილ და გიორგი (XI) მეფის დედა დედოფალი როდამი (სულხან-საბა ორბელიანის მამიდა), ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფლის მარიამ ციციშვილის დედა ელენე, იმერეთის მეფე ალექსანდრე, რომელიც გიორგი XI-ის დროს "რუისში მოაშთეს და დაფლეს იქვე, რადგანაც იგი ცნობილი იყო როგორც უღვთო და ტყვის მსყიდველი".
რუისის ტაძრის სამრეკლო XII საუკუნის მეორე ნახევარში ეპისკოპოს დიონისეს აუშენებია. დიონისე ერუშეთის ეპისკოპოსი იყო. სამცხეში მაჰმადიანებმა დევნა რომ დაუწყეს, ქართლში გადმოვიდა, სადაც რუისის ეპისკოპოსობა უბოძეს. ერუშეთიდან მან გადმოიტანა ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი, რომელსაც შემდეგ რუისის საწინამძღვრო ჯვარი ეწოდა.
ცნობილია დიდი ხელოვნებით შესრულებული რუისის ეკლესიის კანკელი, რომელიც 1781 წელს მროველი მიტროპოლიტის ნიკოლოზ ყიფიანის დაკვეთით გაუკეთებიათ.
რუისის საკათედრო ტაძარს აქაურები გუმბათს უწოდებენ.
უზარმაზარი გალავნით გარშემორტყმულ ფერისცვალების ეკლესიას მომლოცველი და მნახველი არ ელევა, ქართველებიც სტუმრობენ და უცხოელებიც.
ტაძრის ეზოში უამრავი სამარეა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წარწერის ამოკითხვა შევძელით. როგორც ჩანს, აქ უმთავრესად მამაცაშვილის გვარის ხალხი იკრძალებოდა.

საკურთხევლის ახლოს, კედელზე, მიდგმულია წმინდა დავითის უზარმაზარი ხატი. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ხატი ნატურალური ზომისა დაიწერა. ისტორიულად ცნობილია, რომ დავით მეფე სიმაღლით 2 მეტრი და 18 სანტიმეტრი იყო. სწორედ ამ სიმაღლეა ახალშექმნილი ხატი. ფერისცვალების ტაძართან უკვე წლებია დედათა მონასტერია დაფუძნებული.


ბეჭდვა
1კ1