წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხატი დაბრძანებულია ტიმოთესუბნის ტაძარში, მისი სახელობის სამლოცველოც იქვე მდებარეობს, ეკლესიის მარჯვენა ეკვდერში
წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხატი დაბრძანებულია ტიმოთესუბნის ტაძარში, მისი სახელობის სამლოცველოც იქვე მდებარეობს, ეკლესიის მარჯვენა ეკვდერში
ბაკურიანში ყოფნისას ტიმოთესუბნის ულამაზესი მონასტერი მოვილოცე. ტიმოთესუბანს, ამ მადლიან სავანეს წელიწადის ყველა დროს მრავალი მომლოცველი ჰყავს. მამათა მონასტერში გულთბილად, უდიდესი სიყვარულით მიმიღეს. მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იერომიელმა (ფილიშვილი) მამობრივი სიყვარულით მიმასპინძლა, შემდეგ სულისათვის სასარგებლო საუბარიც შედგა. ტიმოთესუბნის მონასტრისა და სოფლის წარსულის შესახებ კიდევ უფრო ღრმად რომ გამეგო მამა იერომიელმა ამავე მონასტრის წევრის თევდორეს (ჩიტაიშვილი) მიერ შედგენილი წიგნი მისახსოვრა, საიდანაც ვგებულობთ, რომ ტიმოთესუბანი ბორჯომის რაიონის ერთ-ერთი პატარა, მაგრამ ულამაზესი სოფელია, სადაც მდებარეობს შუა საუკუნეების დროს აგებული ღვთისმშობის მიძინების ტაძარი. თორი - შუასაუკუნეების ცენტრალური საქართველოს, შუა ქართლის, შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროვინცია იყო. იგი ახლანდელი ბორჯომისა და ნაწილობრივ, ახალციხის რაიონებს მოიცავდა და თორელების გვარის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა.

აღწერს რა თორის საერისთავოს, ვახუშტი ბატონიშვილის "გეოგრაფიაში" ვკითხულობთ: "არს სასპასპეტო ესე შემკული მთითა და ბარითა, პირუტყვთა, ნადირთა, ფრინველთა. მოსავალნი მრავალნი ნაყოფიერებს. კაცნი და ქალნი მშვენიერნი, მშვიდნი, მორჩილნი. ვიეთნი შფოთის მოყვარენი, მბრძოლნი ძლიერნი..., ყოფილან მრავალნი შენობანი და ეკლესიანი, გარნა აქ შემუსვრილნი".

ამავე ისტორიკოსის ცნობით "თორისწყალის" (ახლანდელი გუჯარეთისწყალი) აღმოსავლეთით არს კიმოთისმანს მონასტერი, გუმბათიანი კეთილშენი, მშვენიერს ადგილს".

KARIBCHE KARIBCHE

ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კილომეტრის დაშორებით, წაღვერიდან 4 კილომეტრის მანძილზე, თორისწყლის მარჯვნა ნაპირზე, სავარაუდოდ ძველი მონასტრის ნანგრევებზე, თორის მმართველმა ერისთავთ ერისთავმა შალვა ახალციხელმა ააშენა გუმბათიანი ტაძარი.

1947 წელს, იმოგზაურა რა ბორჯომის ხეობაში, ნიკო ბერძენიშვლმა აღწერა ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი. მათგან საყურადღებოა დღემდე შემორჩენილი პატარა ერთნავიანი დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ კედლის ფანჯრის ზემოთ იკითხება წარწერა: "ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთ ერისთავი".

ნიკო ბერძენიშვილს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ წარწერა გაკეთებულია XII-XIII საუკუნის მიჯნაზე და ლაპარაკია შალვა ახალციხელზე, გამოჩენილ მხედართმთავარზე და საზოგადო მოღვაწეზე, თორელ-ჯავახეთის ერისთავზე და სამეფო კარის მანდატურთუხუცესზე, რომელიც მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა მას შემდეგ, რაც 1226 წელს გარნისის ომში მავანთა ღალატით გამოწვეული დამარცხების შედეგად ჯალალედინმა დაატყვევა.

KARIBCHE

ამავე დროს ნიკო ბერძენიშვილი იხსენებს განძანის ეკლესიისა და ვაჩიან-ქუმურდოს სტელაზე შემორჩენილ წარწერას, სადაც შალვასთან ერთად მოიხსენება მისი ძმა - ივანე. ამ წარწერიდან მას გამოაქვს დასკვნა, რომ ტიმოთესუბნის კომპლექსი წარმოადგენდა თორელების საგვარეულო მონასტერს, ხოლო ძირითადი ტაძრისგან ჩრდილოეთით მდგარი ერთნავიანი ბაზილიკა შესაძლოა, თავის დროზე, მათი საგვარეულო სამარხებისათვის ყოფილიყო გამიზნული. ცნობილია, რომ ამ რეგიონს მართავდნენ შალვა და ივანე ახალციხელები, თორის ერისთავთ ერისთავები. მათგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა შალვა, რომელიც იყო თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი, მეფის კარის მანდატურთუხუცესი და თორ-ჯავახეთის ერისთავთერისთავი. შალვა ახალციხელის გმირობა ჯერ კიდეც 1195 წელს გამოჩნდა, როდესაც მან შამქორის ბრძოლის დროს წარიტაცა ხალიფას სეფე დროშა და დიდძალ ნადავლთან ერთად თამარ მეფეს მიართვა. თამარმა ეს დროშა შემდგომ გელათის მონასტერში დავანებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა.

შალვა ახალციხელი მოწამეობრივად აღესრულა და დღეს წმინდანად არის შერაცხული. მისმა მეომრულმა და მოწამეობრივმა სულისკვეთებამ განაპირობა ის, რომ ტაძარში უდიდესი ადგილი აქვს დათმობილი ქრისტეს სარწმუნოებისათვის იმ წამებულთა და მარტვილთა გამოსახულებებს, რომლებიც ძირითადად სამხედრო განაწესებას განეკუთვნებიან.

წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხატი დაბრძანებულია ტიმოთესუბნის ტაძარში, მისი სახელობის სამლოცველო კი იმყოფება იქვე, ეკლესიის მარჯვენა ეკვდერში. ტიმოთესუბნის ტაძრის ფრესკები შესულებულია 1205-1215 წლებში შალვა ახალციხელის მმართველობის პერიოდში.

ბეჭდვა
1კ1