წარსულის ძეგლები წარსულს ჩაბარდა?
წარსულის ძეგლები წარსულს ჩაბარდა?
შიდა ქართლში ბოლო დროს განვითარებულმა სამწუხარო მოვლენებმა დაღი დაასვა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. ამის შესახებ ცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური ვებ-გვერდით ავრცელებს: "ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის და გორის, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიების საჰაერო დაბომბვების, სახმელეთო შეტევების, განზრახ გადაწვისა და ძარცვის შედეგად დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი. მიყენებული ზარალის ზუსტი შეფასება შეუძლებელია, რადგან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიებზე ვერ ხერხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფების შესვლა".

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნგრევის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია, თუმცა არ გამორიცხავს მცირე ცვლილებებს. ცნობები ემყარება ადგილობრივი მოსახლეობის და მუზეუმების თანამშრომელთა მონათხრობს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოპოვებულ მონაცემებსა და სატელიტური ფოტომასალის საშუალებით UNOSAT-ის მიერ გაკეთებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების შეფასებას.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინვენტარიზაციის მიხედვით, ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულია 500-მდე ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლი.

მათ შორისაა XIX საუკუნის ხეითის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც დააზიანა 12 აგვისტოს ჩამოგდებულმა ჭურვმა. ძეგლის მძიმე დაზიანება დადასტურდა UNOSAT-ის დაზიანების შეფასების სქემის მიხედვით WORLDVIEW-1-ის საშუალებით 2008 წლის 19 აგვისტოს განხორციელებული სატელიტური ფოტოგადაღების შედეგად.

KARIBCHEიკორთის ეკლესია (XIIს.) ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლია. აქ არიან დაკრძალულნი ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. ეკლესია დაზიანდა 9-10 აგვისტოს ჩამოგდებული ჭურვების შედეგად.

ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი თამარაშენში. თანამშრომელთა ინფორმაციით, გაანადგურა დაბომბვებმა. UNOSAT-ი ადასტურებს ძეგლის სახურავის ჩრდილოეთ ნაწილის დაზიანებას, რვა მიმდებარე შენობის განადგურებას.

ეპისკოპოსის სასახლე ნიქოზში (X-XIს.ს.) - გვიანი შუა საუკუნეების სასახლის არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა რესტავრაცია. დღეს ძეგლი დამწვარი და განადგურებულია. მთავარეპისკოპოსის რეზიდენცია და სასახლის მიმდებარე მონასტერი დაიბომბა 9 აგვისტოს. მუზეუმის თანამშრომელთა ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა სრულიად გაანადგურა ძეგლი.

სოფელ ნიქოზის VI-X საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი მთელ კავკასიაში შუა საუკუნეების სასულიერო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია. დაზიანდა ჭურვის ჩამოდგების შედეგად. UNOSAT-ი ადასტურებს კომპლექსის 3 შენობის განადგურებას. ძირითადი ეკლესია ვიზუალურად ხელუხლებელია, თუმცა შესაძლებელია დაზიანებული იყოს.

მთლიანად დამწვარია სვერის წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია (XIXს.).

ქემერტის წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია
(IX-Xს.ს.) 10 აგვისტოს დაიბომბა. ვიზუალურად ძეგლის ნგრევა არ ჩანს, თუმცა მის გარშემო 100 მეტრის რადიუსში დანგრეულია შენობები. მოსახლეობის ინფორმაციით, ეკლესიის ტერიტორია დანაღმულია.

KARIBCHEახალგორში მდებარეობს ქსნის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი (ერისთავის სასახლე). მუზეუმი ამჟამად ოკუპირებულია. არის ინფორმაცია, რომ გაიძარცვა.

10 აგვისტოს გაიძარცვა დიდი ლიახვის მუზეუმ-ნაკრძალი.

არქიტექტორებისა და ძეგლთა დაცვის ექსპერტების ცნობით, უძველესი შენობების გარშემო 100 მ რადიუსში მომხდარი აფეთქება დიდ საშიშროებას უქადის ძეგლებს:

XVII საუკუნის კეხვის წმინდა გიორგის ეკლესიას, IX საუკუნის ქურთის წმინდა გიორგის ეკლესიას, XVI საუკუნის აჩაბეთის ციხესიმაგრეს, სოფელ ქურთაში XVIII საუკუნის გიორგი მაჩაბლის სასახლეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადოდ შეაფასონ შექმნილი ვითარება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები საქართველოს უნიკალური ისტორიული ძეგლების შემდგომი განადგურების თავიდან ასაცილებლად.
ბეჭდვა
1კ1