ჭიათურაში წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარი შენდება
ჭიათურაში წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარი შენდება
საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიაში, მეუფე დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარი შენდება. წმინდა მამის ტაძრის საძირკველი ჭიათურაში, ერთ-ერთ ძველ უბანში, ლეჟუბნის დასახლებაში მეუფე დანიელმა რამდენიმე ხნის წინ აკურთხა. მეუფე დანიელის ლოცვა-კურთევით ეპქარიის მშენებლობის წარმომადგენელია, ამავე ეპარქიაში მოღვაწე მღვდელსმსახური, მამა თეიმურაზ რუხაძე. მამა თეიმურაზი და დეკანოზი თადეოზ სარალიძე, წმინდა მამის სახელზე პარაკლისებს აღავლენენ.

-როდესაც მეუფემ ტაძრის საძირკველი აკურთხა, თქვა: დღე არ გავა, რომ მამა გაბრიელს ამ ტაძრის აღშენება არ ვთხოვო. მეუფის ლოცვა ყოველთვის გვეწევა. გვჯერა, რომ მეუფის და თითოეული ჩვენთაგანის ლოცვას ღმერთი შეისმენს. "კარიბჭის" საშუალებით დავლოცავ იმ ადამიანებს, ვინც ტაძრის მშენებლობისათვის შემოწირულობა გაიღო. ღმერთმა დალოცოს ის ადამიანები. უფალს ვთხოვ, ბოლომდე შეძლონ ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა. ყველა ჭიათურელს ვუხდი მადლობას. ვთხოვოთ მამა გაბრიელს დალოცოს ქართველი.

KARIBCHE KARIBCHE

მამა თეიმურაზი სოფელ ტყემლოვანის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. მეუფე დანიელის კურთხევით მსახურობს ასევე რამდენიმე სოფელში. ესენია: მანდაეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი, სოფელი მეჩხეთური, ჩხირაული, ნიგოზეთი, გუნდაეთი. ამ ხუთივე სოფელში ყველგან არის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარები. ყველა ქართველი ადამიანის სიყვარული დაკავშირებულია წმინდა გიორგისთან და იმერეთშიც განსაკუთრებით უყვართ წმინდა გიორგი. ყველა სოფელში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ნიში და სალოცავია. როგორც მამა თეიმურაზმა მითხრა, მისთვის დიდი პატივია ამ სოფლებში მსახურება.
-როდესაც ავდივარ სოფლებში, ვხედავ მოსახლეობაში სასულიერო პირი მათი ერთადერთი იმედი რომ არის. მოსახლეობას ძალიან უჭირს, როგორც სულიერად ასევე მატერიალურად. იცლება სოფლები... ღვთის შეწევნით და მეუფე დანიელის დახმარებით შევძელით ამ სოფლებში სულიერი მოღვაწეობა გამოგვეღვიძებინა,-თქვა მამა თეიმურაზმა.

KARIBCHE

-მამაო, რატომ გადაწყდა წმინდა გაბრიელ ბერის სახელზე ტაძრის აშენება?

-როდესაც ვბჭობდით ტაძარი ვისი სახელობის უნდა ყოფილიყო, ღვთის განგებით არჩევანი წმინდა გაბრიელზე შეჩერდა. განიხილებოდა სხვადასხვა წმინდანის სახელი, მაგრამ ღვთის განგებით, უფალმა დედა ელენეს (ნაფეტვარიძე), შთააგონა და მან მეუფეს შესთავაზა, ტაძარი წმინდა მამა გაბრიელის სახელზე აეშენებინათ, რამაც მეუფეში და იქ მყოფ ადამიანებში დიდი სიხარული გამოიწვია. ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე ძალიან შეიყვარა მამა გაბრიელი. ღვთის შეწევნითა და წყალობით, გარდაცვალების შემდეგ გაბრიელ ბერის სახელი ძალიან განდიდდა. მეუფე დანიელს ახლო კავშირი ჰქონდა მამა გაბრიელთან. იცით, რომ მამა გაბრიელს სიკვდილის წინ სულის გასვლის ლოცვები მეუფე დანიელმა წაუკითხა, წესის აგებაც მეუფე დანიელმა შეასრულა.

KARIBCHE

მეუფე ძალიან აქტიურად არის ტაძრის მშენებლობაში ჩართული. მეუფის კურთხევით მოვიწვიეთ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოდან არქიტექტორი დავით სვანიძე, რომელმაც შექმნა შესანიშნავი პროექტი. ტაძარი, ტაო-კლაჯეთში მდებარე ბანის ტაძრის ანალოგი იქნება. ჭიათურაში არის XI საუკუნეში აგებული კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია, რომელსაც შარშან შეუსრულდა აგებიდან ათასი წელი. ამ ორი ტაძრის სტილზე აიგება საკმაოდ დიდი ზომის წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარი.. მთელი მოსახლეობაა ჩართული ამ კეთილშობილურ საქმეში. ღვთის იმედი გვაქვს, რომ თქვენი ჟურნალის დახმარებით ბევრი ადამიანი გაიგებს და სურვილი ექნებათ მიიღონ ტაძრის მშენებობაში მონაწილეობა. მამა გაბრიელი ქართველ ხალხს ეკუთვნის. გვჯერა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ მამა გაბრიელის სახელზე ტაძარი ავაგოთ. ყოველ ორშაბათს მამა გაბრიელის სახელზე პარაკლისს ვიხდით. ჩვენს რაიონში უამრავი სასწაული მოხდა. ერთი კვირით ოჯახებში მოგზაურობს მამა გაბრიელის ხატი და სახლებს ვაკურთხებთ. ერთ ოჯახს შვილი არ ეძლეოდათ და წმინდა მამის შეწევნით მოუგვარდათ ეს პრობლემა. ერთ-ერთ ოჯახს საპყრობილეში ყავდა ოჯახის წევრი. როდესაც მის ოჯახში მივაბრძანეთ მამა გაბრიელის ხატი, ერთი კვირის თავზე მოულოდნელად გაუთავისუფლეს შვილი. ბევრი მნიშვნელოვანი სასწაული მოხდა. დიდი სასწაულებიც იყო, რომელზე საუბარსაც ჯერჯერობით მოვერიდებით. ამ სასწაულებიდან გამომდინარე, ღრმად გვწამს, რომ უფალი მოგვცემს შევძლოთ დიდებული ტაძრის აშენება.

KARIBCHE

გთხოვთ, შეეწიოთ წმინდა გაბრიელის ტაძრის მშენებლობას.

საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი

GE39BG0000000791843700

მამა თეიმურაზი

551 424237

ზვიად ცაბაძის ფოტოები

ბეჭდვა
1კ1