ეს ადგილი უფალმა ბერებისათვის გამოარჩია
ეს ადგილი უფალმა ბერებისათვის გამოარჩია
- ათონი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც მართლმადიდებლური აღმსარებლობის მოწესეების მიერ საბერო ნახევარკუნძულ-ქალაქია გაშენებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა მოწესეობის საცხოვრებლები, რომელიც უხვადაა ათონის მთაზე, ბერული ცხოვრების უნიკალურ მრავალფეროვნებას უყრის თავს, რის გამოც ამ ადგილს სამართლიანად ეწოდა "წმიდა მთა",-გვესაუბრება წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის ტაძრის მღვდელმონაზონი მიქაელი (ბრეგვაძე).

დღესაც შეხვდებით(განსაკუთრებით პროტატში) ამ საპატიო სახელის წოდებებით წარმოებულ მიმართვებს: წმიდაო პირველო(Άγιε Πρώτε), წმიდაო წინამღძვარო(Άγιε Καθηγούμενε) წმიდაო დიაკონო(Άγιε διάκονε), წმიდაო ზემდგომო(Άγιε Επιστάτε), წმინდაო რწმუნებულო(Άγιε αντιπρόσωπε) და ას.შ. ამ დიდებულმა მთამ, უწყვეტი მსახურების შედეგად, შეინარჩუნა მრავალი ძველი საბერო წეს-ჩვეულება.

KARIBCHE

აქ შეხვდებით ძველი ტიპის ლავრა-სავანეს, წმიდა ანას სკიტის სახელით, რაც მრავალი ვანისაგან შემდგარ ერთ დიდ სავანეთს წარმოადგენს, რომლებიც ბილიკებითა და ორღობეებითაა დაკავშებული სალოცავ ტაძარ-კირიოაკონს, სადაც უძველესი ტრადიციის მიხედვით ბერები საკვირაო ჟამის-წირვაზე საერთო შეკრებით ლოცულობენ და ახალი სახეობის ლავრა-მონასტერს, რომელიც ვან-კელიების ნაცვლად, აერთიანებს და მართავს მრავალ სამარტოოს, უდაბნოს, ქვაბხევს, პარეხს, საგანდეგილოს, განსაშორისს, საყუდარს და ა.შ. პირველად, ათონის მთის სახელი, ყველაზე მნიშვნოლოვანი და თაყვანსაცემი ფასეულობის სახელით ტივტივდება ისტორიის ზედაპირზე - ბერების საყდარი(Καθέδρα των Γερόντων), რაც მის ერთობას, თანაგამოცდილებას, ჩვეულებას, თვითმმართველობას და თვითუფლებრიობას გადმოსცემს, რასაც დღეს ათონელები თვალისჩინივით უფრთხილდებიან. სწორედ ამიტომ, ათანასე ათონელი, მას შემდეგ რაც სამღვდელო წირვას აწესებს ხარების მთავარ ტაძარ-კათოლიკონში, რათა არ დარღვეულიყო საბერო წესი საეკლესიო იერარქიული სტრუქტურის შემოტანით, აწესებს, რომ არცერთი სასულიერო და საერო ხელისუფალი არ უნდა ჩაერიოს და დაეუფლოს ლავრა-მონასტრის მმართველობას, სარწმუნოებრივი ან სახელმწიფოებრივი მიზეზებით. ამრიგად, დღეისათვის, მრავალსაუკუნოვანი ათონის მთის მონასტრის სახელ-სტატუსი ასე განისაზღრება: სუვერენული ("Κυρίαρχης"), სამეფო ("Βασιλική "), სამამათავრო ("Πατριαρχική "), სტავროპიგეალური ("Σταυροπηγιακή "). დღესაც შეხვდებით ათონის მონასტრებში, ჯერ კიდევ პახუმი დიდს მიერ დაწესებულ მონასტრის ჩარჩოებში არსებული საბერო რიგის პატივისცემას. აქ, მონასტერში მოსული მღვდელი, მხოლოდ წირვის აღსრულებისას სარგებლობს უპირატესობით, ხოლო წირვის შემდეგ: ლოცვა-კურთხევას, წმიდა ხატებზე და მოწამეთა ნაწილებზე თაყვანისცემას, უხუცესთა კრებაზე სიტყვის თქმის უფლებას და ა. შ. მონასტერში მოსვლისა და აღკვეცის რიგის მიხედვით ახორციელებს. მორჩილებასაც, უძველესი მონასტრების ადათით, არა ერთპიროვნულად, მხოლოდ წინამღვარი, არამედ უხუცესთა საერთობო იძლევა, რათა მორჩილება, უფლის შემდეგ, მრავალი ადამიანისადმი პასუხისმგებლობაცაა და არა ერთი პიროვნების ნება-სურვილზე დამყარებული გარიგება. რამოდენიმე დაუვიწყარ ამბავს მოვესწარი,- ერთ დღეს, ათანასე დიდის ლავრაში, წინამძღვარი შემოვიდა და მთავარ ტრაპეზარს სთხოვა, მასთან მოსული მომლოცველებისათვის გზად ოთხი პური მიეცა, მონასტრის სასადილოს მთავარმა გამგემ, უდიდესი მოკრძალებით უპასუხა,- მოძღვარო, მხოლოდ ორი პურის მოცემა შემიძლია, რადგან პურის გამოცხობა ხუთშაბათს უწევს და სავარაუდოდ საძმოს მოაკლდებაო. ამ სიტყვებზე, ათონის მთის უპირატესი ლავრის წინამძვარმა უპასუხა, რა თქმა უნდა, იყოს ორი პური, როგორც შენ ჩათვლი სწორად და საჭიროდო. ასეთი ტიპის საუბარი, ძნელად წარმომიდგენია იმ ადგილებში, სადაც საერთო პასუხისმგებლობა, პირადული უფლებრიობითაა ჩანაცვლებული.... ათონის მთის ცხოვრების უნიკალურობაც ამაში მგომარეობს, აქაური მაცხოვრებლების გამოცდილება, სწორედ ასეთი სიყვარულის მაგალითებითაა ნამემკვიდრევი და გამდიდრებული.

KARIBCHEწმინდა მთაზე რამოდენიმე სახეობის მონაზვნობით ცხოვრებულთა წესი ცოცხლობს, განსაკუთრებით, ზოგადცხოვრებულთა(საზოგადო(κοινοβίων)) და თვითცხოვრებულთა(ιδιορρύθμων). ძირითადად, ამ ორი წესის ფარგლებშია თავმოყრილი სხვა მრავალსახე ლოცვა-მსახურებები. ათონის მთაწმინდაზე ყველა მონასტერსა თუ სენაკს საკუთარი ლოცვის გამოცდილება აქვს, აქ ყველა კარს უკან ლოცვა-გალობას გაიგონებთ, ყოველი ადგილი და ვანი საკუთარი მონდომებითა და შესაძლებლობებით ცდილობს ზეციური ქვეყნის მკვიდრობა დაიმსახუროს და ლოცვა მიაწვდინოს ღვთის ნების შემძლე ზეცას. ერთ საინტერესო ამბავსაც გავიხსენებ, ერთხელ კარიონში მიმავალ გზაზე ბილიკი ამერია, შორი გზით მომიწია გადასვლა, გზად პატარა მონიდრიოს ჩავუარეთ, სადაც ერთი ბერი შემომხვდა და ვთხოვეთ ჩვენი დამაშვრალობა დაერწყულებინა, რა თქმა უნდა წყალი თავაზიანად მოგვართვეს. შევანჩნიე რომ ტუჩებზე ლოცვა მოძრაობდა, როცა ვემშვიდობებოდი, გზის დალოცვა ვითხოვე, პასუხად კი მივიღე "ჩემი მოძღვრის ლოცვით ღმერთმა გზა დაგილოცოთო". მყისიერად სიხარულმა გადამკრა, ძნელი არ იყო მამათა სწავლებებში ასეთი დარიგებების უხვად გახსენება, თუმცა მართლა უფლის წყალობა იყო, ასეთი მაგალითების ცოცხლად ნახვა და განცდა... სხვა შემთხვევაც გამახსენდა... ერთ დღეს, ათონზე უცნობმა პირმა დარეკა და გამოაცხადა, რომ კავსოკალივში(ქოხის გადაწველიში) ცეცხლს გააჩენდა. სიფრთხილის მიუხედავად , ცეცხლი საწვავის ფარდულში მოუკიდეს და ტყეს სწრაფად გადაედო. ლავრის ანდიპროსოპ მ. ნიკოდეთან და ივერონელ არსენისთან ერთად სახანძრო მანქანებს გზა ვაჩვენეთ და ცეცხლის კერისაკენ გავეშურეთ. ამას სახანძროს განაცხადიც დაემატა, რომ ყველა სახანძრო შოუმფრენის მფრინავი დაკავებული იყო და მხოლოდ პონტიელი რუსი პილოტი ქალი გამოაგზავნეს ხანძრის ჩასაქრობად. ცეცხლთან ერთად, ათონელების უკმაყოფილება თანდათან მატულობდა. ბერები ყველა სალოცავიდან მოდიოდნენ დასახმარებლად. მალევე შებინდდა და მომეტებულმა კვამლმა ადგილ-მდებარეობა დაგვაკარგინა, ამ დროს დავინახე ერთი ბერი, რომელიც, ცეცხლის ხაზის მხრიდან, კვამლში გამოვიდა და ჩვენი მიმართულებით წამოვიდა, მოახლოვებისას მ. ნიკოდემოსმა და მ. არსენიმ კითხეს, რა მდგომარეობააო, წავიდეთ იქით თუ საშიშია და არ გვირჩევო, ხომ მშვიდობააო... ბერმა ხმა არ გასცა, გვერდი აუარა და წავიდა. მამებს საყვარლად გაეღიმათ და გზა გააგრძელეს, მე კი აღარ მოვეშვი,-ვერ გავიგე რა მოხდა, მეთქი?! მიპასუხეს, ეს ბერი მდუმარეთა კელიიდან არის და ახლა, აქაურობა, სულ რომ გადაგვიწვას ხმას არ ამოიღებენო , უკან გავიხედე და მხოლოდ მისი ლანდიღა იკარგებოდა კვამლსა და სიბნელეში... მართალი ვთქვა, იმ დღეს ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო დღე დამიღამდა...

KARIBCHE

ძალიან რთულია ათონზე მოკლედ რამის თქმა, როგორც გიორგი მთაწმინდელი იტყოდა: "ეს ადგილი უფალმა ბერებისათვის გამოარჩია". წმიდა მთაზე არავინ ქორწინდება, აქ, არ მრავლდებიან და არ იბადებიან ბავშვები, თუმცა ათონი არასოდეს დაცარიელებულა, ყოველთვის მოუკლებელად ივსება უფლისაკენ მოწადინებული, ზეგარდამო კვალადშობილი, ზეციური ფერიცვალებით გაბრწყივებული მრავალი სულით. ინებოს უფალმა, რომ ქართველები მომრავლებულიყვენ ათონზე და მომავალში დაებრუნებინოთ და ჰქონოდეთ საკუთარი ისტორიული ადგილი, ამ წმინდა და დიდებულ მიწა-წყალზე.


ბეჭდვა
1კ1