მხოლოდ სინანული და ღვთისკენ მოქცევა თუ გვიშველის
მხოლოდ სინანული და ღვთისკენ მოქცევა თუ გვიშველის
ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ამა სოფლად თითოეულ ჩვენგანს თავისი ფუნქცია აკისრია. ამის კვალობაზე, ზოგი - საერო, ზოგი კი სასულიერო ცხოვრებას ირჩევს, ღმერთთან სიახლოვის სურვილით მონასტერში მიდის და საკუთარი თავის უარყოფა და მხოლოდ ღვთის ნების თანახმად არსებობა მათი ცხოვრების წესად იქცევა.

ბერმონაზვნის გარეგნული იერი ერისკაცს, ერთი შეხედვით, კრძალვასა და მორიდებას შთაუნერგავს, მაგრამ საკმარისია, გული გაუხსნათ და გულღიად გაესაუბროთ, რომ ყოველგვარი დაძაბულობა და ბარიერი ქრება.

ჩვენ მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერს ვეწვიეთ, რომლის წინამძღვარიც იღუმენია მარიამი (მიქელაძე) გახლავთ. დედა მარიამის კურთხევით, სამონაზვნე მაკრინეს (ყურაშვილს) გავესაუბრეთ.

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მარტყოფში დედათა მონასტერი დაარსდა. შენობა, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ადრე პატრიარქის რეზიდენცია იყო, 90-იანი წლებიდან კი აქ მონასტრული ცხოვრება დაიწყო. როცა პატრიარქმა მონასტრის დაარსება გადაწყვიტა, სამთავროს დედათა მონასტრიდან რამდენიმე მორჩილი გადმოიყვანა. რამდენიმე ხნის შემდეგ დედათა რიცხვი გაიზარდა. ბევრნი არ გახლავართ, დაახლოებით ცხრანი ვართ - სამი მონაზონი, ორი სამონაზვნე და მორჩილები.

- დედა მაკრინე, რა უნდა იცოდეს ადამიანმა, ვიდრე მონასტრულ ცხოვრებას შეუდგება?

- პირველ რიგში, კარგად უნდა იცოდეს, რა სურს, ესმოდეს მონაზვნობის მნიშვნელობა, ვინაიდან ეს გზა საკუთარი თავის უარყოფაა. თუ ადამიანმა ბოლომდე ვერ გაიაზრა თავისი განზრახვა და მტკიცე გადაწყვეტილება არ მიიღო, შეიძლება, მიზანს ვერ მიაღწიოს.

- როგორია თქვენი ცხოვრების წესი?

- დილით, 4 საათზე, ვიწყებთ ლოცვას. შემდეგ პირად კანონებს ვასრულებთ. ჩვენთან მორჩილებები იცვლება ხოლმე, ამიტომ მორიგეობა გვაქვს დაწესებული. ლოცვის შემდეგ, დაახლოებით 8-დან 10 საათამდე, მორჩილებაა. დღეში ორჯერ ვიკვებებით - ათზე და ოთხზე. ტრაპეზის შემდეგ, ორ საათამდე, კვლავ მორჩილებები გრძელდება. გვყავს საქონელი, შინაური ფრინველი, ვამუშავებთ მიწას. ეს ჩვენი მცირე მეურნეობაა. მერე წმიდა გიორგის დაუჯდომლის წაკითხვის დრო მოდის - ჩვენი ტაძარი ამ წმინდანის სახელობისაა.

- გული თუ გწყდებათ ამ სოფლის დათმობის გამო?

- როცა ადამიანი იქ მიდის, სადაც, გრძნობს, რომ მისი ადგილია, გულიც აღარ სწყდება. რაც უფრო მეტად მოღვაწეობ ღვთის გულისათვის და ცხონებისთვის, მეტ მადლს გაძლევს უფალი და ეს მადლის სისავსე გულის დაწყვეტასა და სინანულს გამორიცხავს.

- ტრადიციულად, მონასტრები ქალაქიდან მოშორებით შენდებოდა. დღესაც ასეა?

- დიახ, ასე გახლავთ. ეს იმისთვის, რომ სოფლის საზრუნავი მონასტრულ ცხოვრებაში არ შემოიჭრას. მონასტრებში ისეთი გარემო უნდა იყოს, რომ ადამიანის სულიერ ზრდასა და განვითარებას შეუწყოს ხელი. ამიტომ მონასტრები, ტრადიციულად, მთაში, ტყეში, მიუვალ ადგილებში შენდებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებ, გარემოზე აღარ უნდა იყო დამოკიდებული. მორჩილება სულიერი წინამძღვრისა, ვინც ადამიანის სულიერ ცხოვრებას განაგებს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველგვარი განსაცდელისგან დაგვიცავს.

- იმის უფლება თუ აქვს მონაზონს, რომ მოძღვრის შეცდომაზე მის წინაშე აღიაროს?

- უცოდველ კაცს ამქვეყნად ვერ ნახავთ. ყოველი ჩვენგანი ცოდვისკენ არის მიდრეკილი. უცოდველი მხოლოდ უფალია. მოძღვარიც არ არის შეუცდომელი. ცოდვის ჩადენის სურვილს მასაც აღუძრავს ბოროტი. სადაც მეტი სიწმინდეა, იქ ბრძოლაც მეტია. ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, არ განვიკითხოთ მოყვასი. ეს ნებისმიერ ადამიანზე ითქმის, მით უმეტეს, მოძღვარზე. მათი განკითხვის უფლება არ გვაქვს. თუ შეგვიძლია, შევიწყნაროთ მისი უძლურება, თუ არა და, ამას სააშკარაოზე მაინც ნუ გამოვიტანთ.

- როგორ უნდა ვებრძოლოთ განკითხვას?

- მაგალითად, როცა ერთი ადამიანის საქციელი არ მოგწონს, მეორეს არ უნდა უთხრა. სხვას არ უნდა მისცე შესაძლებლობა, ვიღაცის ცოდვის თანაზიარი გახდეს. როცა ენით, სიტყვით აღარ განიკითხავ, თანდათან გონებით განუკითხველობასაც ეჩვევი. განკითხვა ღვთის საქმეა. ადამიანს არა აქვს უფლება, ღვთის განგებულებაში ჩაერიოს.

- რა საცდურთა დაძლევა უწევს მონაზონს?

- წმიდა მამები ამბობენ, რომ მონაზონს მეტი ბოროტი ებრძვის, ვიდრე ერისკაცს, თუმცა ეს ბრძოლაც სხვადასხვაა იმისდა მიხედვით, რომელი ცოდვისკენ უფროა მიდრეკილი ადამიანი.

- დედა მაკრინე, სათნოა თუ არა უფლისთვის, როცა მონასტერში ისეთი ადამიანი მიდის, ვისაც ოჯახი ჰყავს?

- ღვთისგან ორივე გზა ნაკურთხია. პავლე მოციქული ამბობს, სჯობს ისე იყოთ, როგორც მე ვარო (იგი უბიწოებაში ცხოვრობდა), მაგრამ თუ არ ძალგიძთ, იცოდეთ, რომ ღმერთმა ქორწინების, მეუღლეობის გზაც აკურთხა. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ შეუძლია საკუთარი ძალისხმევით მივიდეს ღმერთთან, მონაზვნობას ირჩევს. არიან ისეთებიც, რომელთაც ღმერთთან მისასვლელად სხვისი დახმარება სჭირდებათ. ისინი ერთმანეთის უძლურების ტვირთვით, ურთიერთის სიყვარულით უფრო იოლად მივლენ უფალთან. ეს არის ჭეშმარიტი ოჯახი - ერთი სული ორ სხეულში. უფალმა აკურთხა ქორწილი გალილეის კანაში და პირველი სასწაულიც იქ აღასრულა - როცა მექორწინეებს ღვინო შემოაკლდათ, უფალმა წყალი ღვინოდ გადააქცია.

- ბევრს ჰგონია, რომ მონასტერში ის ხალხი მიდის, ვისაც საერო ცხოვრებაში არ გაუმართლა ან რაიმე ტრაგედია გადახდა თავს...

- მართალი ბრძანდებით, რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ მონასტერში პირადი უბედურების შედეგად მიდიან. ჩვენს დროში ასეთი რამ ძალიან იშვიათია. ეკლესიაში კი ადამიანი ხშირად მართლაც ტრაგედიის შემდეგ მიდის. რაც უფრო მეტად გაიაზრებ, რას მოიცავს ჩვენი სარწმუნოება, იმდენად მეტად შეგიმსუბუქდება ცხოვრება და აღარც აღქმა იქნება ტრაგიკული. როცა ადამიანი სულიერ წონასწორობას აღიდგენს და ამ დროს მონაზვნობას გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, ეს აღარ არის მწუხარების გამო ცხოვრებაზე უარის თქმა, - ეს სავსებით გააზრებული ნაბიჯია.

- თქვენს გადაწყვეტილებაზე თუ მოახდინა გავლენა პირადმა განსაცდელმა? ცნობილია, რომ თქვენი ძმა, მამა ანდრია, აფხაზეთში მოწამებრივად აღესრულა...

- ჩვენი ოჯახიდან პირველად ჩემი ძმა, მამა ანდრია, გახდა მორწმუნე. 90-იან წლებში წავიდა და აჭარაში, სხალთის მამათა მონასტერში, დამკვიდრდა, სადაც გაიცნო მეუფე დანიელი. იმ დროს მეუფე არქიმანდრიტი იყო და ხულოს სასწავლებელი ჰქონდა ჩაბარებული. იქ გახდა მამა ანდრია მისი სულიერი შვილი, ხოლო როცა მეუფე დანიელს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ჩააბარეს, აფხაზეთში გაჰყვა. 1993 წლის დიდმარხვის დასაწყისში კომანის იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა, რამდენიმე თვის შემდეგ კი აღესრულა. მისი ცხედარი იური ანუას (კომანის ტაძრის აღმდგენელის, ეროვნებით აფხაზის) მეუღლემ და ქალიშვილმა მიაბარეს მიწას. წესისამებრ, ის საბერო შესამოსლით დაიკრძალა კომანის ტაძრის ეზოში, მისი ანაფორა, ოლარი და სამაჯურები კი ოჯახს გამოუგზავნეს.

- ამის შემდეგ წახვედით მონასტერში?

- მთელი ოჯახი ამ ამბის შემდეგ მოვედით ეკლესიაში.

- სულ რამდენი დედმამიშვილი ხართ?

- შვიდი დავრჩით - ხუთი და და ორი ძმა. უფროსი, მამა იოანე, მღვდელია და მსახურობს ბაღდათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში (ჩვენი ოჯახიც იქ ცხოვრობს). მეორე ძმა, ბერი ელიზბარი, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერშია. ერთი და, სამონაზვნე ვასილისა, სამთავროშია. მამა ანდრიას ჩათვლით, ოჯახში ხუთი სასულიერო პირი ვართ.

- რამდენი წელია, ამ გზას დაადექით?

- ცხრა წელია, მონასტერში ვცხოვრობ. მამა ანდრიას გარდაცვალებისას 14 წლისა ვიყავი. მაშინ უკვე ვფიქრობდი მონაზვნობაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ სასულიერო აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ჩავაბარე. საბოლოოდ მონასტერი ავირჩიე...

- რას გვეტყვით საუბრის დასასრულს?

- აფხაზეთი ჩემთვის დიდი ტკივილია. სულ აფხაზეთის დაბრუნებაზე, იქაური სიწმინდეების მოლოცვაზე, მამა ანდრიას საფლავის ნახვაზე ვოცნებობ. მინდა, ადამიანებს არ დაავიწყდეთ, რომ საქართველოს ძირძველი კუთხე მოჰგლიჯეს, ეს ყველაფერი კი ჩვენი ცოდვების შედეგია. მხოლოდ სინანული და ღვთისკენ მოქცევა თუ გვიშველის.
ბეჭდვა
1კ1