წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის "ლურჯი მონასტრის" სახელით ცნობილმა ტაძარმა სახელწოდება ლურჯად მოჭიქული გადახურვის გამო მიიღო
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის "ლურჯი მონასტრის" სახელით ცნობილმა ტაძარმა სახელწოდება ლურჯად მოჭიქული გადახურვის გამო მიიღო
დედაქალაქში მდებარე ლურჯი მონასტერი XII საუკუნის მიწურულს ადრინდელი ეკლესიის ადგილას აუშენებიათ. ტაძრის კედელზე ამოტვიფრული ვრცელი წარწერის თანახმად, ეკლესიის ამშენებელი ყოფილა "უღირსი ბასილი, ქართლისა მთავარეპისკოპოსყოფილი", თამარ მეფის დროინდელი პოლიტიკური მოღვაწის, აბულასანის ძმა. ლურჯი მონასტერი თავდაპირველად გუმბათოვანი ეკლესია იყო, უახლოვდებოდა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართლის სხვა ტაძრებს (ბეთანია, ქვათახევი). XVI ან XVII საუკუნეებში ძლიერ დაზიანებული ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს და შიდა სივრცეს ბაზილიკის იერი მიანიჭეს. 1873 წელს ეკლესია კვლავ აღადგინეს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტერის სახელით ცნობილმა ტაძარმა სახელწოდება ლურჯად მოჭიქული გადახურვის გამო მიიღო.
გადმოცემით, ამ ადგილას VII საუკუნეში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერი დაარსდა. წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესია 1180-იან წლებში ქართლის ყოფილი მთავარეპისკოპოს ბასილის მიერაა აგებული. XVI საუკუნეში სპარსელების მიერ დანგრეული ტაძარი ერთი ასწლეულის შემდეგ აღსდგა. XVIII საუკუნეში იგი გაბაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. რუსეთის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ტაძარი ძლიერ დაზიანდა, ამის გამო წირვა-ლოცვა გაუქმდა და იქ დენთის საწყობი იყო.
1858 წელს დადგა საკითხი ეკლესიისთვის მისი პირვანდელი ფუნქციის დაბრუნების შესახებ. 1860 წელს დეკანოზ გრიგოლ ჭრელაშვილისა და ინჟინერ-ტექნოლოგ ფონ-ბიჰოლდის მიერ საქართველო-იმერეთის სინოდურ კანტორაში წარდგენილ დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ტაძარი მხოლოდ მცირე შეკეთებას საჭიროებდა, რათა მასში ღვთისმსახურების აღდგენა ყოფილიყო შესაძლებელი. სამხედრო უწყებამ ნაგებობა მხოლოდ 1871 წელს გაათავისუფლა.
მალევე ტაძრის რესტავრაცია დეკანოზ იოანე ბასხაროვის ხელმძღვანელობით საეპარქიო არქიტექტორ ჩიჟოვის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ეკლესიას დაადგეს რუსული ,,ხახვისებრი~ გუმბათი, რომელიც არ შეესაბამებოდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ფორმებს და ტაძრის იერსახეს მთლიანად ცვლიდა. 1873 წელს ეკლესია ხელმეორედ ეკურთხა და წირვა-ლოცვა აღდგა.
საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 1990 წელს ღვთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა. ლურჯი მონასტრის ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი დავით შარაშენიძე.
შეგვეწიოს წმინდა ანდრია პირველწოსებულის მადლი!

ბეჭდვა
1კ1