"ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი..."
"ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი..."
"იბრძოლეთ თქვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და ჩვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო"
"ღმერთო, განამტკიცე და განაძლიერე ჩვენი წმიდა სამოციქულო ეკლესია და მღვდელმსახურნი მისნი, ყვენ იგინი ნათელ ერისა, აღადგინე ტაძარნი და მონასტერნი ჩვენნი და შეგვკრიბე საფარველსა ქუეშე შენსა! გარნა რა გთხოვო, უფალო, მათთვის, რომელნი უარგყოფენ შენ, რომელნი ვლენან გზასა ცთომილთასა? გეაჯები, შეიწყალენ იგინი, მოაქციე და მრევლსა შენსა შეუერთე: "რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს".

ყოვლადწმიდა სამებისადმი აღვლენილი ეს სავედრებელი ერის სულიერ მოძღვარს, მის უწმინდესობას ილია მეორეს ეკუთვნის, რომლის ქადაგებები, ეპისტოლენი და საღვთო შეგონებანი უდიდესი მადლით არის აღვსილი, რადგან ყოველი მათგანი ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზეა აღმოცენებული, ჰუმანიზმისა და სათნოების უმაღლეს იდეალს ემყარება და, ამასთან, სწორ, ამომწურავ პასუხს გვაძლევს თანამედროვეობის არაერთ აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხზე.

"რთულია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განვვლოთ, რადგან ადამიანს ცოცხალი რწმენა სჭირდება და არა ფილოსოფიური იდეა ღვთაებრივის შესახებ..." - გვასწავლის ბრძენი პატრიარქი, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად, თითქოს ერთგვარი წუხილითაც, შეგვახსენებს, რომ მას, ღვთის ნებით, წინამორბედ პატრიარქებზე ხანგრძლივად უხდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ესოდენ მაღალი და, ამასთან, უმძიმესი ჯვრის ტვირთვა.

თუმცა ამ ხნის განმავლობაში მან მართლაც ბევრი რამ შეძლო: მისი უწმინდესობის, ილია მეორის სახელს უკავშირდება ჩვენი ეკლესიის საერთაშორისო აღიარება - 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 1500-წლოვანი ავტოკეფალია; ქართულმა ეკლესიამ სამი საუკუნის შემდეგ, სწორედ მისი მწყემსმთავრობისას, აღადგინა წმიდანთა კანონიზება და ჯერ კიდევ ათეისტურ სახელმწიფოში წმიდანად შერაცხა ერისა და სარწმუნოებისთვის თავდადებული ადამიანები, რომელთა რაოდენობა უკვე რამდენიმე ათეულს გადასცდა. პირველი მათ შორის იყო ერის მამად აღიარებული ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ქართველ წმიდანთა დასში წმიდა ილია მართლის სახელწოდებით დაიმკვიდრა ადგილი; უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის პატრიარქობის წლებში აღდგა და კვლავაც დაიბრუნა სიცოცხლე ათწლეულების წინ უმოქმედოდ მიტოვებულმა ასობით და ათასობით ეკლესია-მონასტერმა, აიგო მრავალი ახალი ტაძარი, სასწავლო პროცესი განაახლეს თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიებმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიამ, ამოქმედდა სემინარიები და სასულიერო სასწავლებლები, გაიზარდა მღვდელმთავართა, ღვთისმსახურთა და ეპარქიათა რაოდენობა; რეგულარულად გამოიცემა საღვთისმეტყველო ლიტერატურა და მართლმადიდებლური ჟურნალ-გაზეთები, მცირე ფორმატის ჯიბით სატარებელი შვიდგზის ლოცვანი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის მიერ არის შედგენილი (მის უწმიდესობას ეს გამოცემა თავისი საქმიანობის უმთავრეს მონაპოვრად მიაჩნია); ყოველწლიურად მატულობს მრევლი ახალაშენებულ ტაძრებში...

მაგრამ, ქართველი ხალხის შეფასებით, უწმიდესის საპატრიარქო მოღვაწეობის გვირგვინი ელიას მთაზე აღმართული წმიდა სამების საკათედრო ტაძარია, რომლის მსგავსი არათუ საქართველოში, როგორც მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოს პირველმა ბრძანა, "მთელ მართლმადიდებელ სამყაროშიც კი არ მოიძებნება".

90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო ომებისგან გადაღლილი და ეკონომიურად დაუძლურებული ქართველი ხალხის მცირე ნაწილი სკეპტიკურად განეწყო ასეთი მასშტაბის მშენებლობისადმი. ამბობდნენ, რა დროს ამხელა ტაძრის მშენებლობაა, როცა ქვეყანას მატერიალურად ასე უჭირსო... ამ საკითხზე უწმიდეს ილია მეორეს მტკიცე პოზიცია ჰქონდა: "ისტორიულად ცნობილია, ქართველი ხალხი დიდი ტაძრის მშენებლობას სწორედ მაშინ იწყებდა, როცა ერს განსაცდელი დაუდგებოდა. ჩვენ დღეს სულიერად უფრო გვიჭირს, ვიდრე მატერიალურად. სამების ტაძრის აშენებამ სწორედ ამ სულიერი კრიზისის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელიო".

ერთადერთი საკითხი, რომელზეც განსხვავებული მოსაზრება არ გამოთქმულა, ტაძრის ასაგებად ელიას მთის შერჩევა იყო. "ალბათ, ღმერთმა დაგვანახა ყველას, რომ სწორედ ელიას მთა უნდა შერჩეულიყო მშენებლობისათვის, რადგან ეს ადგილი მართლაც შეუდარებელია თბილისში როგორც სივრცითი გადაწყვეტით, ასევე ქალაქიდან ტაძრის ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით", - ამბობდა ტაძრის ხუროთმოძღვარი ბ-ნი არჩილ მინდიაშვილი.

პლატონ იოსელიანის ცნობით, ელიას გორაზე, იმავე მახათას მთაზე, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დედაქალაქს, ადრეც მდგარა სალოცავი წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელზე, რაზეც მიგვანიშნებდნენ ეკლესიის ნანგრევები - აგურით ამოყვანილი შენობის ქვედა ნაწილი. მისი მოსაზრებით, სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს უბნის დასახელებაც. "კაბალჩიჩის ხევისა და რკინიგზის გადამკვეთ ტერიტორიას რკინიგზის გადაღმა მხარეს ელია ეწოდება", - წერდა "ცნობის ფურცელი". "მახათას მთის ძირას მე-17 საუკუნეში სასაფლაო ყოფილა, რომელსაც როსტომ მეფე თავის ერთ-ერთ დოკუმენტში ქალაქის სასაფლაოდ მოიხსენიებს. 1654 წელს მეფე როსტომს ბებუთაშვილების საგვარეულოს დამაარსებლის ზარბთუხუცეს ხოჯა ბეჰმუდასთვის სასაფლაოს გვერდით მიწა უწყალობებია, სადაც მას ღვთისმშობლის სახელობის საყდარი აუგია", რომელსაც თბილისელებმა ხოჯევანქი შეარქვეს. შემდგომში სასაფლაოსაც ამავე სახელწოდებით მოიხსენიებენ.

1902 წელს საქართველოს ეგზარქოსს დაუთვალიერებია მახათას გორაზე ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ილია თეზბიტელის სახელზე აშენებული ეკლესიის ნანგრევები და ადგილი ისე მოსწონებია, რომ ეკლესიის განახლების სურვილი გამოუთქვამს. ეს ადგილი თავად ბებუთაშვილებისგან შეუძენია თბილისის ერთ-ერთ მემამულეს კონსტანტინე ხოზლოვს, რომელსაც, ეგზარქოსის სურვილი რომ გაუგია, ეკლესიის ხარჯები და აღდგენის გეგმა თავად შეუდგენია და თავისი განზრახვა ეკლესიის განახლებისა ეგზარქოსისთვის განუცხადებია.

ხოჯევანქის ეკლესია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე მელიქის საყდრის სახელწოდებითაა მოხსენიებული.

წმიდა ელიას ქართული აპოკრიფული წყაროები ჭექა-ქუხილის, სეტყვის, წვიმის, გვალვის გამგებლად მიიჩნევენ, რომელიც ღმერთმა ცეცხლოვანი ეტლით აიტაცა ზეცაში, თავის მრავალრიცხოვან წმიდანთა ამალაში ჩარიცხა და ცა და ღრუბელი ჩააბარა.

ძველი თბილისისპირა სოფლების ჩუღურეთის, ავლაბრის, დიდუბისა და კუკიის მცხოვრებთა წარმოდგენით, როცა ელია წინასწარმეტყველის ეტლი ცაზე გაივლიდა, ჭექა-ქუხილიც მაშინ იწყებოდა. ღრუბელთმპყრობელი ელიას პატივსაცემად ხალხი კარდაკარ ჩამოივლიდა სიმღერით:

"დიდება და დიდება, ღმერთსა დიდება!
ღმერთო, მოგვე წყალობა, ღმერთსა დიდება!
ნუ აიღებ ჩვენზე ხელსა, ღმერთსა დიდება!
ჩვენო წმიდა ელია, რისთვის მოგიწყენია?
ჩვენი თეთრი ბერწი ფური შენთვის მოგვირთმევია -
აღარ გვინდა გორახი, ახლა გვინდა ტალახი.
დიდება და დიდება, ღმერთსა დიდება!"


ავდრიან ზაფხულში ლექსის ბოლო სიტყვები ასე იცვლებოდა: "აღარ გვინდა ტალახი, ახლა გვინდა გორახი..."

ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელი ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, წმიდა ენუქთან ერთად, კვლავ ხორციელად უნდა მოევლინოს კაცობრიობას, ამხილოს ჭეშმარიტების მტერი და აღასრულოს წინასწარმეტყველება. უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერად აღკვეცის დღიდან სწორედ ამ წმიდანის სახელს ატარებს.

წმიდა სამების ლავრის პროექტზე მომუშავე არქიტექტორებმა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ხის ეკლესიის აგებაც გაითვალისწინეს. სამების ტაძრის საძირკვლის ჩასხმის პარალელურად სულ რამდენიმე თვეში აღიმართა წაბლის ხისგან დამზადებული 12-მეტრიანი მცირე ტაძარი წმიდა ილიას სახელზე, რომელიც დაახლოებით 50კვ.მ ფართობს მოიცავდა. სამწუხაროდ, ამ ეკლესიამ წელიწადიც ვერ იარსება - ხანძრისგან დაიწვა. მიზეზი დღემდე გაურკვეველია. დილით ფერფლად ქცეული ტაძრის ხილვამ გააოცა მშენებლები. მათ მალევე შეძლეს, იმავე ადგილას წმიდა ილიას სახელზე ქვის ახალი ტაძარი აღემართათ.

წმიდა სამების ლავრის ტერიტორია, რომელიც 11 ჰექტარ მიწას მოიცავს, სხვა კომპლექსურ მშენებლობასაც ითვალისწინებს - სულ მალე აქ აშენდება საპატრიარქო, მამათა მონასტერი, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემია, სიწმიდეთა მუზეუმი, არქივი, წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის უფრო დიდი ტაძარი, სასტუმროები და სხვა დამხმარე ნაგებობანი.

"ბევრი დიდი საქმის გაკეთება შეუძლია ქართველ კაცს... საჭიროა ერთსულოვნება. იბრძოლეთ თქვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და ჩვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი და თქვენი ბასიანი", - მოგვიწოდებს უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც წმიდა სამების საკათედრო ტაძარს "ყოვლადწმიდა სამებისადმი ქართველი ხალხის შესაწირს", "ქართველი ადამიანის ავტოპორტრეტს" უწოდებს.

მშენებლობის დაწყებიდან ერთი ქვაც არ დადებულა უწმიდესის მონაწილეობის გარეშე, ამიტომ წმიდა სამების საკათედრო ტაძარი არა მხოლოდ ქართველი ადამიანის, არამედ, უპირველესად, ერის სულიერი მამის, ილია მეორის ავტოპორტრეტია... მისი სიტყვით, "ამ ტაძრით ქართველი ერი ქრისტეს მეორედ მოსვლას შეეგებება..."
ბეჭდვა
1კ1