მან ის ადგილი აირჩია, სადაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქართველს ღვთის სიტყვა
მან ის ადგილი აირჩია, სადაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქართველს ღვთის სიტყვა
ღვთის წყალობითა და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით უკანასკნელ წლებში ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა: დაიწყო მართლმადიდებლობის გამოცოცხლება, იხსნება და მშვენდება დაცარიელებული ძველი ტაძრები, შენდება ახლები, აღდგენილ მონასტრებში მკვიდრდებიან ბერ-მონაზვნები; ღვთის სიტყვა საქართველოს ისეთ სოფლებშიც აღწევს, აქამდე წარმოდგენაც კი შეუძლებელი რომ იყო. ასეთი გახლავთ ადიგენის რაიონის სოფელი არალიც.

გვესაუბრებიან არალის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი იოსებ გაჩავა და აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ბარბარე (გრიგალაშვილი).

- მამაო, როგორ მოხვდით ამ სოფელში?

- მოგეხსენებათ, არალი ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, სადაც XVII საუკუნეში კათოლიკე მისიონერებმა, შეიძლება ითქვას, მოტყუებით მონათლეს კათოლიკურად ქართველი მოსახლეობა. თითქმის სამი საუკუნე არალი კათოლიციზმის ურყევი კედელი იყო საქართველოში. ალბათ ისიც მოგეხსენებათ, რომ 1988 წელს სოფლის მოსახლეობამ არ მიიღო უწმინდესი და უნეტარესი. სამწუხაროდ, მავანთა მიერ თავს ჰქონდათ მოხვეული აზრი, რომ მათი სულიერი წინამძღოლი რომის პაპი იყო. არალში მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა არ აღევლინებოდა.

როცა იქ ჩასვლის სურვილი გამიჩნდა, ჯერ კიდევ არ ვიყავი სასულიერო პირი. გამუდმებით შევთხოვდი უფალს, არალში მოღვაწეობის ღირსი გავეხადე. მეგობრებს უცნაურადაც კი ეჩვენებოდათ ჩემი სურვილი. მახსოვს, დედაოსაც გავუმხილე ეს ნატვრა. თავადაც გამოთქვა სურვილი არალში წასვლისა. მეუფე თეოდორეს კურთხევით, მე და იღუმენია ბარბარემ გავბედეთ იქ ჩასვლა. ვიცოდით, ამ სოფელში დამკვიდრება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია.

იღუმენია ბარბარე:
- აბასთუმნიდან წირვა-ლოცვის ჩასატარებლად ჩავდიოდი რამდენიმე მორჩილთან ერთად. არალი ჩვენი მონასტრის ტიპიკონში ჩავსვით. მახსოვს, მამაო ძალზე ოპტიმისტურად იყო განწყობილი, სწამდა, ღვთის შეწევნითა და ჩვენი ძალისხმევით სოფელში მართლმადიდებლობა ისევ აღორძინდებოდა. ერთი შეხედვით უცნაური იმითაც იყო მამა იოსების არალში მსახურების სურვილი, რომ ის თბილისში დაიბადა, გაიზარდა, ოჯახიც აქ ჰყავს. ლოგიკური იქნებოდა, თბილისის რომელიმე ტაძარში დარჩენილიყო და ემსახურა. თუმცა მან ის ადგილი აირჩია, სადაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქართველს ღვთის სიტყვა. მერწმუნეთ, ეს არ იყო თავის გამოსაჩენად გადადგმული ნაბიჯი, რადგან არავინ იცოდა, რა მოხდებოდა არალში, როგორ მიგვიღებდა მოსახლეობა, დავრჩებოდით თუ არა იქ...

მამაო, ფაქტობრივად, სულ მარტო იყო, საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდა. მღვდლის ყველაზე კარგი ქადაგება ხომ მისი ცხოვრების წესია. არალის მოსახლეობამაც დაინახა, რომ ეს ადამიანი მათსავით ცხოვრობდა, შრომობდა, წვალობდა...

მამა იოსები:
- მართლაც, რთული ვითარება დაგვხვდა, თუმცა უფლის შეწევნით ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. ადგილობრივმა ახალგაზრდამ, თენგო ჩილინგარიშვილმა, საკუთარი სახლი დაგვითმო. ამ სახლში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო მოვაწყვეთ. ეს ადამიანი ყველანაირად მხარში გვედგა, ერთ-ერთი პირველი იყო სოფელში, ვინც მართლმადიდებლურად მოინათლა. სამწუხაროდ, თენგო სიმსივნით გარდაიცვალა 25 წლისა, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იღებდა წმინდა ზიარებას და ისე აღესრულა, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი.

გვეხმარებოდა და დღემდე გვეხმარება მირიან ჩილინგარიშვილიც თავისი ოჯახით. ბატონი მირიანი ჩვენს დაცვასა და მფარველობას ცდილობდა. აუცილებლად უნდა ვახსენო თემურ თათიშვილი. მართალია, ბატონი თემური თბილისში ცხოვრობს, მაგრამ მუდმივად ეხმარება სოფელს. მისი სამშენებლო კომპანია "საბას" დახმარებით ავაშენეთ არალში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი.

თავდაპირველად სოფლის მოსახლეობა ცოტა აგრესიულად შეგვხვდა. თუმცა ეს არც იყო გასაკვირი, მათ ხომ არაფერი იცოდნენ ჩვენ შესახებ. შემდეგ ნელ-ნელა დათბა ურთიერთობები. არალის მცხოვრებნი საოცრად ვაჟკაცური და ლამაზი ხალხია. ძირძველი მესხები არიან, სულითაც და ხორცითაც ნამდვილი ქართველები. მოგეხსენებათ, ეს რაიონი თურქეთის საზღვართან ახლოა, რის გამოც აქაურ კაცს საუკუნეების განმავლობაში ხმალი არ ჩაუგია ქარქაშში, ამიტომ მეომარი და ვაჟკაცური ბუნება აქვთ არალელებს. ისე შემიყვარდა იქაურობა და იქაური ხალხი, რომ თბილისში თავს კარგად ვეღარც ვგრძნობ.

არალში ბავშვებს ხატვას ვასწავლით. "შერატონ მეტეხი პალასში" მათი ნახატების გამოფენაც მოეწყო. პატარები ნელ-ნელა მართლმადიდებლურად მოინათლენ, თუმცა კათოლიკე მოსწავლეებიც გვყავს. მათ სხვებისგან არ ვარჩევთ, პირიქით, მათი ბედი უფრო გვაღელვებს. გვინდა, ჭეშმარიტების დანახვაში დავეხმაროთ, ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალია. ხატვის გარდა დედა ბარბარე და მორჩილი იოანა ბავშვებს გალობას ასწავლიან.

KARIBCHE- დედაო, როგორ გაუჩნდათ პატარებს გალობის შესწავლის სურვილი?

- ეს თავისთავად მოხდა. როცა პარაკლისებს ვატარებდით, ვგალობდით. ბავშვებიც აგვყვნენ, თავადაც მოუნდათ გალობა... გალობასთან ერთად ქართულ ხალხურ სიმღერებსაც სწავლობენ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვებმა გალობით, ფაქტობრივად, პირველი ლოცვაც ისწავლეს. ყველაფერი თანდათან, მათი ნებითა და ღვთის შეწევნით ხდება. შვილებთან ერთად მშობლებიც ინათლებიან... როგორც მამაომ აღნიშნა, ჩვენ კათოლიკე ქართველებზეც ვზრუნავთ, მათი სატკივარიც ისევე გვტკივა. შეიძლება იქვას, შინაგანად ისინიც მართლმადიდებლები არიან.

მამა იოსები:
- ვაწყობდით ექსკურსიებსაც. მოვილოცეთ ბოდბე, გელათი, მოწამეთა... 14 კათოლიკე ბავშვი მოვნათლეთ ბოდბეში, წმინდა ნინოს საფლავზე. მეორედ ასეთი დიდი ნათლობა გელათში, წმინდა დავით აღმაშენებლის საფლავზე მოვაწყეთ. მაშინ უკვე უფროსებიც მოინათლენ.

- მამაო, ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურებისგან ხომ არ შეგხვდათ რაიმე წინააღმდეგობა?

- არალის კათოლიკურ ეკლესიაში მსახურობს ე.წ. მღვდელი ეჟი შიმეროვსკი, რომელიც ჩემთან შინ მოვიდა და მისაყვედურა, ქართველებს რატომ ნათლავო. წარმოგიდგენიათ?!

დიდი სჯულის კანონში ერთ-ერთ მუხლში წერია, მღვდელი, რომელიც მწვალებელს არ მონათლავს, განიკვეთოსო. ასე რომ, ცდომილებაში შეყვანილი ადამიანის მოქცევა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა და მეც ვასრულებ მას. საზოგადოდ კი, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა გამოჩენამ არალში კათოლიკეები ძალიან "გაააქტიურა".

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?

- ვისურვებ, მთელი სოფელი მართლმადიდებლურად მოინათლოს - წინაპრების რწმენას დაუბრუნდეს. ღვთის შეწევნით, ყველაფერს გავაკეთებ, სოფელს მომავალში ადგილობრივი სასულიერო პირი რომ ჰყავდეს. სხვათა შორის, ჩვენი ორი სტიქაროსანი წელს სკოლას ამთავრებს და სწავლის გაგრძელებას თბილისის სასულიერო სემინარიაში აპირებს.

საუბრის დასასრულს კი გეტყვით, რომ თუკი არალში რამეს მივაღწიეთ, ეს, უპირველესად, უფლის წყალობით მოხდა. და მეორეც - ჩემს გვერდით დედა ბარბარე რომ არ ყოფილიყო თავის მორჩილებთან ერთად, ალბათ ვერაფერს შევძლებდი...
ბეჭდვა
1კ1