მირიან მეფის მიერ დაარსებულ ჯვრის სავანეს მრავალმა ქარტეხილმა გადაუარა
15.03.2015
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაარსება საქართველოს პირველ ქრისტიან მეფესთან, წმიდა მირიანთან არის დაკავშირებული.
გადმოცემით, მან ღირსი ნინოს თხოვნით ჯერ მეფე კონსტრანტინე მოინახულა, შემდეგ იერუსალიმში გაემგზავრა და იქ ტაძრის ასაშენებლად ადგილი მოიპოვა. ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ხარობდა ლოთის მიერ დანერგილი და ერთ დიდ ხედ აღმოცენებული სარო, ფიჭვი და ნაძვი. მონასტრის საკრებულო ეკლესიაში დღემდე დაცულია მოკვეთილი ხის ძირი.
მირიანის შემდგომ საქართველოს სახელოვანი მეფე წმიდა ვახტანგ გორგასალი დიდძალი მხედრობით მოსულა წმინდა მიწაზე, იერუსალიმიდან განუდევნია უსჯულონი და მრავალი მონასტერიც აღუშენებია. მემატიანის გადმოცემით, აი, რა უთქვამს ვახტანგს სინდთა მეფისთვის: "რამეთუ ჩემითა აქ მოსვლითა პირველად გამომიხსნია იერუსალემი, წმიდა ქალაქი, სადა დადგეს ფერხნი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი, და მუნ აღასრულა ყოველივე ხსნისათვის სულთა ჩუენთასა. და შემდგომ ყოველი საქარისტიანო დამიხსნია მოოხრებისაგან, რამეთუ მისცემოდა ჟამი სპარსთა მეფისა მოტყუენვად ყოვლისა საქრისტიანოსა".
ქართველებს იერუსალიმი და მთლიანად პალესტინა დიდი ხნის განმავლობაში ეკავათ. ვახტანგ მეფემ ქალაქის დამცველად დატოვა თავისი მეომარნი, რომლებიც სამუდამოდ იქ დასახლდნენ. დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი, რომელმაც წმიდა მიწაზე 1899 წელს იმოგზაურა, საგულისხმო ცნობებს გვაწვდის მათ შესახებ: "ვარდის ღელესა", არის დაბა "მალხა", სადაც სცხოვრობს ექვსასი სული ორივე სქესისა; ამბობენ, რომ ვითომც ეს მცხოვრებნი არიან შთამომავალნი აქ გადმოსახლებულთა ქართველთა მეფე ვახტანგ გორგასლანის დროსა დაცემისაგან. მათ დაუვიწყებიათ მშობლიური ენა და სარწმუნოებაცა მამა-პაპათა; მაგრამ გარდმოცემით იციან, რომ იგინი არიან შთამომავალნი შორეულ ჩრდილოეთიდან გადმოსახლებულთა, და უწოდებენ თავის თავსა "გურჯებად" - ქართველებად; და გარეშე მცხოვრებნი არაბნი ისე უყურებენ, ვითომცა მოსულსა უცხო ტომსა... იგინი იცავენ ჯვარის მონასტერსა და ემსახურებიან მას... სახითა, ზნეობითა და ჩვეულებითა იგინი განსხვავდებიან გარეშე მცხოვრებთა არაბის ტომისაგან.
მირიან მეფის მიერ დაარსებულ ჯვრის სავანეს მრავალმა ქარტეხილმა გადაუარა. იმის გამო, რომ ძლიერ გასაჭირში მყოფი საქართველოდან დახმარება აღარ მოდიოდა და პალესტინაში ქრისტიანების დევნამაც იმძლავრა, ჯვრის მონასტერი თანდათანობით დასუსტდა. მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისისთვის იგი მთლიანად დანგრეულა. ამ დროისათვის ქართველები იერუსალიმსა და მის გარშემო არსებულ ეკლესია-მონასტრებში იყვნენ მიმოფანტული და არ არსებობდა მძლავრი კერა, რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა ღმრთის სადიდებლად და ერის სულიერი საგანძურის შესაქმნელად მიმართულ მათ საქმიანობას.
და აი, მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს მეფის, ბაგრატ კურაპალატის და მისი დედის, მარიამის, თანადგომით ღირსმა პროხორე ქართველმა აღაშენა ჯვრის მონასტერი "შესაკრებელად ქართველთათვის", რომელიც მიუხედავად წმინდა მიწაზე მაჰმადიანთა თუ ლათინ ჯვაროსანთა მრავალსაუკუნოვანი ბატონობისა და მართლმადიდებელთა ყოველმხრივი შევიწროებისა, ასწლეულების მანძილზე იდგა ვითარცა უმტკიცესი ბურჯი და დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და წმინდა მამათა გადმოცემისა.
ღირსი პროხორე ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა შავშეთიდან კლარჯეთს წავიდა წყაროსთავის მონასტერში. როცა მისი სათნოებებით შემკული სული იხილეს, სავანის მამებმა ჯერ დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ მონაზვნად აღკვეცეს და ბოლოს მღვდლად აკურთხეს. ამის შემდგომ იგი იერუსალიმში გაემგზავრა და მრავალი წლის მანძილზე საბა განწმენდილის ლავრაში იღვწოდა. და აი, ღირსმა პროხორემ "ღმრთისა განგებითა იწყო შენებად მონასტრისა მახლობელად იერუსალიმს დასავლით კერძო, რომელსა უწოდიან ჯვარისა მონასტერი, და აღაშენა და განასრულა და შეამკო ეკლესიაი ყოვლითა სამკაულითა". სავანის აღმშენებელმა მონასტერში შემოიკრიბა ოთხმოცამდე ძმა, რომელთა შორის ბევრი მწიგნობარი იყო, და დაუწესა მათ წმინდა საბას ლავრის მსგავსი ტიპიკონი. ღირსი პროხორე იყო ჯვრის სავანის გაჩაღებული სულიერი და შემოქმედებითი საქმიანობის სულისჩამდგმელი.
სიბერის ჟამს პროხორემ დატოვა მონასტერი და განმარტოვდა უდაბნოში, სადაც მალე გარდაიცვალა. ჯვრის მონასტრის - ქართველი ერისთვის ამ ერთ-ერთი უძვირფასესი სავანის აღმშენებელმა დაგვიტოვა გამოუთქმელი სიმდაბლის მაგალითი, როცა თქვა: "ღირს ვიქმენ მე, გლახაკი და ფრიად ცოდვილი გიორგი-პროხორე, სახელად ოდენ მღვდელი, საქმითა არა ღირსი, რომლითა შემძლებელ ვიქმენ უძლურებითა და სიგლახაკითა ჩემითა აღშენებად წმიდასა ამას ცხოველსმყოფლისა ჯუარისა ადგილსა". ჭეშმარიტად, "საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა!"
მეჩვიდმეტე საუკუნის ორმოციან წლებში ჯვრის სავანის წინამძღვარი იყო ნიკიფორე ჩოლოყაშვილი, რომელმაც ოდიშის მთავრის ლევან დადიანის თანადგომით მონასტრის დანგრეული გალავანი და სენაკები აღადგინა და ტაძრის მოხატულობა საფუძვლიანად განაახლა. მეჩვიდმეტე საუკუნის დასასრულს ჯვარიც და სხვა ქართული სავანეებიც იერუსალიმის ბერძენთა საპატრიარქოს ხელში გადავიდა.
ჯვრის მონასტერს თბილისში ჰქონდა ქართველ მეფეთაგან შეწირული მამული, წოდებული "ჯვარის მამისად". ჯვრის სავანეში ინახებოდა დიდი სიწმიდე - წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს ხელი.