ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისათვის ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისათვის ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

კახის რაიონული ცენტრიდან 2 კმ-ში, მდინარე ქურმუხის ხეობაში მდებარეობს ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებში ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.


ქართულ საისტორიო წყაროებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია ე.წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლით დათარიღებულ მინაწერში. ამ წყაროში აღწერილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ექვთიმეს მის იურისდიქციაში მყოფ სხვადასხვა ეპარქიაში მოგზაურობა, მათ შორის გიშ-ქურმუხის ეპარქიაშიც. მოგზაურობის დროს პატრიარქმა ექვთიმემ მოინახულა გიშ-ქურმუხის ეპარქიის ეკლესიები და ქურმუხის მთავარეპისკოპოს კირილე დონაურს ყველა ეკლესიისთვის სახარების გადაწერა დაავალა. წყაროში მოხსენიებულია გიშ-ქურმუხის მთავარეპისკოპოსი, რაც ნიშნავს, რომ ქურმუხის ეკლესია ამ პერიოდშიც და შემდგომ საუკუნეებშიც ერთ-ერთი საეპისკოპოსო კათედრა იყო. ქურმუხის ტაძრის მახლობლად წყალგაყვანილობის ძველი სისტემის ნაშთები შეინიშნება. ეს მეტყველებს, რომ აქ მონასტერი იყო და ბერები ცხოვრობდნენ. წყალგაყვანილობის სისტემის მოშლა ქურმუხის ტაძრის, როგორც საეპისკოპოსო კათედრის და მონასტრის ფუნქციის დაკარგვამ გამოიწვია, რაც კახეთში შაჰ-აბასის 1614–1617 წლებში გამანადგურებელი შემოსევით და შემდგომ შეცვლილი პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. 

ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით, ქურმუხის ეტიმოლოგია მუხის კულტთან არის დაკავშირებული: "მუხის თაყვანისცემა ბევრგან იყო გავრცელებული. "მუხის ანგელოზი" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღესაც იხსენიება, განსაკუთრებით კახეთში, ფშავ-ხევსურეთში, ქართლის ყრუ ადგილებში და ჯავახეთში, გარე კახეთში. ქურმუხის ეკლესიის ახლოს დღესაც დგას მუხის ხეები, რაც მიგვანიშნებს, რომ ქრისტიანობამდე ამ ადგილს საკულტო დანიშნულება ჰქონდა და მუხას სცემდნენ თაყვანს. როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მუხის საკულტო ადგილზე ყველგან ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები შენდებოდა. ქურმუხის ეკლესიის აშენებაც ამ მოვლენასთან არის დაკავშირებული. ამ მოსაზრების ჭეშმარიტებას მოწმობს ის, რომ ტაძარი ჯერ ღვთისმშობლის, შემდგომში კი წმინდა გიორგის სახელობის იყო. ქურმუხის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მუხის ტყე და ადგილობრივი ქართველების ხალხურ მეხსიერებაში ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის შესახებ შემორჩენილი ლეგენდა–თქმულებებიც ამაზე მეტყველებს. 

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ ცნობა შემონახულია VIII ს. ანონიმურ მატიანეში, რომელიც ჩართულია ჯუანშერის ქრონიკაში. ამ ცნობის თანახმად, ჰერეთის აღმოსავლეთი ნაწილი, შაქი ანუ შაკიხი VIIIს-ის შუა ხანებში ქართლის ხელისუფალთა ხელშია. აქ მოღვაწეობს ქართლის ერისმთავარი არჩილი. ანონიმური მატიანე წერს: "არჩილ დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი". კასრის ეკლესიის ნანგრევები დღემდე შემორჩენილია კახის რაიონში, საყარაულოს მთაზე. მანვე "აღაშენა ციხე-ქალაქი ნუხპატს – ორთა წყალთა შუა". მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობამდე გიშის საეპისკოპოსო კათედრა მხოლოდ გიშში იყო, როდესაც მონღოლებმა ეს მხარე დაიპყრეს და დასახლდნენ, "მთავარეპოსკოპოსთაც თავისი კათედრა გადმოუტანიათ სოფელ კაკში, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაზე, რის გამო ისინი იწოდებოდნენ ხან გიშელ-ქურმუხელ მთავარეპისკოპოსად, ხან ქურმუხელ–გიშელად". 

დიდი ზეწოლისა და საფრთხის მიუხედავად, ადგილობრივი ქართველები ფარულად ყოველთვის ქრისტიანები იყვნენ. 1860 წელს "კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების" წარმატებული მისიონერული მოღვაწეობის შედეგად ზაქათალის ოლქში, 1860–1863 წლებში მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე კვლავ მოქცეულთა რიცხვმა 20 ათასს მიაღწია. როგორც ვთქვით, ადგილობრივი ქართველობა ფარულად ყოველთვის მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, ამ საზოგადოების აქტიურობამ მფარველობამ ხელი შეუწყო ღიად ეღიარებინათ მართლმადიდებლობა. 

ზაქათალის ოლქში ამ საზოგადოებამ, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მხარდაჭერით აღადგინა და ააშენა რამდენიმე ეკლესია, რომელთა შორის ერთ–ერთი ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იყო. ამ ეკლესიის აღდგენა მკვიდრი ქართველების დიდი ხნის სურვილი იყო. ტაძრის აღსადგენად შეგროვილი თანხა - 600 მანეთზე მეტი და შემომწირველთა სია მღვდელ მიხეილ ყულოშვილთან ინახებოდა. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სამწუხაროდ, დაკარგულად ითვლება. ამ თანხის გარდა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ ტაძრის აღსადგენად 3000 მანეთი გამოყო. ეკლესიის აღდგენის პროექტი შეადგინა დასახელებული ორგანიზაციის არქიტექტორმა ბილფელდმა. საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია ქურმუხის ეკლესიის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ტაძრის აღდგენით სამუშაოებზე კონტროლი საზოგადოების ინსპექტორს, მისიონერ ლეონიდე ოქროპირიძეს დაევალა. ეკლესიის მშენებლობა 1891 წელს დაიწყო და 1894 წელს დასრულდა. 

ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისათვის ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

KARIBCHE

***
ქურმუხის ეკლესიის, ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის შესახებ ადგილობრივი ქართველების მეხსიერებაში რამდენიმე ლეგენდა–თქმულება შემონახულა. 
გადმოცემის თანახმად, წელიწადში ერთხელ, აღდგომა დღეს, მარიამ-დედა (ღვთისმშობელს ასე მიმართავენ საინგილოში) აღებს ხოლმე ტაძრის ქვეშ, გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამავე დროს გამოფრინდება ხოლმე შიგნიდან ოქროს მამალი და ყივილს დაიწყებს, ბანს აძლევენ მახლობელი სოფლის მამლები. ერთხელ, როცა ჩვეულებისამებრ გამოვიდა მარიამ დედა და ნაწნავების ვარცხნა დაიწყო, თათარი მიეპარა და დაჭერა მოუნდომა, მაგრამ ხელი მაშინვე გაუშეშდა. ღვთისმშობელი კი სასწრაფოდ შევიდა გამოქვაბულში და კარები დაიხშო. თათარი შეევედრა ღვთისმშობელს და წმინდა გიორგის, განიკურნა და ქრისტიანობა მიიღო. 
ერთ ურწმუნო ვაჭარს თავისი ქარავნით ქურმუხის ეკლესიისაკენ გამოუვლია და ტაძრისთვის შესაბამისი პატივი არ მიუგია. რის გამოც წმინდა გიორგის ისიც და მისი აქლემების ქარავანიც გაუქვავებია

 

ბეჭდვა
1კ1