ჯრუჭის წმინდა გიორგის ტაძარი დახმარების მოლოდინშია
ჯრუჭის წმინდა გიორგის ტაძარი დახმარების მოლოდინშია
ჯრუჭს მონასტერი საჩხერის რაიონში მდებარეობს, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ჯრუჭულას, წყალფენულასა და ფაკანარას შორის მოქცეულ უმშვენიერეს ბორცვზე. სამონასტროდ შერჩეული ადგილი იმდენად მომხიბვლელია, რომ ძალაუნებურად გათქმევინებთ: მაინც რა უმცდარი გემოვნება ჰქონიათ ჩვენს წინაპრებს, როგორ შესანიშნავად იცოდნენ შერჩევა "ამო, შუენიერი და მზიანი" ალაგისა... გაღმით ბზით დაფარული ბორცვებია, მის თავზე-წყარო. აღმართს აათავებთ და მონასტრის ეზოში შედიხართ, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ზემოთ შემოჯარული მთებია, თვალსაწიერზე: საწაილიკე, ბუჯიეთი, ნაურთები, ბერიული, ჯახვლები, კვერეთი, ხამსნარი და ტეხრები; ქვემოთ კი გორაკის კალთებს სამი სხვადასხვა ფერის მდინარე-შავი ჯრუჭულა, თეთრი წყალფენილა და მოყვითალო ფასკნარა ჩაუდის.ჯრუჭისგან მიუღია სახელწოდება იმ მდინარეს, რომლის ხეობაშიც იგი მდებარეობს-ჯრუჭულა. 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ჯრუჭის მონასტერს. 90-ანი წლების ბოლოს ჯრუჭის დანგრეულ მონასტერთან ბერმა ლუკამ (ფალავანდიშვილი, ახლა უკვე ბარსელონაში მოღვაწე არქიმანდრი ლუკა გახლავთ) მოაწყო პატარა სამლოცველო და თავისი ლოცვითა და საქმიანობით აცოცხლებდა ყველასგან მიტოვებულ სავანეს. მისი ინიციატივით დაიწყო მთავარი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის ნანგრევებისგან გათავისუფლება, გაიწმინდა მონასტრის სამრეკლო და სხვა ადგილები. გადაარჩინეს და ცალკე დააწყევს წმინდანთა გამოსახულებიანი, წარწერებიანი და ჩუქურთმებიანი ქვები, მოაგროვეს რკინის ძველი და სხვა გამოსადეგი ნივთები.

KARIBCHE

ამჟამად ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს არქიმანდრიტი ბიძინა (ქობალია) წინამძღვრობს. "კარიბჭემ" მოილოცა ეს მადლიანი მონასტერი. 

KARIBCHE- ჯრუჭის მონასტერი 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ მთლიანად დაინგრა და დღემდე აღდგენას ითხოვს - გვიამბობს მამა ბიძინა. 1991 წლიდან 2000 წლამდე ასე იყო. 2000 წლიდან აქ იწყებს ცხოვრებას მამა მაქსიმე (ქავთარაძე), ამჟამად კაცხის სვეტის მამათა მონასტერში მოღვაწეობს. მამა მაქსიმე მოღვაწობდა დაახლოებით 2002 წლამდე. ასაკოვანი ადამიანია და ვეღარ შეძლო აქ მსახურების გაგრძელება. მონასტრის ტერიტორიაზე რაც არის სახლები აშენებული მამაოს ძალისხმევით მოხდა. მის დროს გაიწმინდა მონასტრის შემოგარენი, ეზო. ჯრუჭის მონასტერში მოღვაწეობდა ასევე ბერი ლუკა (ფალავანდიშვილი), ახლა უკვე არქიმანდრიტი ლუკა, ესპანეთში მსახურობს. მამაოსაც უკიდურესი შემთხვევა შეემთხვა, ხერხემალი დაიზიანა. თბილისში მკურნალობდა, გამოჯანმრთელებულა და სხვა მონასტერში გააგრძელა მსახურება. წლების განმავობაში აქ არავინ ცხოვრობდა. სტიქაროსნები, სასულერო პირები აკითხავდნენ აქაურობას. რამდენიმე წელი ძირითადად ასეთი მოკითხვები იყო. მუდმივად არავინ ცხოვრობდა. 2010 წლიდან მარტყოფის მონასტრიდან გადმომიყვანეს და იქიდან მოყოლებული აქ ვარ. 2011 წელს მოხდა უშუალოდ ტაძრის სივრცის გაწმენდა, მაგრამ ბოლომდე ჯერჯერობით არ არის მიყვანილი. საძირკველი ამოთხარეს. საბედნიეროდ საძირკველი არ არის დაზიანებული, დაშენება შესაძლებელია. მონასტერში წყალი გამოგვიყვანეს და მოხდა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაარსებული ორგანიზაციაა "ატუ". მათი დახმარებით მოხდა ეს კეთილი საქმე. მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობები შეიქმნა, შუქი გამოვიყვანეთ... თავიდან მორჩილები მყავდა.ზოგი ჯანმრთელობამ შეაწუხა, ზოგი სხვა მონასტერში გადავიდა. ზაფხულში ორი წელი შესრულდება რაც მარტო ვცხოვრობ. მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდება.

ცხრა წელი მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში ვიცხოვრე. ბერადაც იქ აღკვეცე და ხარისხიც იქ მომენიჭა. მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, 2010 წელს (მაშინ მეუფე დანიელს ებარა მარტყოფის მონასტერი) მარტყოფიდან ჯრუჭის მონასტერში გადმომიყვანეს. მონასტრული ტიპიკონი შეძლებისდაგვარად სრულდება. მრევლისთვის შაბათ-კვირას ტარდება წირვა-ლოცვა. დღესასწაულებზეც აღესრულება მსახურება.

KARIBCHE

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რომ გვითხრათ, რა არის ბერმონაზვნური ცხოვრება?

- ეს არის ცხოვრება ღვთისმსახურებისთვის. ბერი გამოდის წუთისოფლიდან, სიძულვილის გამო კი არა, პირიქით, უდიდესი სიყვარულის გამო. ბერად იმიტომ მიდიან, რომ სხვები კარგად იყვნენ. ბერი ზრუნავს მოყვასისთვის და საკუთარი სულის ცხონებისთვისაც. ამას ღმერთი წყვეტს. ღვთის განგება და მოწოდებაა ადამიანი სასულიერო პირი გახდეს. ადამიანს ღმერთი რასაც მოუწოდებს იმ გზას უნდა დაადგეს და ღვთის ნებას არ უნდა შეეწინააღმდეგოს.

- ერის ადამიანებმა რისკენ უნდა მივმართოთ უფრო მეტი ყურადღება?

- უნდა იცხოვრონ ქრისტიანული სულისკვეთებით. ადამიანები ივიწყებენ ლოცვას, ღმერთის არსებობას, რაც ხდება მსოფლიოში, ეს ახალი ამბავი როდია. მარტო იმის აღიარება, რომ ღმერთი არსებობს საკმარისია? ადამიანებმა უფლის მცნებები უნდა გაიხსენონ, ილოცონ, იმარხულონ. როცა ადამიანი ინათლება ეკითხებიან, შეუდგები ქრისტესსა? - შევუდგები. - არის პასუხი. ქრისტეს შედგომა იმას ნიშნავს, რომ შევითვისოთ მისი მცნებები. უფალი ამბობს, იმას ვუყვარვარ, ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებსო. ჰოდა, მარტო სიტყვით რომ ვაღიაროთ, მე ქრისტიანი ვარ, ეს არ არის საკმარისი. ამის გამო მოდის პრობლემები. ამის მერე ადამიანი ცოდვებში ეფლობა. ცოდვას კიდევ ადამიანისთვის ბედნიერება არ მოაქვს. ადამიანი ტყუვდება, იხიბლება, არასწორ წარმოდგენებში ცხოვრობს და ჰგონია კარგად არის. ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი ბუმერანგივით შემოუბრუნდება სიმძმის და პრობლემების სახით.
ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი ცოდვებისგან იწმინდება. აღსარებით, ზიარებით, მარხვით, ლოცვით, იმოსება მადლით, ღვთისგან შემწეობას იღებს და უფალი წყალობს და შეეწევა. უფალი ამბობს: "მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა". ყველაზე დიდი უბედურება უღმერთობაა. ღმერთს თუ განუდგა ადამიანი რაღა მოუტანს ბედნირებას. ადამიანის უბედურების სათავე ყოველთვის იყო ღმერთისგან დაშორება. წყარო სიხარულის, ბედნიერების მხოლოდ უფალია.

KARIBCHE

***
ჯრუჭს გარშემო რამდენიმე სოფელი აკრავს. მათ შორის ცხუმარეთი, უზუნმთა, მოხვა და ქვემო ხევი. ასევე არის ნასოფლარებიც. ორი სკლლაა, ერთი ქვევით ხევშია და მეორე - სოფელ მოხვაში. დანარჩენ სოფლებში სკოლა არ არსებობს. ეს სოფლები მთიანი კატეგორიის სიაში შედის. მოსახლეობისგან დაცლილია აქაურობა. მოხვა ყველაზე დიდი სოფელია, დაახლოებით 200-მდე სახლი დგას და სულ 128 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40-მდე მცირეწლოვანია. ცხუმარეთში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ. პატივისცემა და კეთილგანწყობა ეკლესიის მიმართ ყველას აქვს. ჯრუჭის ხეობაში ზამთრობით გზა იწმინდება. მონასტრამდე მისასვლელი გზა არ ჭირს.

მონასტრის ეზოში პატარა ოდა სახლია, სადაც სამლოცველოა განთავსებული და აქ ვატარებ ხოლმე მსახურებას.

KARIBCHEმომავალში იმედი გვაქვს, რომ ჯრუჭის მონასტერი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ადგილობრივი მთავრობა და გამგეობა გვაიმედებს და გარკვეული სამუშაოების ჩატარებას აპირებს.

-დაგვლოცეთ მამაო.

-დალოცვილი იყავით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენს კეთილ საქმეში. ძალიან კარგი ჟურნალი გაქვთ და რაც მთავარია ყველას ეხმარება მივიდეს უფლამდე. მე თვითონ ვხელმძღვანელობ მასში დაბეჭდილი სტატიებით. მადლობელი ვარ, რომ ასეთ კეთილ საქმეს ემსახურებით. სხვა მორწმუნე მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად გისურვებთ წარმატებას. ბევრი ადამიანისთვის მოგეტანოთ სიხარული და სიკეთე.



ბეჭდვა
1კ1