სიმართლე ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართულ მონასტერზე
03.03.2015
ჩვენი წერილის მიზეზი გახდა ბულგარელი მეცნიერის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ივან ბილიარსკის (ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი, ვარნას უნივერსიტეტი) სტატია
, რომელიც მან წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიძღვნილ III საერთაშორისო სიმპოზიუმზე "ცივილიზაციათა დიალოგი – განათლება და აღზრდა, როგორც საშუალება მხარეთა თანამშრომლობისა" (2008 წლის 9-11 ოქტომბერი, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი").
სიმპოზიუმს მიეძღვნა სქელტანიანი გამოცემა ("ლოგოსი", 2008, # 5, თბილისი), სადაც სხვა სტატიებთან ერთად განთავსებულია პროფესორ ბილიარსკის ქართულ ენაზე თარგმნილი სტატია სათაურით "განათლება და კულტურათა შორის დიალოგის ენა: შუა საუკუნეებში საქართველოსა და ბულგარეთს შორის სავარაუდო კავშირების მაგალითზე" შესავალში ვკითხულობთ: "სტატიის მთავარი თემაა შესაძლო დიალოგი ე. წ. "ბიზანტიურ თანამეგობრობაში" შემავალი ორი მართლმადიდებელი ქვეყნის – საქართველოსა და ბულგარეთის კულტურათა შორის. ამ დიალოგის, ანუ იდეათა გაცვლის გამოხატულებაა კავკასიის ხალხთა შედარებით უფრო ძველი კულტურული ელემენტების ზეგავლენა ბულგარული კულტურის ზოგიერთ ელემენტზე." სტატიაში განხილული საკითხები სცილდება ჩვენს კომპეტენციასა და ინტერესთა სფეროს, თუმცა მასში გამოთქმულ ერთ უსამართლო, მიკერძოებულ და ცრუ შეხედულებს გვერდს ვერ ავუვლით და ვერც უპასუხოდ დავტოვებთ.
თუ მკითხველს დააინტერესებს ამდენ ხანს რატომ არ დავწერეთ წერილი, ვუპასუხებთ, რომ გვეგონა ჩვენზე სახელდებული თუ პატივდებული მეცნიერები დაინტერესდებოდნენ საკითხის არსითა და მნიშვნელობით, მაგრამ ასე არ მოხდა, ამიტომ, ჩვენი წერილი ზუსტ და ამომწურავ პასუხს გასცემს პროფესორ ბილიარსკის და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ევალებოდა და ხელეწიფებოდა ხმის ამოღება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვოს ქართველთა მონასტრის ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ.
უპირველეს ყოვლისა აქვე მოვუხმობთ ამონარიდს პროფესორ ბილიარსკის ინგლისურენოვანი სტატიიდან, რომელიც პირადად გადმომცეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრში (თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. # 35) "The other opportunity is the direct contact between Bulgarians and some people from Caucasus. Sure, in the Balkans and especially in the territories that were also Bulgarion – like Philippople and its region as well as a part of Pontic littoral – there was a quite strong attendance of Caucasian people and their culture. They were mostly Armenian but also Iberians centered on Bachkovo monastery. We cannot neither prove nor exclude some mutual contacts and exchange of edeas in these places".
იგივე ტექსტის ქართული თარგმანი, რომელიც სამეცნიერო ჟურნალში "ლოგოსი" არის განთავსებული, ასეთი სახისაა ".....მეორე გზა, რომლის მეშვეობითაც ეს თქმულება შეიძლებოდა ბულგარეთში გავრცელებულიყო, არის ბულგარელებსა და კავკასიელ ხალხებს შორის პირდაპირი კონტაქტები. ბალკანეთი და, განსაკუთრებით, ის ტერიტორიები, რომლებიც ასევე ბულგარეთის შემადგენლობაში შედიოდა,- მაგალითად ფილიპოპოლი და მისი რეგიონი, - ისევე როგორც პონტოს სანაპიროს ნაწილი, კავკასიელი ხალხით იყო დასახლებული და ადვილი შესაძლებელია მათმა კულტურამ გარკვეული გავლენა იქონია ამ ტერიტორიების მოსახლეობაზე. ბაჩკოვოს მონასტერში ძირითადად სომხები ცხოვრობდნენ, თუმცა მრავლად იყვნენ იბერიელებიც. ჩვენ ვერ დავადასტურებთ, თუმცა ვერც გამოვრიცხავთ იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ ადგილებში ორმხრივი კონტაქტები არსებობდა და იდეათა გაცვლა-გამოცვლაც ხდებოდა"
ვიდრე ბილიარსკის სტატიის ინგლისურენოვან ტექტს მოვიძიებდით, თავდაპირველად გვეგონა, რომ შეცდომა მთარგმნელების გამო "გაიპარა", რაც ნაკლებ დანაშაულად მივიჩნიეთ, მაგრამ, როცა ჩვენს მიერ მოპოვებული ინგლისური ტექსტი ამ ენის მცოდნე რამდენიმე ადამიანს დავუგზავნეთ ყვალა შემთხვევაში იგივე სურათი მივიღეთ, რაც სამეცნიერო ჟურნალის "ლოგოსი" ფუცლებიდან ამოვიკითხეთ: "სხვა შესაძლებლობა გახლავთ ბულგარელების პირდაპირი კონტაქტი კავკასიის ხალხებთან. რა თქმა უნდა, ბალკანეთზე და განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზე რომელიც ეკუთვნოდა ასევე ბულგარეთს – ფილიპოპოლი მსგავსად და მისი რეგიონი გახლავთ პონტოს სანაპირო – შეიმჩნეოდა საკმაოდ ძლიერი გავლენა კავკასიელი ხალხისა და კულტურისა. ესენი გახლდნენ უმეტესად სომხები, თუმცა ასევე იყვნენ იბერიელებიც ცენტრით ბაჩკოვოს მონასტერში. ჩვენ არ შეგვიძლია არც დავადასტუროთ და არც სრულიად გამოვრიცხოთ ორმხრივი კონტაქტები და იდეათა გაცვლა-გამოცვლა ამ ადგილებში" (თარგმნა ნატალია გაგნიძემ) და მეორე ვარიანტი "სხვა საშუალება (მოსაზრება) არის უშუალო კავშირების არსებობა ბულგარელებსა და კავკასიის სხვა ხალხებს შორის, რა თქმა უნდა, ბალკანეთში და განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომელიც ასევე ეკუთვნოდა ბულგარეთს, მაგალითად ფილიპოპოლი და მისი რეგიონი, ნაწილი პონტოს ზღვისპირეთისა, შეინიშნებოდა დიდი რაოდენობით შემოდინება კავკასიელი ხალხისა და მათი კულტურისა. მათი უმრავლესობა იყო სომხები და ასევე იბერიელებიც, რომლებიც სახლობდნენ ბაჩკოვოს მონასტერში. ჩვენ არ შეგვიძლია დავამტკიცოთ ან გამოვრიცხოთ ამ ადგილებში ორმხრივი კონტაქტები და აზრთა გაცვლა-გამოცვლის არსებობა" (თარგმნა ლევან სახოკიამ).
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართულ ენაზე თარგმნილ ტესქტებში, ყველგან წერია ერთი და იგივე აბსურდი: "ბაჩკოვოს მონასტერში ძირითადად სომხები ცხოვრობდნენ, თუმცა მრავლად იყვნენ იბერიელებიც", რომელიც სიტყვა-სიტყვით ითარგმნა ინგლისურენოვანი ტექსტიდან "They were mostly Armenian but also Iberians centered on Bachkovo monastery", რაც არის უდიდესი დანაშაული და გაუგონარი სიცრუე ყველა თვალსაზრისით.
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ სამეცნიერო ჟურნალი "ლოგოსი" III საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებსა და მსმენელებს დაგვირიგდა სიმპოზიუმის მსვლელობის დროს და როდესაც ამ "მეცნიერის" სტატია წავიკიხეთ, რამდენიმე ადამიანმა (თუ არ ვცდები ერთ-ერთი გახლდათ აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი) ადგილზე, დარბაზში გავაპროტესტეთ სიცრუე, რომელიც დღემდე "მკვიდრობს" ბულგარელი "მეცნიერის" "შემოქმედებაში", რომელიც ყველა თვალსაზრისით სომეხი ერის წისქვილზე ასხამს წყალს და რატომღაც დღემდე მას ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო ჩვენი ქვეყნის "საამაყო" მეცნიერ-მკვლევარებმა, რაც თავისთავად ცხადია სამარცხვინო დანაშაული და ერის ისტორიული მეხსიერების დაბინდვაა.
სამეცნიერო ჟურნალის ამ ნომერის "რედკოლეგია" გახლავთ: დავით მუსხელიშვილი (მთავარი რედაქტორი), მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), დევი ბერძენიშვილი (იმ ხანად უკვე გარდაცვლილი იყო), ელდარ ბუბულაშვილი, ალექსანდრე დაუშვილი და ნინო ჭავჭავაძე.
საიუბილეო გამოცემაზე "მუშაობდნენ": სოფიკო ლობჟანიძე და მიხეილ ქურდიანი, რედაქტორი შუქია აფრიდონიძე, მთარგმნელები ელენე აბაშიძე და მაია ნაჭყებია, ტექნიკური რედაქტორი ალექსანდრე დაუშვილი და სხვ.
გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩამოთვლილ მეცნიერთაგან ვისაც კი პირადად ვესაუბრეთ, არც ერთს წაკითხული არ ჰქონდა წინამდებარე ავტორის სტატია, თუმცა სამეცნიერო სიმპოზიუმის მსვლელობისას ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ბილიარსკის სტატია "განსაკუთრებულად საინტერესო და საგულისხმოა თანამედროვე პრობლემათა და გამოწვევათა კონტექსტში" (ციტირება რამდენიმე გამომსვლელის შეფასებიდან).
მას შემდეგ, რაც ამ ჟურნალს და მასში გამოქვეყნებულ დასახელებულ სტატიას გავეცანი, მოსვენება დავკარგე. გადავწყვიტე წერილით მიმემართა ბულგარეთის სამეცნიერო წრეებისათვის და 2014 წლის 7 ნოემბერს ასეთი შინაარსის წერილი გავუგზავნე საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ პლემენ ლებომიროვ ბონჩევის:
"ღრმად პატივცემულო ბატონო პლემენ,
უპირველეს ყოვლისა გისურვებთ წარმატებებს თქვენს დიპლომატიურ მოღვაწეობასა და ორი ქვეყნის ურთიერთობათა განმტკიცებაში.
გარკვეული ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, გავინტერესებს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხის დაზუსტება, რაც საქართველოს ისტორიისა და დედაეკლესიისთვის აუცილებელია.
ა) IX-XI საუკუნეთა მიჯნაზე ბულგარეთში თუ ცხოვრობდნენ სომხები, კერძოდ, ბაჩკოვო/პეტრიწონის მონასტრში? ან მონასტრის ახლოს?
ბ) რამდენად შესაძლებელია ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის (ან განათლების სამინისტროს) დაქვემდებარებაში მყოფი ისტორიის ინსტიტუტიდან გამოვითხოვოთ ამ ეპოქისა (IX-XI სს.) და ამ კონკრეტული რეგიონის შესახებ, მოკლე, მაგრამ სანდოდა უტყუარი მასალები იქ სომხების დასახლება/განსახლების პერიოდიზაციაზე.
იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენი საელჩო და შესაბამისი სამსახურები დროულად მოგვაწვდიან მასალებს".
ორთვიანი ლოდინის შემდეგ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უშუალოდ ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართული მონასტრიდან მივიღეთ შემდეგი შინაარსის წერილი (ბულგარულ და ინგლისურ ენებზე, ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმანი ეკუთვნის ანჟელა ლალიაშვილს):
"პატივცემულო ბატონო ცუხიშვილი,
გვინდა გაგცეთ პასუხი წერილზე, რომელშიც გამოხატეთ ინტერესი ბაჩკოვოს რეგიონში სომეხი ხალხის ცხოვრებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია გითხრათ შემდეგი: არ მივუთითებთ მონასტრის ისტორიის და მისი დამფუძნებლების ეთნიკური წარმოშობის ინფორმაციის წყაროებს, რადგან ვვარაუდობთ, რომ ეს საკითხი კარგად არის თქვენთვის ცნობილი.
ჩვენს მონასტერში არ ინახება არანაირი დოკუმენტი თუ არტეფაქტი, რომელიც შეიძლება სომხური წარმოშობისა იყოს. მაგრამ, ადრე შეიძლება ასეთი ყოფილიყო. სოფიას ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის დაცული სომხური ოთხთავი, რომელიც თარიღდება 966 წლით და რომელიც გატანილია მონასტრიდან.
მონასტრის რეგიონში იყო სომხური წარმოშობის მოსახლეობა, განსაკუთრებით პლოვდივის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ ხალხს ეძახდნენ "პავლიკიანებს" და ისინი გადმოსახლებულები იყვნენ აღმოსავლეთ ბიზნატიიდან. ისინი იცავდნენ თავიანთ ტრადიციებსა და კულტურას XVII-XVIII საუკუნეებამდე, ვიდრე არ მიიღეს კათოლიკობა და ისლამი. ასეთი მოსახლეობა იყო როდოპის მთებშიც, მონასტრის სამხრეთით.
მოსახლეობა, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, XI-XII საუკუნეებში ცხოვრობდნენ დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე და ბულგარელთა საზოგადოების ეთნიკურ საზღვრებში, მაგალითად, დღევანდელი მაკედონიის ტერიტორიაზე. საუკუნეთა განმავლობაში ისინი შეერწყა (მოხდა ასიმილაცია) ბულგარელ ერს. სომხები, რომლებიც ახლა ცხოვრობენ ბულგარეთში არიან თურქეთიდან დევნილი და იძულებით გადასახლებული XX საუკუნის დასაწყისიდან.
დეტალური ბიბლიოგარფია ამ საკითხის შესახებ შეგიძლიათ იპოვოთ http/www.vikipedia.org./ pavlikianstvo.."
პატივისცემით,
სტემენ პაპელიშევი,
მონასტერთან არსებული მუზეუმის კურატორი,
არქიმანდრიტი სიმონი,
წინამძღვარი (იღუმენი)" (ბოლოში აქვს დასმული მონასტრის ბეჭედი)
როგორც წერილიდან ირკვევა, ჩვენს მიერ მოთხოვნილ მასალებზე პასუხების მოძიება ელექტრონულ მისამართებზეც შეგვძლებია, თუმცა, ზემოთმოყვანილი წერილი აუცილებელი იყო თუნდაც იმის დასადასტურებლად და დასამტკიცებლად, რომ ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართული მონასტრის დღევანდელ მესვეურებს თუ მმართველებს ეღიარებინათ ის, რომ ამ მონასტერში სომხები არ ცხოვრობდნენ, ანუ არ გამართლებულიყო პროფესორ ბილიარსიკის აზრი და ხედვა ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართულ მონასტერში სომხების, როგორც ძირითადი მაცხოვრებლების/მოსახლეობის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ, რაც უდავოდ დიდი გამარჯვებაა არა მარტო ბილიარსკის, არამდე ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ ვისაც სწამს და სჯერა ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართულ სავანესთან სომხების რაიმე სახის კავშირ-ურთიერთობათა შესახებ.
აქვე დავსძენთ იმასაც, რომ ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართულ მონასტერთან არსებული მუზეუმის კურატორი ბატონი პაპელიშევი ცრუეობს ან ბრმად ენდობა ელექტონულ კომუნიკაციებს, როცა წერს, სოფიას ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამჟამად დაცული სომხური ოთხთავი თარიღდება 966 წლით და თითქოს გატანილი იყოს მონასტრიდან, რადგან, როგორც მართლამდიდებელმა ეკლესიამ და მთელმა მსოფლიომ უკვე დიდი ხანია უწყის ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართული მონასტერი დაარსდა XI საუკუნეში, კერძოდ კი 1083 წელს და შესაბამისად, მონასტერში ვერც სომხები და ვერც 966 წლით დათარიღებული სომხური ოთხთავი ვერ იქნებოდა.
მითუმეტეს, ჩვენ ხელთ გვაქვს სულმნათი მეცნიერის, აკადემიკოს აკაკი შანიძის მიერ 1971 წელს გამოცემული წიგნი "ქართველთა მონასტერი ბულგარეთში", რომელიც ამომწურავ, სრულფასოვან, სრულყოფილ და დამაჯერებელ პასუხს გასცემს ყველას ვიცას კი ოდნავი ეჭვი შეეპარება ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართული მონასტრის წარმომავლობასა და დამაარსებლის ვინაობაში.
წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ "ეს მონასტერი დააფუძნა ბულგარეთში საბერძნეთის დასავლეთის დიდმა დომესტიკოსმა სევასტოსმა გრიგოლმა, ტაოელი ერისთავთ ერისთავის შვილმა, რომელიც უთუოდ უთუოდ ბაგრატიონთა გვარისა იყო. ტაო იმ დროს მოწყვეტილი იყო საქართველოს და საბერძნეთის იმპერიის ფარგლებში იყო მოქცეული, ისე როგორც ბულგარეთი, რომელსაც დამოუკიდებლობა მოუსპო და თავის საბრძანებელს სეუერთა ვასილ II-ემ.
ეს მონასატერი, რომელიც დააარსა ქართველმა ამირსპასალარმა საგანგებოდ ქართველთათვის, რომლებიც საკმაოდ იყვნენ მის ჯარში, დღესაც არსებობს და ბაჩკოვოს მონასტრის სახელით არის ცნობილი. მისი მშენებლობა დასრულდა 1083 წელს და მაშინვე დაუწერა მისმა დამფუძნებელმა წესდება, რომელიც შეადგინეს ორ ენაზე – ქართულად და ბერძნულად – და რომელსაც ხელი მოაწერა გრიგოლ ბაკურიანის-ძემ 1083 წლის დეკემბერში."
ბიზანტიის იმპერიაში სამხედრო სამსახურში მეტად დაწინაურებულ ქართველებს ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული სახელი ამშვენებს, ეს სარის გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელიც სხვადასხვა დროს მსხაურობდა სომხეთში და სირიაში, იყო ყარსისა და თეოდოსიოპოლის მმართველი, იგივე გამგებელი. 1064 წელს ხელმძღვანელობდა ქ. ანისის დაცვას მიმართულს სალჩუკთა სულთნის ალფ-არსლანის წინააღმდეგ. საკმაოდ ძლიერი იყო მოწინააღმდეგე, რომელმაც დაატყვევა ბიზანტიის იმპერატორი რომანოზ IV დიოგენე, ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი და თითქმის დაიკავა იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი. იმავე ხანებში მოულოდნელად გარდაიცვალა ალფ-არსლანი, რამაც ხელი შეუწყო გრიგოლ ბაკურიანის ძის აქტიურობის გაზრდას და 1073 წელს ბანაში მყოფ გიორგი II-ეს კარის ციხე და მისი მიმდებარე ქვეყნები გადასცა. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენით საქართველომ დაიბრუნა ბიზანტიის იმპერატორის ბასილი II-ის დროს მიტაცებული ქართული ტერიტორიები.
Gგარდა იმისა, რომ გრიგოლ ბაკურიანის ძემ საქართველოს დაუბრუნა ბიზანტიის მიერ მიტაცებული მიწები, თვით ბიზანტიის ისტორიაში შეასრულა გადამწყვეტი როლი, კერძოდ, 1081 წელს მისი უშუალო მოთავეობით ბიზანტიის იმპერატორის კარზე მოხდა გადატრიალება, მოქმედი იმპერატორი ნიკიფორე III ბოტანიატე ჩამოაგდეს ტახტიდან და იმპერატორი გახდა ალექსი I კომნენოსი, თავის მხრივ ახალმა იმპერატორმა არ დაუკარგა ამაგი გრიგოლს და მყისვე დანიშნა დასვალეთის დიდ დომესტიკოსად.
ტიპიკონში ვკითხულობთ "რომლისათვსცა მე გრიგოლ, ზემო ხსენებულმან სევასტოსმან და დიდმან დომესტიკოსმან, ფრიად ცოდვილმან და უღირსმან მონამან ქრისტესმან, ვიხილე თავი ჩემი სიყრმით ჩემითგან და ვიდრე სიბერედმდე ამაოდ და ცარიელად ყოველთაგან საქმეთა კეთილთა, ოდენ ღირს-ქმნულად ჭეშმარიტსა და მართლმადიდებელსა ქრისტეანეთა სარწმუნოებასა ქართველთასა, რომელთა-იგი სწორად აქუს და განუყოფელად მტკიცესა თანა სარწმუნოებასა და აღსარებასა ჭეშმარიტთა ბერძენთა ნათესავისასა"
ვისაც არ უნდა გაუკვირდეს და როგორ საწყენადადაც არ უნდა ჟღერდეს ჩვენი სიტყვები, მაინც უნდა ვთქვათ, რომ ამ ციტატას არავითარ შემთხვევაში არ დაწერდა სომეხი, ეს არის ღირსეული, წმიდა და ზნეობრივად სუფთა ქართველის გულიდან ამოხეთქილი სიტყვები გასაგონად მომდევნო საუკუნეებისა და მთელი მსოფლიოსათვის.
ტიპიკონში ასევე ვკითხულობთ: "ესე უკუე ყოველნი, რომელნი სახელ-დებით ზემოით სწერიან, მიმიცემიან ზემო ხსენებულისა მონასტრისა ჩემისა ქართველთა ღმრთისმშობელისა პეტრიწონისადა, ვითა ზემო ვთქუ, თავიეთ ყოვლითავე ზღვრითა და პირველთაგანვე ქონებულითა ჭამულებითა და სამართალიტა და თავიეთ უღლებითა ყოვლითა და თესულებითა და ყოვლითა ალაგითა და შემოსავლითა."
გარდა იმისა, რომ ტიპიკონი შედგენილია ქართულ ენაზე, მას ჰქონია ბერძნული ვარიანტიც რომელიც 1963 წელს გამოსცა აკადემიკოსმა ს. ყაუხჩიშვილმა.
ტიპიკონის (ქართული ვარიანტი თავებად დაყო აკად. აკ. შანიძემ, რითაც დიდი სამსახური გაუწია მეცნიერ-მკვლევარებს), 24-ე თავში სრულიად გარკვევით წერია "1. კუალად ვამცნებ ამასცა და შჯულ-დებით დავამტკიცებ, რაითა არაოდეს იყოს მონასტერსა შინა ჩემსა მკვდრობით ბერძენი ხუცესი ანუ მონაზონი, თვინიერ ერთისა ხოლო მონაზუნისა, რომელმან ხელით წერილი იცოდის და მწიგნობრობასა იქმოდის და თავადსა თანა მიივლინებოდის წინამძღურისაგან და მონასტრისა საქმეთა იურვოდის. 2. ხოლო ამას ამისთვს განვაწესებ ესრეთ დამტკიცებით, რომელ ვითა არიან ბუნებით მძლავრნი და ანგაჰარნი და ხელოვანნი, მეშინის, თუ ნუთუ სავნებელი და დასაკლებელი რაიმე შეამთხვონ მონასტერსა."
ბერძნებთან მიმართებაშიGგრიგოლ ბაკურიანის ძის შიში არ იქნებოდა უსაფუძვლო და ამიტომაც დაიმკვიდრა ამ სიტყვებმა ადგილი ტიპიკონში.
რაც შეეხება გრიგოლის ან მის მიერ დაარსებულ-დაფუძნებული ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართული სავანის სომხებთან და სომხეთთან რაიმე სახის კავშირ-ურთიერთობებს, კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ ეს არის დიდი აბსურდი და თვით ყალბისმქმნელი სომეხი ვაი-მეცნიერების ნაცოდვილარი, რასაც ხანგამოშვებით მხარს აუბამენ ხოლმე ასევე ვაი-მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც ჩანს მოქცეულნი არიან სომხების გავლენის ქვეშ, რაც არის სამარცხვინო და დასაგმობი!
აკად. აკაკი შანიძის ნაშრომი "ქართველთა მონასტერი ბულგარეთში" სრულიად ახალი გამოცემული იყო, როდესაც ხანდაზმულ მეცნიერს მოუწია საკმაოდ მრისხანე პოლემიკური წერილის გამოქვეყნება სომეხი ვაი-მეცნიერის ვ. ა. არუთინოვა-ფიდანიანის "ნაშრომზე" , სადაც ვკითხულობთ: "დამახასიათებელია, რომ არუთინოვა-ფიდანიანი თავის წიგნში არსად არ ასახელებს პეტრიწონის მონასტრის მაშენებელს ბაკურიანის ძედ ან ბაკურიანად, არამედ ყოველთვის მოჰყავს ბერძნული ფორმით (Pაკურიან), თუმცა მან კარგად იცის, რომ იგი არ იყო ბერძენი. ეს მით უფრო უცნაურია, რომ მან შეადგინა ბიზანტიის იმპერიის ამ დიდი თანამდებობის პირის ცხოვრების მიმოხილვა (ჩურრიცულუმ ვიტაე, გვ. 47. 63) და ერთხელაც არ მოიყვანა, თუ როგორ ეძახდნენ მას ქართულად, რადგან გრიგოლი მას სომხად მიაჩნია."
ეჭვგარეშეა, რომ ბულგარელი პროფესორი ბილიარსკი იცნობს არუთინოვა-ფიდანიანის საკანდიდატო დისერტაციას ან წიგნად გამოცემულ "ისტორიულ" "ნაშრომს", თორემ ისე ნამდვილად გაუჭირდებოდა ისეთი მკრეხელური აზრის დამკვიდრება, რომელიც განავითარა თავის "ცნობილ" სტატიაში.
სხვათა შორის, აკად. აკ. შანიძე ამავე წერილში წერს "ერთი სიტყვით პეტრიწონის მონასტერი ყოფილა თურმე არა ქართველთა მონასტერი, როგორც ამას ამტკიცებდნენ ისინი, რომლებიც დაესწრნენ მონასტრის დაარსებას, და როგორც წერდნენ რუსი მეცნიერები პ. ბეზობრაზოვი და ი. სოკოლოვი, აგრეთვე ფრანგი ლუი პეტიტი, რომლებიც თურმე ვერ ერკვევიან საქმის ვითარებაში არამედ "ივირთა" მონასტერი, სადაც, არუთინოვა-ფიდანიანის მტკიცებით იყვნენ სომეხ-ქალკედონიტები და ქართველები" მიაქციეთ ყურადღება: პირველად იგი სომეხ ქალკედონიტებს ასახელებს. და ეს მაშინ, როდესაც ტიპიკონში სწერია: "მონაზონნი მონასტრისა ჩემისანი გუარად ქართველნი არიან" (ქართველთა მონასტერი ბულგარეთში, გვ. 327)." ჩვენის მხრივ კი ვიტყვით-კარგად დაუკვირდი მკითხველო და პარალელი გაავლე პროფესორ ბილიარსკის ნაცნობ წინადადებასთან, უსათუოდ დარწმუნდებით მათ "სულიერ" ნათესაობაში.
ჯერ კიდევ 506 წელს სომხეთის საკათოლიკოს რეზიდენციაში, ქალაქ დვინში, ბიზნატიის იმპერატორის გადაწყვეტილებით მოწვეული იქნა ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის ეკლესიების საერთო კრება, რომელმაც დაგმო ნესტორიანელობა და მიიღო ზენონ კეისრის დიოფიზიტ-მონოფიზიტთა შემარიგებელი "ჰენოტიკონი".
სომხების მონოფიზიტობის შესახებ, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილი წერდა: "VII ს. დამდეგს აღმ. საქართველოს სარწმუნეობრივ სფეროში ისეთი ცვლილება მოხდა, რომელსაც ქართველი ერის მთელი მერმინდელი ისტორიისათვის უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ცვლილებამ ორი მეზობელი ერი ერთმანეთს დააშორა და მათი განვითარების გზები გაჰყარა."
როდის დაიწყო კონფლიქტი ქართველებსა და სომხებს შორის?
ამ შეკითხვას ისევ ივ. ჯავახიშვილი სცემს პასუხს: "უთანხმოება ქართველთა და სომეხთა ეკლესიის საჭეთმპყრობელთა შორის მოსე ცურტაველი ეპისკოპოზის წყალობით ატყდა, რომელიც საქართველოდან მოულოდნელად სომხეთში გაიქცა, სომხეთში მისვლისთანავე მოსე ცურტაველმა სომეხთა კათალიკოსის მოადგილეს ვრთანესს (602-606 წწ) მიმართა წერილობით და შესჩივლა, რომ ქალკედონიანობის წინააღმდეგობისათვის ის საქართველოდან გამოდევნეს. მისი სიტყვით, როდესაც იგი დარწმუნდა, რომ ქართული ეკლესია და სამწყსო საბოლოოდ ქალკედონიანობას მიემხრო, მაშინვე ქართლისა კათალიკოსის კირიონისა, მთავრებისა და ერის წინააღმდეგ გაულაშქრია და ხმა აუმაღლებია."
ივანე ჯავახიშვილი სრულიად გარკვევით წერს ქართველთა და სომეხთა განხეთქილების შესახებ, ასაბუთებს მიზეზებს დოგმატურ საკითხებში, ასევე საუბრობს იმ პოლიტიკურ-კულტურულ პროცესებსა და უთანხმოების ეროვნულ ელემენტებზე, რომლებიც იმთავითვე წარმოიშვა. ამ კონკრეტულ საკითხზე დასკვნის სახით ბრძანებს: "კირიონ ქართლის კათალიკოსსა და აბრაამ სომეხთა კათალიკოსს შორის მიმოწერას აზრი აღარ ჰქონდა. სარწმუნოებრივი რღვევა გარდაუვალი აღმოჩნდა. პაექრობის შეწყვეტის ნაცვლად სომეხთა კათალიკოსმა გამოსცა ეპისტოლე, რომლის ბოლოში ნათქვამია "ჩვენ, ბერძნების შესახებ პირველ მოძღვართა გამოტანილი დადგენილების ქართველებზე გავრცელებას ვბრძანებთ, - რომ მათთან სრულებით არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონდეთ არც ლოცვაში, არც ჭამა-სმაში, არც მეგობრობაში, არც შვილების აღზრდაში, რომ მცხეთისა და მანგლისის ჯვრების კარზე სალოცავად აღარ გაემგზავრნენ ხოლმე და ჩვენ ეკლესიებში არ შემოუშვან, ერთმანეთშორის ჯვრის წერასაც სრულებით თავი დაანებონ. ნებადართულია მათგან მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა, ვითარცა ებრაელთაგან. ამ განკარგულებას ძალა ალბანელების შესახებაც ჰქონდეს-ო" გასცეს თუ არა ქართველებმა და ალბანელებმა თავის მხრივ პასუხი და თვითონაც შეაჩვენეს სომხები, "ეპისტოლეთა წიგნი"-დან არა ჩანს. რასაკვირველია, ამ სახით ეს განკარგულება არასოდეს არ განხორციელებულა, მაგრამ ამიერიდან ქართველთა და სომეხთა შორის ის სარწმუნეობრივი კავშირიც გაქრა, რომელიც წინათ მათ აერთებდათ და ასეთუისე აძლიერებდათ: პოლიტიკურ-კულტურული გეზისა და სიმპათიების გაყრასთან ერთად მათი სარწმუნეობრივ სარბიელი გზებიც ერთმანეთს დაშორდნენ."
ასეთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემდეგ ქართველებისა და სომხების თანაცხოვრება შედგებოდა? ბაჩკოვოს/პეტრიწონის სავანეს სომხები ააგებდნენ და იქ ქართველებს მისცემდნენ ცხოვრების, მოღვაწეობისა და თანამწირველობის უფლებას?
ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და ამავე დროს დაუშვებელი მოვლენა, რადგან დოგმატურ (და არა მარტო დოგმატურ) საკითხებში თითქმის VI საუკუნიდან დაშორებული ქართველი და სომეხი ერი ბაჩკოვოს/პეტრიწონის მონასტერში ერთად ვერ განაგრძობდნენ არსებობას, მითუმეტეს სომეხთა კათალიკოსოს აბრაამის ასეთი "ღმრთივგაბრძნობილი" ეპისტოლეს და განჩინების შემდეგ. ეს ყოველივე არა სომხების, არამედ ქართველთა წისქვილზე ასხმას წყალს და რაც არ უნდა წეროს არუთინოვა-ფიდანიანმა და მისმა მიმდევარმა პროფესორმა ბილიარსკიმ, საუკუნეთა განმავლობაში მკაფიოდ და შეურყვნელად ჩამოყალიბებული სარწმუნეობრივ-ზნეობრივი და პოლიტიკურ-კულტურული რეალობა აღარასოდეს არ შეიცვლება. ბაჩკოვო/პეტრიწონის მონასტერი ქართველთა საკუთრება იყო და ასე დარჩება სამარადჟამოდ.
აი დასკვნის სახით რას პასუხობს სულმნათი აკაკი შანიძე ყალბისმქმნელ სომეხ ვაი-მეცნიერს არუთინოვა-ფიდანიანს: "არუთინოვა-ფიდანიანის მტკიცების თანახმად გამოდის, რომ გრიგოლ ბაკურიანის ძე საშინლად ტყუოდა, როცა ამბობდა, რომ იგია ქართველი. ვ. ა. არუთინოვა-ფიდანიანმა დღეს, როცა თითქმის ცხრა საუკუნე გავიდა გრიგოლის სიკვდილის შემდეგ, უკეთ იცის, რომ იგი იყო არა ქართველი, არამდე სომეხი. თავის წიგნის ბოლოში ვ. ა. არუთინოვა-ფიდანიანი უღრმეს მადლობას უხდის რამდენიმე პირს "მათი რჩევისა და კრიტიკული შენიშვნებისათვის, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ნაშრომის გაუმკ=ჯობესებას". სამწუხაროა, რომ მათ შორის არ აღმოჩნდა არც ერთი, რომელსაც ერჩია მისთვის, შეენელებინა თავისი "ივირული" აღტყინება, რომ ზიანი არ მიეყენებინა სომხური ისტორიოგრაფიისათვის".
ჩვენც იგივე აზრს განვავითარებთ და ვიტყვით: სანამ პროფესორ ბილიარსკის სტატია დაიბეჭდებოდა ჟურნალში "ლოგოსი", სად იყვნენ ამ სიმპოზიუმის მოთავეები და ჟურნალის "შემქმნელები"? ასეთი სამარცხვინო სტატიის დაბეჭდვა ყოველგვარი კომენტარის გარეშე ეპატიება ქართველებს, რომელთაც თითქმის ათი საუკუნის წინ გრიგოლ ბაკურიანის ძემ აგვიშენა, მონასტერი და დაგვიტოვა ამ მონასტრის "ხელიხელსაგოგმანები" წეს-განგებულება?
გვინდა აქვე მოვუხმოთ ციტატებს წიგნიდან, რომელიც XX საუკუნის 80-იან წლებში ბულგარეთში, რუსულ ენაზე, გამომცემლობა "სეპტემვრიმ" დასტამბა და რომლის ავტორიც გახლავთ გ. ჩავრიკოვი "დაახლოებით ცხრა საუკუნის წინათ, როდესაც ბულგარული სახელმწიფო ბიზანტიის უღელ ქვეშ იყო (1018-1125 წწ.), ბიზანტიის იმპერატორები დაპყრობილ ბულგარულ მიწებს ძღვნიდნენ თავიანთ სახელმოხვეჭილ მხედართმთავრებსა და სამეფო კართან დაახლოებულ დიდმოხელეებს, ასენოვგრადის სამხრეთით მდებარე მიწები- ასენოვგრადს მაშინ სტანიმახოსი ერქვა-ებოძა ქართველ გრიგოლ ბაკურიანს. ის იყო ალექსი კომნენის დროს (1081-1118 წწ.) იმპერიის სამხრეთ სამფლობელოებში ჯარების "სებასტოსი და დიდი დომესტიკოსი". ადგილობრივ მოსახლეობაში თავისი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის განსამტკიცებლად გრიგოლ ბაკურიანმა ისარგებლა საეკლესიო ინსტიტუციით, 1083 წელს მან დააარსა ბაჩკოვოს მონასტერი, რომელიც იწოდა პეტრიწონის წმიდა ღმრთისმშობლის მონასტრად"..... "ბაჩკოვოს საძვალის კედლის მხატვრობა წარმოშობით ქართველი, შთაგონებული, მაღალნიჭიერი მხატვრის იოანე ივეროპულელის (XI) ხელოვნებაა. მას დღემდე არ დაუკარგავს მომხიბვლელობა" და სხვ.
დასასრულს კი ვიტყვი, რომ პროფესორ ბილიარსკის ერთი პატარა წინადადება რომ არა და რომ არა ჩვენი მეცნიერების დაუდევრობა, ეს წერილიც არ მომზადდებოდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სომხები გამუდმებით იბრძვიან თითქმის ყველა ქართული ტაძრისა და მონასტრის ხელში ჩასაგდებად, თუმცა ფხიზელი და გულანთებული ქართველების წყალობით ვერც სომხები და ვერც მათი მოტრფიალენი საწადელს ვერასოდეს ვერ მიაღწევენ.
პროფესორმა ბილიარსკიმ არუთინოვა-ფიდანიანის მსგავსად თქვა ის უაზრობა, რაც არ უნდა ეთქვა, მაგრამ უკვე გვიანია.
გრიგოლ ბაკურიანის ძე წმიდა სისხლის ქართველი იყო და ამიტომაც ააგო ქართველთათვის სავანე, რომელიც ცნობილია ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართული მონასტრის სახელით.
ბაჩკოვოს/პეტრიწონის ქართულ მონასტერში აღვლენილი წირვა-ლოცვის მადლით აღვსებულიყოს საქართველო და უფალმა დაუმკვიდროს სამარადისო ნათელი გრიგოლ ბაკურიანის ძის უკვდავ სულს, ამინ!
მამუკა ცუხიშვილი