განსაკუთრებით გვახარებს ქართველ მომლოცველთა სტუმრობა
განსაკუთრებით გვახარებს ქართველ მომლოცველთა სტუმრობა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია.

გაიცანით მერილენდის წმიდა ნინოს სახელობის ქართული მონასტერი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით საზღვრებს გარეთ ეპარქიების არსებობა დადგინდა. 2009 წელს, შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია, რომელსაც თავდაპირველად ხელმძღვანელობდა ბათუმისა და ლაზეთის მიტოპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი). 2014 წელს, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით სამღვდელმთავროდ გამორჩეული იქნა ფილადელფიის წმიდაგიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა (ინწკირველი), რომლის კურთხევაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღესრულა 2014 წლის 22 ივლის და ეწოდა სახელი, საბა ეპისკოპოსი ჩრდილოეთ ამერიკისა. ისი გულმოდგინება და მზრუნველობა ეკლესია-მონასტრების მიერ უსაზღვროდ დიდია. მეუფე საბა ღირსეულად აგრძელებს მისი წინამორბედის, მეუფე დიმიტრის დაწყებულ დიდ და საშვილთაშვილო საქმეს.

2015 წლის 4 იანვარს, მეუფე საბას ლოცვა-კურთხევით დავინიშნე ვაშინგტონის სამრევლოს წინამძღვრად. როგორც ახალჩამოსული, საცხოვრებლად მიმიღო მერილენდის წმიდა ნინოს სახელობის ქართულმა მონასტერმა.
- ამგვარად იწყებს საუბარს დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე. ვიდრე წმინდა ნინოს სახელობის მონასტერზე საუბარს დავიწყებდით, მამაომ "კარიბჭესთან" საუბარი შემდეგნაირად გააგრძელა.

- საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. საქართველო კი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც მოსაქცევად დედა ღვთისმშობელს ერგო წილად. საღმრთო განგებულებით კი აქ მოსვლა და ღვთის სიტყვის ქადაგება მას ერგო, რომელსაც ქრისტეს სჯული და მისი მაცხოვნებელი სიტყვა თვით უფლისგან ჰქონდა ნასწავლი და მიღებული. ასე გახდა საქართველო ღვთისმშობლის წილმხვედრი ქვეყანა და მოციქულთა მიერ სამოციქულო სწავლების მიმღები და დამმარხველი. ისტორიული წყაროები გვაუწყებს, რომ ანდრია პირველწოდებული, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად მოიხსენიება, თავისი სამოციქულო მოგზაურობებისას სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში. როგორც ლეონტი მროველი "ქართლის ცხოვრების" I ტომში გვამცნობს: "ხოლო კვალად განამტკიცნა წმიდა მან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკვითად". საეკლესიო გადმოცემით, ღვთისმშობლის "აწყურის" ხელთუქმნელი ხატი საქართველოში ანდრია მოციქულმა ჩამოაბრძანა. თავდაპირველად, წმინდა ანდრია ტრაპიზონში შემოვიდა, შემდეგ გადავიდა "ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების". ანდრია მოციქულმა ქართლში მღვდელნი და დიაკონნი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააგო. ვერც დრო და ჟამი, ვერც ხილულ და უხილავ მტერთა ურიცხვი შემოსევა ვერ აცვლევინებდა ქართველ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რადგან ყოველი მართლმადიდებლისთვის მთავარია მსახურება ღვთისა და არა დროისა. მას შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა, მრავალი რამ შეიცვალა დროთა განმავლობაში. ცვლილებები არ შეხებია მხოლოდ სარწმუნოებას და წმინდა მოციქულთა ნაქადაგარს. მსოფლიო ეკლესიის მნათობი - გიორგი მთაწმინდელი ამბობს: "რა ჟამს ერთგზის გვიცნობიეს ჭეშმარიტება არღარ მივდრეკილვართ მარცხლ, გინამარჯულ და არცა მივიდრიკებით თუ ღმერთსა უნდეს."

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ახსოვს მძიმე და უმძიმესი პერიოდები, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი ყოველთვის ღვთის სადიდებლად აღასრულებდა თავის მისიას. ამის შესახებ წერდა თავის დროზე წმიდა ილია მართალი "ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება სჯულთან ერთად შეერთებული, უძლეველი ხმალია და შელეწილი ფარი მტრის წინაშე. სიტყვას, ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას სულ იმაზე მიაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება სჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამწმიდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამ სახუროს და თავგანწირვით ამოქმედოს".

KARIBCHE

- მამაო, დღეს უამრავი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და უცხოეთში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპარქიების დაფუძნება ალბათ ქართველი ემიგრანტებისთვის დიდი ნუგეში უნდა იყოს...

- XX საუკუნის მიწურულს საქართველოში განვითრებულმა რთულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა გამოიწვია ათასობით საქართველოს მოქალაქის უცხოეთში გადახვეწა. განსაცდელში აღმოჩენილ ჩვენს თანამემამულეთა ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა სამშობლოსთან დაშორება, ამას ემატებოდა კიდევ ერთი პრობლემა - უცხოეთში ყოფნისას იბადებოდნენ მათი შვილები, შვილიშვილები, რომლებიც გაუცხოებულნი აღმოჩნდნენ ქართული კულტურული გარემოსაგან. რის გამოც დიდად წუხდა ემიგრაციაში, თუ "დროებით" უცხოეთში მცხოვრები ქართველობა; ამ მოვლენას ასევე მძიმედ განიცდიდა და განიცდის საქართველოს ეკლესია; შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო მსჯელობის საგანი გახდა აღნიშნული საკითხი და მიღებული იქნა ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები უცხოეთში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპარქიების დაფუძნების შესახებ." ეს არის საქართველოს ეკლესიის საქმედ ქცეული სიტყვა. საქმე, რომლითაც არც ერთი ემიგრანტი არ დაშორდა ღმერთს და შეინარჩუნა თავისი რწმენა და ეროვნული თვითშეგნება.

იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესია საზღვრებს გარეთ კანონიკურად წარმართავდეს მსახურებას, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით დსდგენილის: "V თავი §3. ეპარქიების საზღვრებს საქართველოს ტერიტორიაზე ადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით. საქართველოს საზღვრებს გარეთ ეპარქიების საზღვრები დგინდება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით." დებულების ამ მუხლის შესაბამისად 2009 წელს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია შეიქმნა.

- მამაო, როგორ მოხდა თქვენი გამორჩევა ვაშინგტონის სამრევლოს წინამძღვრად? აქვე გვიამბეთ მერილენდის წმიდა ნინოს სახელობის ქართული მონასტერის შესახებ.

- 2015 წლის 4 იანვარს, მეუფე საბას ლოცვა-კურთხევით დავინიშნე ვაშინგტონის სამრევლოს წინამძღვრად. როგორც ახალჩამოსული საცხოვრებლად მიმიღო, მერილენდის წმიდა ნინოს სახელობის ქართულმა მონასტერმა. მონასტერში მცხოვრები მონოზვნებიდან ქართველი არც ერთი არაა. ამ დროისთვის ქართველი აქ მხოლოდ მე ვარ. ენით აღუწერელია ის სითბო, სიყვარული და მზრუნველობა რასაც მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ემილიანე და მონასტრის დედები იჩენენ აქ მოსულთა მიმართ. იშვიათად ნახავთ ასეთ ურთიერთდამოკიდებულებას და სიყვარულით სავსე ზრუნვას, რასაც ისინი იჩენენ ერთმანეთისა და ნებისმიერი მომსვლელის მიმართ. ჩემი სურვილია უფრო ახლო გაგაცნოთ ეს მონასტერი. მინდა საქართველოში იცოდნენ ამ მონასტრისა და აქ მოღვაწე მონოზვნების შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ მონასტერი არ ჩამოყალიბებულა საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში, არამედ იგი შემდეგ შემოუერთდა საქართველოს საპატრიარქო იურისდიქციას.

***

მამა კონსტანტინეს დახმარებით ჩვენდა გასახარად შემოგთავაზებთ ინტერვიუს მერილენდის წმიდა ნინოს სახელობის ქართული მონასტერის წინამძღვართან, იღუმენია ემილიანესთან (Hanson). დედაო მონასტრის მცირე ისტორიას გვამცნობს:

KARIBCHE- მონასტრის პირველი დები, ჩვენი მოძღვრისა და წინამძღვრის, არქიმანდრიტი დიონისეს სულიერი ზედამხედველობის ქვეშ შევიკრიბეთ, საბერძნეთის სხვადასხვა მონასტრებში. დედათა მონასტრებს, სადაც ჩვენ ვმოღვაწეობდით წინამძღვრობს უხუცესი იღუმენია დიოდორა. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ იღუმენია დიოდორა არის საქართველოს საპატიო მოქალაქე. მამა დიონისე კი ამჟამად არის საბერძნეთში, კერძოდ არის კარდიცა შიპეტრას მონასტრის წინამძღვარი. მამა დიონისე არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ახლო ნაცნობი და მეგობარი. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს გაიცნეს. მაშინ მამა დიონისე იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი და იქ სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

ჩვენი მონასტრის დები, ძირითადად ამერიკელები არიან. თუმცა, გვყავს წარმოშობით ბერძენი, სირიელი, უკრაინელი დების. ზოგი მათგანი მართლმადიდებლურ ოჯახებში დაიბადნენ, ზოგიც მერე მოექცა.

ჩვენ, მონასტრის დები, თავდაპირველად 2010 წელს შევიკრიბეთ ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველი მიტროპოლიტის იონას დაქვემდებარების ქვეშ. საიდანაც შემდგომ გავთავისუფლდით კანონიკური განტევების ფურცლის საფუძველზე და გადავედით რუსული საზღვარგარეთული ეკლესიის იურისდიქციაში, მიტროპოლიტ ილარიონის ომოფორის ქვეშ.

გარკვეულ მიზეზთა გამო, კვლავ დადგა საკითხი ჩვენი იურისდიქციის შეცვლისა. რის გამოც დავუკავშირდით საქართველოს საპატრიარქოს და 2012 წლის აგვისტოში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ საქართველოში მიგვიწვია. განიხილეს ჩვენი მიღების საკითხი და 2012 წლის 25 სექტემბრის #331 ბრძანების თანახმად ჩვენი მონასტერი მიღებული იქნა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში, კერძოდ ჩრდილოეთ ამერიკა შეუერთდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას. ხოლო მონასტერს ეწოდა ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს სახელი. ამავე შეხვედრაზე, მისმა უწმიდესობამ, ილია II-მ დამადგინა მონასტრის იღუმენიად (წინამძღვრად) და დამაჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
2014 წელს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას გამოეყო ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია და მის მმართველ მღვდელმთავრად დადგენილი იქნა მეუფე საბა, რომელთანაც ჩვენ დიდი და ახლო ურთიერთობა გვქონდა ჯერ კიდევ მისი სამღვდლო ხარისხში მსახურების დროს. იგი მუდამ თავდაუზოგავად და სიყვარულით გვედგა გვერდში და გვეხმარებოდა მონასტრის დედებს. ჩვენს მონასტერში ზაფხულობით ფუნქციონირებს საბავშვო ბანაკები, რომელსაც ბოლო ორი წელია მეუფე საბა უდგას სათავეში.

ასეთია ჩვენი მონასტრის მცირე ისტორია, რომლის კარი მუდამ ღიაა ყველა მომლოცველისათვის. განსაკუთრებით კი გვახარებს ქართველ მომლოცველთა სტუმრობა.



ბეჭდვა
1კ1