ერთ რამეზე მწყდება გული - რატომ ადრე არ ვიპოვე ეკლესიის გზა...
ერთ რამეზე მწყდება გული - რატომ ადრე არ ვიპოვე ეკლესიის გზა...
მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორობის ჟამს სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა მომავალი საქართველოს პატრიარქი. ვლადიკავკაზიდან გადმოსულმა გიორგი შიოლაშვილმა მეუღლის, ნატალიას გარდაცვალების შემდეგ მცხეთაში შეიძინა კარ-მიდამო. პაპისეულ სახლში შემდეგ შიოლაშვილები ცხოვრობდნენ. ბოლოს ამ სახლში ცხოვრობდა პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრის უფროსი ძმა გიორგი, რომელიც 45 წლისა გულის შეტევით უეცრად გარდაიცვალა. უვლიდა წინაპრების კერას და ცალკე სახლის აშენებასაც ფიქრობდა - ეზოში საძირკველიც გაუთხრია, მაგრამ...

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია, შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მონასტერი დაფუძნდა, ხოლო გოგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე, პატრიარქის კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძარი აკურთხეს 2006 წლის 14 სექტემბერს.

ღვთის მადლით, ტაძრის კურთხევას პირადად ვესწრებოდი. თვითმხილველი ვარ იმისა, თუ როგორი დიდი სიყვარულით უმასპინძლა თავად პატრიარქმა უამრავ ხალხს, დააპურა და ახალნაკურთხ ტაძარს შესწირა ღვთისმშობლის ხატი და ორი ვერცხლის ჭიქა ლანგრითურთ დედ-მამის სახელზე. ეს ნივთები ძვირფასია მონასტრის წევრებისთვის. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მონასტერს არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი) წინამძღვრობს. ტაძრის კურთხევისას მასპინძლობას მღვდელმონაზონი ლუკა (ფალავანდიშვილი) გვიწევდა. ცოტა ხნის შემდეგ იღუმენი ლუკა ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრად აკურთხეს. მონასტრის კეთილმოწესედ კი მამა ბართლომეს სულიერი შვილი, მღვდელმონაზონი სამოელი (ზედგინიძე) განაწესეს. მანამდე მამა სამოელი იქვე, წმინდა იოანე-თორნიკეს სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახლა იქ დედათა მონასტერია დაფუძნებული.

მამა სამოელს მონასტერში ვესტუმრე. აქაურობა დღითიდღე ლამაზდება. გაკეთდა ნიჩბისის ქვის გალავანი და სამრეკლო. მამა სამოელთან ერთად მონასტერში ბერდიაკვანი ევსტატე და ბერი ონოფრე ცხოვრობენ.

- როგორ გადაწყვიტეთ ბერობა? - ვკითხე მამა სამოელს.

- ღვთის შეწევნით, გამოცდილი სასულიერო პირების რჩევა-დარიგებით გავერკვიე ბერობის არსში და ბერობის გზას დავადექი. ერთ-ერთი მოძღვარი იყო არქიმანდრიტი ბართლომე, რომელმაც მომცა საშუალება, მიზანი ამესრულებინა. მანამდე ერში ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. როგორც კი დავიწყე ფიქრი ბერობაზე, ნელ-ნელა მოხდა საერო ცხოვრებისგან გათიშვა. ჩამოვშორდი მეგობრებს, ახლობლებს. დაახლოებით წელიწადნახევარი დამჭირდა, რათა ბოლომდე გავრკვეულიყავი გადაწყვეტილების სიმტკიცეში. 30 წლისა აღვიკვეცე - მალე 33-ისა გავხდები.

- მამაო, ერში როგორი წარმოდგენა გქონდათ ბერმონაზვნურ ცხოვრებაზე?

- უფრო სხვანაირი, არარეალური შეხედულება მქონდა ბერობაზე, მონასტრულ ცხოვრებაზე. მერე თვითონ ცხოვრებამ დამანახა ნამდვილი სახე და ბევრად უფრო გამიადვილდა, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა. ჯერჯერობით ბევრის თქმა არ შემიძლია, რადგან ახალი მოსული ვარ მონასტერში და ძნელია, საფუძვლიანად ვისაუბრო ბერულ ცხოვრებაზე.

ერთი კია: როცა აღვიკვეცე, ისეთი სასიამოვნო გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაცისგან გავთავისუფლდი. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და ბუნებრივად ვიგრძენი თავი.

- მამაო, როცა ბერული კაბით შეიმოსეთ, რა გაიფიქრეთ?

- ვფიქრობდი, რომ ბევრი ტკივილი, მწუხარება და ბევრი სიხარული იქნებოდა ამ გზაზე და გზა, რომელიც კაბის ჩაცმიდან ცხოვრების დასასრულამდე უნდა გამევლო, ღვთის შეწევნით, დაიძლეოდა. მშობლებს გაუჭირდათ ჩემს არჩევანთან შეგუება, მაგრამ უფლის მადლით ყველაფერი მოგვარდა. ყველამ თავისი ადგილი უნდა იპოვოს ცხოვრებაში. უკეთესის ძებნა შეიძლება არ იყოს სწორი. უმჯობესი კი ის არის, იპოვო ის, რისთვისაც უფალი მოგიწოდებს.

უნდა გამოიძიო, რამდენად არის ღვთისთვის სათნო და სასურველი შენი ნაბიჯი. ღვთის შეწევნით, ჩემი მშობლები მიხვდნენ, რომ ეს გზა სამწუხარო კი არა, სასიხარულოა.

- მამაო, ამ ცხოვრებაში რამეზე თუ გწყდებათ გული?

- მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული: უფრო ადრე რატომ არ დავინტერესდი და ადრე არ ვიპოვე ეკლესიის გზა - ღმერთი და რატომ ადრე არ დავიწყე ღვთის ძიება. დღეს ვცხოვრობ მონასტერში მამა ევსტატესთან და მამა ონოფრესთან ერთად და ვცდილობთ, სწორად ვიცხოვროთ, რათა სარგებელი მოვუტანოთ საკუთარ თავს, ერთმანეთს, ყველას, ვინც ჩვენს მონასტერში სტუმრად მოდის.

- რა არის თქვენი მონასტრის ძირითადი საქმიანობა?

- ჩვენი მონასტერი დღესდღეობით მშენებარეა. როგორც კი გაზაფხულდება, ღვთის შეწევნით მშენებლობას გავაგრძელებთ. დიდი სურვილი გვაქვს, აქ აშენდეს საცხოვრებელი კოშკი და მას მივაშენოთ სენაკები. მერე უფრო სრულყოფილი სახე ექნება მონასტერს. ამის გარდა, ჩამოვქნით სანთელს. მამები სკვნილებსაც ქსოვენ. ვცხოვრობთ ჩვეულებრივი მონასტრული ტიპიკონით და ვცდილობთ, ერთობით ვადიდოთ უფალი.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ.

დიდი მარხვის პერიოდია და ვისურვებდი, რომ ღვთისთვის მეტი ყურადღება დაგეთმოთ, ეს მარხვა გაგეტარებინოთ გულის განწმენდისთვის.

მრავალ აღდგომას დაგასწროთ.

KARIBCHEმამა ევსტატე (უსუფაშვილი): - წარმოშობით გურჯაანელი ვარ. ეკლესიური ცხოვრება 14 წლისამ დავიწყე. პირველად გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძარში მივედი (ამჟამად იქ მამათა მონასტერია). ქრისტიანობას თავიდან იქ ვეზიარე. ამ დროს ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი გახდლათ სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი მეუფე ანდრია (გვაზავა). მაშინდელი ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა გიორგი თევდორაშვილის ლოცვა-კურთხევით, მეუფემ მიკურთხა სტიქარი. იმ დროს მამა გიორგი ღვთისმშობლის ტაძარში წირავდა. მისი ლოცვა-კურთხევით გამიჩნდა სურვილი, მარხვაში მცირე ხნით მონასტერში წავსულიყავი. 2003 წელს პირველად მოვილოცე ქვათახევის მამათა მონასტერი. ამ დროს მეუფე ანდრია უკვე სამთავისისა და გორის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

მონასტრული ცხოვრების სურვილი ჩემში თანდათან ძლიერდებოდა. როცა ეს ნაბიჯი დარწმუნებით გადავდგი, თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტრის იღუმენთან, არქიმანდრიტ ბართლომესთან მივედი. გავიარე მორჩილება. შევიმოსე მორჩილის კაბით და მამა ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, მსახურება მარტყოფის ყოველთა წმინდათა მონასტერში გავაგრძელე, რომლის წინამძღვარი თავად მამა ბართლომე გახლავთ. რამდენიმე თვის შემდეგ კი მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გადმომიყვანეს. მაშინ მონასტრის კეთილმოწესე მამა ლუკა იყო. მასთან მორჩილებაში ერთი წელი ვიყავი. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ტაძრის კურთხევის დღეს ბერობის უფლება მოგვეცა მე და ახლა უკვე წალკის წმინდა კონსტანტინესა და ელენე დედოფლის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესეს მღვდელმონაზონ ანგიას. მაშინ ის მორჩილი დემეტრე იყო.

წელიწადნახევრის შემდეგ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ექვთიმემ დიაკვნად დამასხა ხელი გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, იქ, სადაც პირველად ვეზიარე ქრისტიანობას. ამ ყველაფერმა ჩემში საოცარი სიხარული შემოიტანა.

2007 წელს მამა ბართლომემ უკვე ბერად აღმკვეცა. მონასტერი ჩემთვის ყველაფერია. მონასტერი არის სულის განწმენდის ადგილი, სადაც ადამიანები ლოცვით, მარხვით უფალს თავს ავედრებენ.

მონასტერში ძირითადი საქმე ლოცვა და შრომაა. ამ სავანეში ხდება ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის. წმინდა მამები მონასტერს მიწიერ სამოთხესაც უწოდებენ.

მამა ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, ვცდილობთ, ერთმანეთი გავიტანოთ ძმობით, სიყვარულით, თანადგომით, ლოცვით და ღვთის ნება ასე აღვასრულოთ.

მამა ონოფრე (გიორგაძე): - ეკლესიური ცხოვრება 20 წლის ასაკში დავიწყე. მივედი თბილისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში. ჩემი სულიერი მოძღვარი მამა მიქაელ წურწუმია გახლდათ.

მისი ლოცვა-კურთხევით, წავედი ალავერდის მონასტერში. მეუფე დავითის (მახარაძე) კურთხევით იქ ორი კვირა ვიცხოვრე ორ მორჩილთან ერთად. მერე გადავწყვიტე სასულიერო სემინარიაში ჩაბარება, მაგრამ განსაცდელების გამო მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში წავედი. სამი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა ამ მონასტერთან, მის წინამძღვართან, მამა ბენიამინთან. ვსტიქაროსნობდი კიდეც. შემდეგ ჩემი მეგობრის, ახლა უკვე მორჩილის, იოანეს (სამხარაძე) დახმარებით, ზემო სვანეთის მოსალოცად წავედი. ორი კვირა ვცხოვრობდი მეუფე ილარიონის რეზიდენციაში. უწმინდესის, მეუფე იობისა და მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით შევძელი მესტიის მუზეუმის უძველესი ხელნაწერების, ხატების ფოტოზე გადაღება. სვანეთის მოლოცვის მერე ცოტა ხანი ქვათახევის მონასტერშიც ვიცხოვრე. ამ ყველაფრის შემდეგ იმდენად გამიმძაფრდა მონასტრული ცხოვრების სურვილი, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე, ამ გზას შევდგომოდი. მეუფე იობმა სამ თვეში შემმოსა დირბის ღვთისმშობლის მამათა მონასტერში (ახლა იქ დედათა მონასტერია). ერთი წლის მერე დირბიდან თბილისში საქმეზე ჩამოსულ არქიმანდრიტ ბართლომეს შევხვდი. მან თანხმობა მომცა თავის მონასტერში ცხოვრებაზე. თვენახევარი დავყავი თაბორის მთაზე. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 2007 წლის 11 დეკემბერს ბერად აღვიკვეცე. მას შემდეგ ვცხოვრობ აქ.

მონასტერი ჩემთვის არის ნუგეში და ღმერთთან დამაკავშირებელი ადგილი. მონასტერში სწავლობ, რა არის ქრისტიანობა, სიყვარული, ძმობა. თუ მონასტრულ გზას არ აირჩევს ადამიანი, კარგი იქნება, მცირე ხნით მაინც თუ შეძლებს მონასტერში ცხოვრებას, რათა შეიცნოს, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი.
ბეჭდვა
1კ1