ყანჩაეთის ჟამგულანი ევდემოზ რატიშვილმა დაამზადებინა და კაბენის მონასტერს შესწირა
ყანჩაეთის ჟამგულანი ევდემოზ რატიშვილმა დაამზადებინა და კაბენის მონასტერს შესწირა
ვაგრძელებთ "კარიბჭის" არქივიდან (2007 წელი) ციკლს - ქსნის ხეობა.
სოფელი ყანჩაეთი ქსნის მარჯვენა მხარესაა. მოზრდილი სოფელია. აქ ცხოვრობენ ტატუნაშვილები, გოგაძეები, წინამძღვრიშვილები, ჯარმელიშვილები, ცქიტიშვილები, ქესაურები... ყველაზე ბევრი მაინც ტატუნაშვილები არიან. სოფლის ბოლოს გამოდის გოგირდოვანი წყარო, რომელსაც ვეძას ეძახიან. სოფლის მისასვლელში, ტყიან ფერდობზე მოჩანს თითქმის ნანგრევებად ქცეული კაბენის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელსაც გეთსიმანიასაც უწოდებენ.

წვიმიან ამინდში იმ ულამაზესი ადგილების მონახულებას ვერ შევძლებდით, რომ არ დაგვხმარებოდა ბატონი ვაჟა გელაშვილი ( მაშინდელი "ლომისის" გენერალური დირექტორი). გზაში ერთ გლეხს შევხვდი, ნახირს მწყემსავდა.

KARIBCHE

- ამ ადგილს ღრუნტს ეტყვიან. ამას რომ გავცდებით, არმაისელია, ის მინდვრები ყანჩაეთს ეკუთვნის, იქით მინდორს წინწვერი ჰქვია, - ხელით მიმითითებს, - აქეთ ტბებია. ღრუნტი და არმაისელია ჩვენი საზღვარი. არმაისელში წყაროა, იმის იქით დღევანდელი ოსეთის ტერიტორიაა. წყაროს აქეთ კი ყანჩაეთია.

ყანჩაეთში კაბენის მონასტერი რომ არ მოგველოცა, გულში ხინჯად დაგვრჩებოდა. ეს უდიდესი ისტორიის მქონე მონასტერი რამდენიმე წლის წინ ჩამოინგრა. უსახურავოდ დარჩენილს ზამთარ-ზაფხულ უმოწყალოდ აწვიმს და ათოვს. მონასტერი მაღლობზეა, დაბლა პატარა მდინარე ყანჩაურა ჩამოუდის, საიდანაც იწყება მონასტერში მისასვლელი აღმართი. ტაძარი ქვითკირითაა ნაგები. სამხრეთის მინაშენი აგურისაა. იქ საძვალე ყოფილა. ტაძრის გვერდით ქვითკირის დიდი დარბაზის ნანგრევია. ეტყობა, სატრაპეზო იყო.

KARIBCHEკაბენის მონასტერი IX საუკუნით თარიღდება. XIV საუკუნის მეორე ნახევარში მონასტერი განუახლებია იოანე ერისთავს, რომელსაც "ძეგლი ერისთავთა" ტაძრის მეორედ აღმაშენებელს უწოდებს. მონასტერში მრავალი ხელნაწერი და მდიდარი ბიბლიოთეკა ინახებოდა. აღსანიშნავია ყანჩაეთის ჟამგულანი, რომელიც დაამზადებინა ევდემოზ რატიშვილმა და შესწირა კაბენის მონასტერს. საყურადღებოა აგრეთვე ყანჩაეთის ოთხთავი, საეკლესიო განძი და ხატები.

სოფელ ყანჩაეთის ზევით, დაკიდებულ ხევსა და ყანჩაურას შორის, არის ხატის ან ნიშის ვაკე, სადაც გლეხებს წვიმისაგან გამორეცხილ ნაპირზე ძველისძველი განძიც კი უპოვიათ.

ფოტოები პირადი არქივიდან


ბეჭდვა
1კ1