იკოთის მონასტერი ის შუქურაა, რომელიც მოსახლეობაში ღვთის სიყვარულსა და მომავლის რწმენას აღვივებს
იკოთის მონასტერი ის შუქურაა, რომელიც მოსახლეობაში ღვთის სიყვარულსა და მომავლის რწმენას აღვივებს
"კარიბჭის" არქივში ახალგორის მასალები მოვიძიე, იმ ჩვენი მიწა-წყლისა, სადაც ახლა ქართველთა მიმოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სოციალურ თუ პოლიტიკურ ორომტრიალში ჩართულებს აღარცკი გვახსოვს მშობლიური მიწა და ღვთის ანაბარად დარჩენილა იქაურობა. ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) "საზღავრს იქით" მყოფ თავის სამწყსოს გვერდიდან არ შორდება. იქ მყოფ ერს თუ ბერს მანუგებლად უდგას.
ახალგორს 2007 წელს, მეუფე ისაიას ლოცვა-კურთხევით ვესტუმრე. სოფელ იკოთაში მდებარე დედათა მონასტის წევრების დახმარებით მოვილცე იქაური წმინდა ადგილები... გთავაზობთ "კარიბჭის" არქივიდან ამონარიდს...
იკოთა, ეს მთაგორიანი სოფელი ქსნის მარცხენა მხარეს მდებარეობს. სოფელს გორაკიდან გადმოჰყურებს სვეტებზე შემდგარი XVIII საუკუნით დათარიღებული ქსნის ერისთავთა საზაფხულო სასახლე, რომელიც მოგვიანებით შეუსყიდია თავად გენო ქობულაშვილს და სიძე-ქალიშვილისთვის - მიხეილ ბაგრატიონ-მუხრან-ბატონისა და ნინო ქობულაშვილისთვის ქორწილის დღეს უჩუქებია.

KARIBCHE

მუხრან-ბატონს ძალზე ჰყვარებია ეს სოფელი და მიუხედავად იმისა, რომ თბილისშიც ჰქონდა სასახლე (დღევანდელი სამხატვრო აკადემია), სიცოცხლის ბოლომდე იკოთის სასახლეში ცხოვრობდა.

შემდეგ სასახლეში სკოლა გაიხსნა. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან სასახლე გაპარტახდა.

საქონლის სადგომად ქცეულ სასახლეში ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, ისაიას ლოცვა-კურთხევით, 2003 წლის 10 ივნისს წმინდა ბერი ალექსი შუშანიას სახელობის დედათა მონასტერი დაფუძნდა.

მეუფე ისაიას ლოცვა-კურთხევით, მონასტერში რამდენიმე დღე დავრჩი. მონასტერს ქვის გალავანი აკრავს. ფეხის შედგმისთანავე იგრძნობა დიდი მადლი. სტუმრის მოსვლას კი განსაკუთრებით ბუთუ გრძნობს. ბუთუ ქართული ნაგაზია და მონასტერს ერთგულად იცავს. სახელი თავად მეუფეს შეურჩევია. მისი ძმა ბათუ კი ნიქოზის მამათა მონასტერს დარაჯობს.

მეუფე ისაიას ღვაწლითა და კეთილი ადამიანების თანადგომით აიგო მცირე ზომის ეკლესია და სამრეკლო, მოეწყო სენაკები.

მონასტრის კეთილმოწესე სენაკისკენ მიმიძღვის. აქ მოისვენეთო, - მითხრა თბილი, დედობრივი ხმით. მომცრო სენაკის სარკმლიდან კარგად ჩანს სოფელი, მონასტრის დიდი ხის აივნიდან მთელი იკოთი იშლება.

მონასტერს მცირე მეურნეობა აქვს. მიწის ნაკვეთს დედები ამუშავებენ. ცხრა სული საქონელი ჰყავთ: ირემა, ირმისა, ნებია, ნაბია, მარტა... ამ ყველაფერს სულ სამი მონაზონი და ერთი მორჩილი უძღვებიან. უხუცესი 85 წლის დედა ელენეა, რომელიც თავისი სულიერი და ფიზიკური ღვაწლით სამონასტრო ცხოვრების ცოცხალი მაგალითია. მონასტერში სანთლის დამამზადებელი დანადგარია მოწყობილი. უფლის წყალობით და მეუფის ლოცვა-კურთხევით, მთელი ეპარქიისთვის სუფთა თაფლის სანთელი ამ მონასტერში მზადდება. დედა ელენეს მიერ დაჩეჩილი და დართული ძაფით იქსოვება სხვადასხვა სახის ქსოვილი შესამოსლისა და ნაქარგობისთვის. აქვე იქსოვება ქართული ტრადიციული ფარდაგი, მზადდება თექა. მონასტრის წევრების სიმცირეს სტუმრების სიმრავლე ავსებს. მათი წყალობითაც დედებს ხელსაქმე უმსუბუქდებათ.

KARIBCHEმონასტერი ძირითადად ბერი ალექსის სწავლებით ხელმძღვანელობს. მისი სწავლება მონასტრის წევრებს უქადაგებს, რომ საარსებო წყარო სხვისი ხელით კი არ მოიპოვონ, არამედ თავიანთი გარჯით - "ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა..."

მონასტრული ტიპიკონით, ღვთისმსახურება იღუმენმა იოანემ აღასრულა. მცირე ხნის შესვენების შემდეგ სოფლის ჭირის და ლხინის გაგება თავად გადავწყვიტე. მანამდე მონასტერში სტუმრად ბატონი როლანდ ოვაშვილი მობრძანდა. მან მითხრა: "ქსნის ხეობა მუხრანიდან იწყება და მთავრდება ყელის ტბაზე. მის ზევით გასასვლელი ჩაკეტილია. ეს ერთი მხრივ დადებითია იმით, რომ აქ უცხო გამვლელი არ მოდის. ამიტომ ნაკლებია ქურდობა, ყაჩაღობა, უპატივცემულობა. სოფელი, როგორც ერთი ოჯახი, ისე ცხოვრობს. მდინარე ქსნის ორივე ნაპირას პატარ-პატარა სოფლებია. სოფლების სახელები ძირითადად აქ მაცხოვრებელი გვარებიდან მომდინარეობს: პავლიანი, კარელთკარი, ელოიანი, ბალაანი, მიდელაანი, ჩატიანი, მარტიაანი და სხვა. ქსნის მარჯვენა შენაკადია ჭურთულა, რომელსაც დორეთკარსაც ეძახიან - ადრე აქ დორეულებს უცხოვრიათ. ჩვენს ხეობაში ძირითადად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს.

იკოთი ქსნის ერისთავების საკუთრება გახლდათ. მეფე ერეკლეს ამ სოფელში ჩამოუსახლებია სამეფო აზნაურები - ფიცხელაურები. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არაგვის ხეობიდან და ფშავ-ხევსურეთიდანაა: მათ შორის არიან გიგაურები, გვრიტიშვილები, ბაშარულები, დაახლოებით ათი გვარი ცხოვრობს იკოთში.

ამ სამასკომლიან სოფელს დღეს ისე უჭირს და ულხინს, როგორც სხვა სოფლებს. იკოთის მონასტერი კი ის შუქურაა, რომელიც მოსახლეობაში ღვთის სიყვარულსა და მომავლის რწმენას აღვივებს".

ფოტოები აღებულია ფეისბუქის გვერდიდან-"გვახსოვდეს ქსნის ხეობა"-ახალგორი




ბეჭდვა
1კ1