"თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან", ამ სათაურით გამოსცა საკუთარი ნაშრომი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
წიგნი მოგვითხრობს სამეგრელოში პირველი დედათა სავანის, თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის ისტორიას. აღნიშნულ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ - თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრის პირველი კრებული დაფუძნდა სენაკის მაზრის სოფელ ზედა თეკლათში 1865 წელს მთაზე, რომელიც ხალხში "მთავარანგელოზთა კუნძულის" სახელით იყო ცნობილი (დღეს ამ სოფელს მენჯი ეწოდება). 1873 წელს დედები გადავიდნენ ახალ ადგილზე, სადაც ამჟამად თეკლათის მონასტერი მდებარეობს. კრებული იმ პერიოდში 7 წევრისაგან შედგებოდა. დედების მოღვაწეობის პირვანდელ ადგილზე, მთავარანგელოზთა კუნძულზე, 1892 წელს ღირსმა ალექსი სენაკელმა (შუშანიამ) მამათა სავანე დააფუძნა, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა და არაერთი წმინდა მოსაგრე აღზარდა.
მამა კონსტანტინე ქვარაია და მისი სულიერი მოწაფე ბეთანიელი ბერმონაზონი მამა - ვასილ ფირცხალავათეკლათის მონასტერი იყო პირველი და XX ს.-ის ბოლომდე ერთადერთი დედათა სავანე სამეგრელოში. მისი სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს გამოჩენილმა იერარქებმა, რომელთა მსახურებაც დაემთხვა საქართველოს ეკლესიის ისტორიის დაახლოებით 100-წლიან მონაკვეთს.
თეკლათის სავანის დაარსებიდან XX ს-ის 60-იანი წლების ჩათვლით მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: მონაზონი სალომე თავდგირიძე, იღუმენიები: ათანასია სალაყაია, ეკატერინე აფაქიძე, ნინო ვაჩნაძე, ელეონორა დადიანი, სქემმონაზონი თებრონე ჯინორიძე, იღუმენიები ქეთევან და ელენე ახვლედიანები და სქემმონაზონი მარიამ ჭიჭინაძე. წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, მონაზვნების გულმოდგინე შრომითა და მათ მიერვე შეგროვილი შემოწირულობებით სავანეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ახალი ტაძარი აიგო, რომელიც 1889 წლის 1 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა აკურთხა.
თეკლათის დედათა მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება გახლავთ ქართული მონაზვნობის გამორჩეული მოსაგრის, დაყუდებული ბერისა და საეკლესიო მწერლის, ღირსი ალექსი სენაკელის უდიდესი როლი სავანის სულიერ ცხოვრებაში. მამა ალექსის წვლილი მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი თითქმის დაარსებიდანვე, დაახლოებით 50 წლის განმავლობაში მხარში ედგა და სულიერად ასაზრდოებდა თეკლათელ დედებს და უმეტესი მათგანის მოძღვარი იყო. მას შემდეგაც კი, როდესაც 1898 წელს მან დაყუდების ღვაწლი იტვირთა და თავისი სენაკიდან გაუსვლელობის აღთქმა დადო, გამონაკლისს მხოლოდ თეკლათის მონასტერი წარმოადგენდა. იგი სტუმრობდა სავანის დედებს და ასევე მიმოწერაც ჰქონდა მათთან. ალექსი ბერის სულიერი სიახლოვე თეკლათელ მონაზვნებთან მის რამდენიმე თხზულებაშიც აისახა.
ღირსი ალექსი 1923 წლის 31 იანვარს გარდაიცვალა და თეკლათის მონასტერში დაიკრძალა. 1960 წლის 6 იანვარს მამა ალექსის ნეშტი მის მიერვე დაარსებულ მთავარანგელოზთა კუნძულის სავანეში გადაასვენეს და ტაძრის საკურთხეველთან დაკრძალეს. თეკლათელი დედების თხოვნით ძველ საფლავში მისი ნეშტის მცირე ნაწილი დატოვეს.
მონასტრის უკანასკნელი დაყუდებული მოსაგრე იყო სქემმონაზონი მარიამ (ძიძავა). იგი ღირსი ალექსის სულიერი შვილი იყო და მის მიერვე აღიკვეცა დიდ სქემაში. დედა მარიამი 1973 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში და მონასტრის ეზოში დაიკრძალა.
სავანის სულიერი ცხოვრების თავისებურებათა შორის აღსანიშნავია ასევე თეკლათელი მონაზვნების დამსახურება ძველი ქართული სამგალობლო ტრადიციების გადარჩენის საქმეში, რაც სხვადასხვა საარქივო მასალებით დასტურდება.
1884 წელს გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე წმინდა ფილიმონ ქორიძე თეკლათის სავანეს ეწვია. მან ჩაიწერა დედების მიერ შესრულებული საგალობლები და აღნიშნა: "ასე ოსტატურად, ორიგინალურად შექმნილი აკორდები, მშვიდი და დამაჯერებელი რითმის ჰანგები არასდროს არ გამიგონიაო". ციტატის დასასრ.
თეკლათის სავანის მოძღვარი, XX ს.-ის ქართული მონაზვნობის შესანიშნავი მოღვაწე არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია) ათწლეულების განმავლობაში სულიერად ასაზრდოებდა არა მარტო თეკლათელ მოსაგრეებს, არამედ დედებსაც ჯიხეთის მონასტერში.
თეკლათელი მონაზვნები იყვნენ აგრეთვე ღირსი ალექსი სენაკელის ბიძაშვილები და სულიერი შვილები დები, სქემიღუმენია ფავსტო და სქემმონაზონი აკეფსიმე (შუშანიები). დედა ფავსტო ღირსი ალექსის გარდაცვალების შემდეგ მთავარანგელოზთა კუნძულის სავანის ფაქტობრივი წინამძღვარი იყო. დები შუშანიების აღმსარებლური ღვაწლით მოხერხდა მამა ალექსის მიერ დაარსებული სავანისა და მისი სამწერლობო მემკვიდრეობის გადარჩენა ეკლესიის დევნის პერიოდში.
მონასტერში დაცულ სიწმინდეთა შორის აღსანიშნავია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თითის ნაწილი (ფალანგი), რომელიც გადმოცემის თანახმად, 1890-იან წლებში საბერძნეთში შეიძინა და მონასტერს შესწირა თეკლათის მონასტრის მოამაგემ, აფხაზეთის ეპარქიის ყოფილმა მთვარხუცესმა, დეკანოზმა გიორგი ახვლედიანმა. მონაზვნებმა გადაარჩინეს და შემოინახეს ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხატი, რომელიც იმპერატორმა ალექსანდრე III-მ 1888 წელს საქართველოში მოგზაურობის დროს მონასტერს უსახსოვრა და ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატის `დაუჭკნობელი ყვავილის~ ასლი, რომელიც თეკლათის მონასტრისთვის ათონის მთაზე წმ. იოანე ღვთისმეტყველის ქართული სავანის წინამძღვრის, მღვდელ-სქემმონაზონ იონა ხოშტარიას დაკვეთით დაიწერა და 1904 წლის 20 მაისს ათონიდან ჩამოაბრძანეს. ეს სიწმინდეები დღესაც მონასტერში ინახება.
არქიმანდრიტი შიო (ძიძავა)თეკლათის მონასტრის დედებმა, რომელთა უმეტესობაც მამა ალექსის სულიერი შვილები იყვნენ და XX ს.-ის 80-იან წლებამდე ამ სავანეში იღვაწეს, შეინარჩუნეს და მომდევნო თაობებს გადასცეს თავიანთი დიდი მოძღვრისგან მიღებული სულიერი გამოცდილება
დიდი მოკრძალებით მინდა ვახსენო გამორჩეული სენაკელი მოღვაწე, ღირსი ალექსი შუშანიას სულიერი შვილი და მოწაფე არქიმანდრიტი შიო (ძიძავა), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თეკლათის მონასტრის მოძღვრად მსახურობდა და დიდი წვლილი შეიტანა სამეგრელოში დევნის პერიოდში სარწმუნოების გადარჩენის საქმეში. იგი 1969 წელს გარდაიცვალა და თეკლათის მონასტერში განისვენებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მამა შიო ძიძავა იყო უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულიერი მოძღვარი, მისი მღვდელმთავრად მსახურების პერიოდში. ამიტომაც თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენო ძვირფასო მამავ და პატრიარქო, ეს მოკრძალებული ნაშრომი მოგიძღვენით თქვენ, როგორც სენაკელი წმინდა მოსაგრეების გამორჩეულ მემკვიდრესა და თანამედროვეობის უდიდეს სასულიერო მოღვაწეს.
თეკლათელი დედები. 1910 წელი. შუაში - გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), იღუმენია ეკატერინე აფაქიძე და მონასტრის მოძღვარი მამა პეტრე ბაკურაძე.