სვანების გულში ყოველთვის იყო რწმენასთან შეზავებული ტრადიცია, რომელმაც ასე ურყევად და მამაცურად მოატანინა მათ თავი დღემდე
სვანების გულში ყოველთვის იყო რწმენასთან შეზავებული ტრადიცია, რომელმაც ასე ურყევად და მამაცურად მოატანინა მათ თავი დღემდე

ლამარია - ასე უწოდებენ სვანები ღვთისმშობელს.  ეკლესია მის სახელზე X საუკუნეში აუშენებიათ უშგულის ულამაზეს სოფელში.

თავად უშგული კი ზღვის დონიდან საქართველოში ყველაზე მაღალი დასახლებაა. თავისუფალი სვანეთის განაპირა თემი შხარას ძირში, მდინარე ენგურის სათავის ვიწრო ხეობაშია გაწოლილი. ადგილის დედასავით დარაჯობენ სოფლად შემორჩენილი სვანები აქაურობას. ენანებათ მიტოვება - კერიას ვერ გავაცივებთო. ღვთის წყალობით და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, ილარიონის ლოცვა-კურთხევით უშგულში უკვე რამდენიმე წელია მამათა მონასტერია დაფუძნებული. წინამძღვრი არქიმანდრიტი იოანა (გელაშვილი) გახლავთ. მამა იონას საუბარი ვთხოვე:

- მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით 2011 წელს   უშგულის ლამარიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახლობის ტაძრის წინამძღვრად დავინიშნე. მრავალი ათეული წლის განმავლობაში სოფელს მღვდელმსახური არ ჰყავდა. მეუფის ლოცვა-კურთხევით  და სოფლის მოსახლეობის ინიციატივით,  მატერიალური და  ფიზიკური მხარდაჭერით უშგულში სამონასტრო ცხოვრება აღსდგა. სამწუხაროდ ტაძრის გარდა მიმდებარე ტერიტორია და საცხოვრისები დაზიანებული და დაბინძურებული დაგვხვდა. აღდგენა-დასუფთავების შემდეგ დავიწყეთ საამშენებლო სამუშაოები.  აქტიურად  დაგვიდგა მხარში სოფლის ახალგაზრდობა და ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი სამონასტრო ცხოვრების დაფუძნებას.  ამ ღვთის სათნო საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის იმდროინდელ რწმუნებულს - დავით (ახტერ) ჭელიძეს, რომელმაც სოფლის პროგრამის კუთვნილი თანხა მოახმარა მონასტერს. მონასტრის აღდგენამდე  უაღრესად მკაცრ პირობებში ვცხოვრობდით. ყოველივე ამან მიაღწია გამორჩეული ქართველის, ირაკლი გურჩიანის ყურამდე, რომელმაც გულთან მიიტანა ჩვენი მდგომარეობა და გადამწყვიტა აღედგინა  უშგულის უძველესი სამონასტრო კომპლექსი - ლამარია. მინდა გამოვყო ჩვენი ტაძრის მრევლი, ბატონი თეზო ჯაფარიძე, რომელმაც აქტიური მხარდაჭრა გამოავლინა მონასტრის აღსადგენად.  მონასტრისა და სოფლის სახელით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც გვერდით დაგვიდგა. მათი დახმარებით მონასტერი დაფუძნდა.

***
მონასტრის დაარსების დღიდან მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით  მოქმედებს ტიპიკონი.  უშგულის გეოგრაფიული მდგომარეობის გამო პირობები მართლაც მკაცრია, ბევრი სირთულე ახლავს აქაურ ცხოვრებას. მოგეხსენებათ უშგული ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია, მაგრამ ბერი აბა რა ბერია თუ ეს ვერ დაითმინა, მით უმეტეს მე აქ მცხოვრებლების გამო მიღირს ყოველივე. ეს არის სოფელი, რომელმაც უამრავ რელიგიურ დევნას და რეპრესიებს გაუძლო. შეინარჩუნა როგორც რწმენა, ასევე უდიდესი სიწმინდეები, სვანი ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა რწმენით და სამშობლოს სიყვარულის შეურყეველი ბუნებით. ეს ადგილი თავისი ცხოვრების წესით გახდა ღირსი მიეღო უფლის პირველი მოწაფეები.  საგულისხმოა, რომ ანდრია პირველწოდებული მატათა და სვიმონ კანანელი ამ მიწაზე დადიოდნენ, გვნათლავდნენ და გვიქადაგებდნენ.

უწმინდესიც ესტუმრა მონასტერს. უდიდესი დღე იყო ეს დღე უშგულელებისთვის, მთელი სოფელი შეიკრიბა, ცხენოსნებიც, მომღერლებიც და დიდი შეხვედრა მოუწყეს უწმინდესს. პატრიარქის პატივისცემის ნიშნად მუზეუმის თანამშრომლებმა ლამარიაზე  დაცული უდიდესი სიწმინდეები ამოაბრძანეს. ეს დღე ამ სოფელს არასდროს დაავიწყდება.  უწმინდესმა მათ უთხრა: თქვენ წმინდა მიწაზე ცხოვრობთ, აქ მცხოვრებნი აუცილებლად წმინდანები უნდა გახდეთო.

KARIBCHE

***

სვანების გულში ყოველთვის იყო რწმენასთან შეზავებული ტრადიცია, რომელმაც ასე ურყევად და მამაცურად მოატანინა მათ თავი დღემდე. მონასტრის გახსნისა და წირვა-ლოცვის აღდგენის შემდეგ მონასტერში ჩამოყალიბდა მგალობელ ბავშვთა გუნდი. ახალგაზრდა სტიქროსნები, ყოველდღიურად იზრდება ქრისტიანული მსოფლმხდველობა, რისთისაც ვმადლობ უფალს. მესტიისა და ზემო სვანეთის  ეპარქიას ჰყავს ისეთი ღირსეული მღვდელმთავარი, როგორიც მიტროპოლიტი ილარიონია. მე მას დიდი ხანია ვიცნობ და განსაკუთრებული სიახლოვე და სიყვარული მაკავშირებს მასთან. მისი ღვაწლი შეუფასებელია ეპარქიის წინაშე. უშგულში ჩემი მოსვლა  მეუფესთან ურთიერთობამ განაპირობა.  მეუფემ ძალიან რთულ დროს ჩაიბარა ეს ეპარქია.  მისი შეურყეველი რწმენა, ღვთისა და ადამიანის სიყვარული რომ არა, ამდენს ვერ შეძლებდა. მეუფის მოსვლის დროს ეპარქიის პრობლემა სასულიერო პირთა ნაკლებობა იყო. ღვთის ნებით და მეუფის გულმოდგინებით დღეს  ბევრი ადგილობრივი სასულიერო პირი იკურთხა. ლამარიის მონასტრის აღდგენაში მეუფე ილარიონის ღვაწლი შეუფასებელია. როგორც წმინდა ეპიკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) ამბობს, კეთილი ეპისკოპოსი აცხოვნებს მრავალთა.  ვფიქრობ, რომ ვინც მას უსმენს და ასრულებს მეუფე ილარიონის კურთხევას, სათნო ეყოფა ღმერთს.

KARIBCHE

ბერული ცხოვრების დასაწყისი

ეს გზა ჩემი ბავშობიდან მოდის. მისი ადგილი მხოლოდ ჩემს გულში იყო, რადგან ეს იყო განცდა, რომელსაც საიდუმლოდ ვატარებდი. რასაც ჰქვია ნამდვილი შიში ღვთისა, განცდა სინანულისა... ცრემლები, აღსარების თქმა, ეს ყველაფერი ერთ დღეში მოვიდა ჩემთან. სტუდენტი ვიყავი, როცა მე და ჩემი მეგობარი წმინდა მიხეილ ტვერელის ტაძარში წავედით. თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა.  ღვთის წინაშე რაღაც მოვალეობის შესასრულებლად სანთლები დავანთეთ. ალბათ ამით ამოიწურებოდა ჩვენი მაშინდელი შეხება ტაძართან. მსახურების დროს   რიგში ჩამდგარ ადამიანებს მექანიკურად შევუერთდით,  რისთვის ვიდექით ამ რიგში არაფერი გაგვეგებოდა. რაღაც უხერხულობისა თუ ამპარტავნების გამო, ვერც ვერავის ვეკითხებოდით, თურმე ზიარების საიდუმლოს მისაღბად დაგვიკავებია რიგი. ჩვილი ბავშვებივით მივიღეთ უფლის სისხლი და ხორცი, თუმცა არც უზმოზე ვიყავით და არც აღსარების საიდუმლოსი გაგვეგებოდა რამე. ზიარების შემდეგ ტრაპეზი გაიმართა. ღვთის განგებით იქაც აღმოვჩნდით. ერთ-ერთ ჩვენს გვერდით მჯდომ მღვდელთან საუბარში გავიგეთ თუ რა მივიღეთ უნებლიეთ და უცოდინარობით. ჩვენი საქციელით აღელვებულმა მღვდელმა  გაგვკიცხა და გვითხრა, რომ აღარაფერი გვეშველებოდა. შეშინებულები მონასტრის წინამძღვართან, მამა ზურაბ ანთაძესთან, (ახლა უკვე მამა ბასილი) მივედით ტირილით და კანკალით მოვყევით ჩადენილი ამბის შესახებ. მამა ზურაბმა რომ დაინახა ჩვენი გულწრფელი სინანული მოგვეფერა, დაგვიყვავა და გვითხრა: მარხვა დაიცავით და ერთ კვირაში აღსარებაზე მოდით მერე კი მიიღებთ ჭეშმარიტ ზიარებასო. ის ერთი კვირა იყო სიხარულის კვირა ჩემი ცხოვრების რჩეულ დღეებში. ის პერიოდი ცრემლი არ შემშრობია, მას შემდეგ არ მახსოვს ისეთი სინანული,  სასოება და გულისხმიერი ლოცვა. იმ გზიდან გაიჭრა გამოკვეთილად გზა ჩემს გულში, რომელმაც სულ სხვანაირად წარმართა ყველაფერი. მიუხედავად წუთისოფლის ბევრი ჭიდილისა, მაინც მომავლისკენ მიმავალმა გზამ სძლია ყველაფერს. ურთიერთობა მქონდა ისეთ დიდ სასულიერო პირებთან, როგორიც არის რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი. ბედნიერება მქონდა ახლო ურთიერთობა მქონოდა  აწგარდაცვლილ არქიმანდრიტ შიოსთან (ხარძეიშვილთან). მამა შიო სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გულში. როცა ავტოავარიაში მოყვა, თბილს მივუსწარი და გულში ჩავიხუტე. განცდა იმისა, რომ ადამიანს ამქვეყნად ვერ ვნახავდი სევდით მავსებდა და გაცივებამდე ჩახუტებული მყავდა ჩემი მოძღვარი. მათზე დაკვირვებამ და მათთან ურთიერთობამ გამიჩინა სურვილი ბერული ცხოვრების დაწყების.  დიდი დამსახურება აქვს ჩემს მოძღვარს, ხაშურ-სურამის უხუცეს არქიმანდრიტს გაბრიელს (ტაბატაძე).

KARIBCHEრუის-ურბნისის ეპარქიაში 7 წელი ვმსახურობდი, რისთვისაც  ყოველთვის ვმადლობ მეუფე იობს, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ დიდსულოვან და ქრისტიანობისთვის თავდადებულ მღვდელმთავარს.

ჩემი უშგულში მსახურება განაპირობა მეუფე ილარიონთან ახლო და თბილმა ურთიერთობამ, რაც მრავალი წლის წინ დაიწყო. მეუფე ილარიონის წარდგინებისას სვანეთის კათედრაზე 2002 წელს მოვხვდი უშგულში. ეს იყო სვანთთან ჩემი პირველი შეხება. ღვთის ნებით ასრულდა ჩემი სურვილი, რისთვისაც ვმადლობ ღმერთს და მეუფეს ჩემი ნდობისთვის და უშგულში მსახურებისთვის.

- მამა იონა, რა არის ქრისტიანობა? ბერობის არსი?

- ქრისტიანობა ის ცოცხალი ურთიერთობაა ღმერთთან, რომელიც თვით უკვდავმა ღმერთმა მოგვცა თვისი სიყვარულიდან გამომდინარე ჩვენს მიმართ. ეს ის რელიგიაა, რომლის საშუალებითაც მოგვცა უფლება ღმერთმა განღმრთობისა და მადლით ურთიერთობისა. ქრისტიანობას მთლიანად მოიცავს ერთადერთი სიტყვა - ეს არის მსხვერპლი, რომელიც ქრისტემ ჩვენი მოდგმისათვის გაიღო, ძნელია და ვიწრო ქრისტიანული ცხოვრება, მაგრამ ღმერთთან ყოფნისას მსუბუქი ტვირთი და ტკბილი უღელია. რაც შეეხება ბერობას, პირველ რიგში საკუთარი ნების დატევებაა, მარადიული ბრძოლაა წუთისოფლისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ. ბერები ის მოკაშკაშე ლამპრები არიან, რომლებიც ანათებენ ცოდვით დამძიმებულ დედამიწას. ბერობა დიდი გმირობაა. ბერის მთავარი მიზანი სულისა და გარშემო მყოფთა ცხონებაზე ზრუნვაა.

ღერმეთუ ჯამზირიხჯიფშირიხუ მადლის! ღმერთმა დაგლოცოთ და მადლი გიმრავლოთ!

ბერი ილია:

წარმოშობით დაბა სურამიდან ვარ. 2012 წელს  სვანეთში ჩამოვედი, რადგან აქ ჩემი მოძღვარი, მამა იონა მეგულებოდა. ჩემი სულიერი ცხოვრების დაწყება მამა იონას უკავშირდება. ბავშობიდანვე მამაოს გვერდით ვიზრდებოდი, მანვე მაკურთხა სტიქაროსნად. მამაოსთან ჩამოსვლამდე სვანეთში დარჩენა არ მქონდა გადაწყვეტილი.  გადაწყვეტილება სვანეთში ყოფნის დროს მივიღე, თუმცა მონასტერში ცხოვრების სურვილი ბავშვობიდანვე არ გამნელებია. ამის შესახებ ჩემმა მშობლებმა და მეგობრებმაც იცოდნენ. მორწმუნე ოჯახი მყავს და მათთვის ჩემი  გულითადი სურვილი უცხო არ ყოფილა.  მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ - მეუფე ილარიონმა მორჩილის კაბით რომ შემმოსა, მამა იონამ მშობლებთან ჩამიყვანა. მათ დამლოცეს და სულიერი სიმტკიცე მისურვეს.

მორჩილება არ ეწინააღმდეგება თავისუფლებას, პირიქით წარმოადგენს კიდეც თავისუფლებას. წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ხელმძღვანელს დამორჩილებული ღმერთს ემორჩილება. მეც ბავშვობიდან მამა იონას ვემორჩილები. ხშირად ვკითხულობ წმინდა მამათა დარიგებებს. მათი სწავლებით  არ უნდა ვეურჩოთ წინამძღვრებს, რადგან მათთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ღმერთთან, რომელიც მორჩილებას ითხოვს სულის ცხონებისათვის.

მორჩილი გოჩა:

- წარმოშობით ქვემო სვანეთიდან ვარ. ჩემი სულიერი ცხოვრების დაწყება პირადი განცდებით დაიწყო, თუმცა ყოველთვის მწამდა შემოქმედის. თავიდან სვანეთში სამუშაოდ წამოვედი. ამ პერიოდში დავუახლოვდი სასულიერო პირებს. გავიცანი მეუფე ილარიონი. გავანდე ჩემი სურვილი მონასტერში ცხოვრების შესახებ, რის შემდეგაც მეუფის კურთხევით ვცხოვრობ უშგულის მამათა მონასტერში. მონასტრის დაარსების დღიდან მონასტერში ტიპიკონი მოქმედებს. მაქვს მორჩილება. ვემორჩილები ღმერთს და მამა იონას კურთხევას. ვმადლობ ღმერთს და მეუფე ილარიონს, რომ მომეცა საშუალება ვიმსახურო ასეთ მადლიან და ლამაზ ადგილას,  უშგულის ლამარიას მამათა მონასტერში.

 

 

 

 

ბეჭდვა
1კ1