ნიკორწმინდის სავანე იმთავითვე იქცა რაჭაში ქრისტიანული რელიგიის ცენტრად
ნიკორწმინდის სავანე იმთავითვე იქცა რაჭაში ქრისტიანული რელიგიის ცენტრად
ერთადერთი მონასტერი რაჭაში, რომლის დაარსების თარიღიც ზუსტადაა ცნობილი, ნიკორწმინდის მონასტერია. გაერთიანებული საქართველოს მეფის - ბაგრატ III-ის დროს აგებული მონასტერი წმინდა ნიკოლოზის სახელზე აშენებული უბრწყინვალესი ტაძრით ღვთისმოსავი ბერების მყუდრო სავანედ 1014 წელს იქცა. ამ დიდებული სავანის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რაჭის პირველმა ერისთავმა - რატი ლიპარიტისძემაც - ვკითხულობთ ვაჟა გობეჯიშვილის წიგნში "რაჭის მონასტრები". ცნობილია, რომ შემდგომში რატის შთამომავლები - კახაბერისძენი XI საუკუნის პირველ ნახევარშივე ტაძარს უგებენ სამხრეთის და დასავლეთის კარიბჭეებს, ამკობენ ძვირფასი საეკლესიო ინვენტარით, სწირავენ უძრავ და მოძრავ ქონებას. მათი სახელები მოხსენიებულია კარიბჭის ლაპიდარულ წარწერებში.

KARIBCHE

ნიკორწმინდის მონასტრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს XI საუუნის საბუთი - ანგარიშგება, რომელიც შედგენილია მონასტრის წინამძღვრის მიერ და სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია როგორც ნიკორწმინდელის "დაწერილი". მისი ორიგინალი დღეს აღარ არსებობს (დაიწვა ქუთაისის მუზეუმში). სარგის კაკაბაძის ცნობით, სიგელი დაწერილი ყოფილა ტყავზედ და აკლდა თავი და ბოლო. ამიტომაც ცნობილი არ არის დამწერის ვინაობა.

"დაწერილი" პირველად, 1897 წელს, გამოაქვეყნა თავის ქრონიკებში თედო ჟორდანიამ, რომელიც აღნიშნავს: "მისი პალეოგრაფიული ნიშნები გვიჩვენებს, რომ სიგელი დაწერილია XI საუკუნის ხელით. ამას ეთანხმება თვით შინაარსი სიგელისა".

"დაწერილის" შედგენას მკვლევარები 1071-1080 წლებს მიაკუთვნებენ და ვარაუდობენ, რომ მანამდე მონასტერს რამდენიმე წინამძღვარი მაინც უნდა ჰყოლოდა.
დაწერილის მიხედვით, ნიკორწმინდელს მამულები (შეწირული და ნასყიდი) ჰქონდა 31 გეოგრაფიულ პუნქტში. აქედან 18 რაჭის და იმერეთის დღესაც არსებული სოფელია, 9 რაჭაში (ნიკორწმინდა, ხოტევი, ჩიხა, ფუთი, ბაჯითი და ოკრიბა).

KARIBCHE KARIBCHE

1534 წელს ბაგრატ იმერთა მეფემ ნიკორწმინდის მონასტერი საეპისკოპოსოდ აქცია. ეს კარგადაა ცნობილი და იმდროინდელი საბუთით: "ჩვენ მეფეთ-მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩემმან დედოფალთ-დედოფალმან ელენე... ხელვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა ნიკოლოზ წმიდისა და შევქმენ საყდრად და საეპისკოპოსოდ და დავადგინე... მეუფე მანუელ..."
მანუელ ეპისკოპოსს ეკლესიურად დაუმორჩილა: "ოკრიბის მთას აქეთი, ნაკალოებს აქეთ, მუხურის მთას აქეთ, მთა დვალეთისა, ღები, გლოლა, ფისონ გამომდინარე რიონი, სრულიად რაჭა ასკის წყალს გამოღმა"

ნიკორწმინდის სავანე იმთავითვე იქცა რაჭაში ქრისტიანული რელიგიის ცენტრად. აგერ უკვე ათი საუკუნეა, რაც მისი მადლი და ნათელი მთლიან რაჭას ათბობს.
ეპარქიას ამ მხარეში არსებული დიდი მონასტრის - წმინდა ნიკოლოზის (ნიკოლაოზწმიდის - ნიკორწმიდის) სახელი ეწოდა. ახალდაარსებული ნიკორწმინდის კათედრაზე 1534 წელს პირველ ეპისკოპოსად მანოელ ჩხეტიძე იქნა გამწესებული. მანამდე, 1529 წელს, ის ხონელ ეპისკოპოსად დაადგინეს. როცა ბაგრატ III-ს უკვე არსებული, თუმცაღა იმხანად დაკნინებული ნიკორწმინდის მონასტერი განუახლებია და მის ბაზაზე მონასტრის ნაცვლად საკათედრო, სამრევლო საყდარი დაუარსებია, პირველ ეპისკოპოსად მანოელი დაუდგენია. ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (დასავლეთ საქართველოში - 1821 წლამდე) არსებობდა. 1996 წლიდან ნიკორწმინდის ეპარქიას მეუფე ელისე (ჯოხაძე) წინამძღვრობს.

შეგვეწიოს ნიკორწმინდის ტაძრის მადლი!


ბეჭდვა
1კ1