მცხეთის გასწვრივ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სინას ბერებმა ოდესღაც დააარსეს სავანე წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობაზე
მცხეთის გასწვრივ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სინას ბერებმა ოდესღაც დააარსეს სავანე წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობაზე
- 50-იან წლებში, მღვდელმონაზვნად ხელდასხმის შემდეგ მღვდლად გამაგზავნეს ოლღას მონასტერში, რომელსაც მაშინ ოფიციალურად ოლღას დასახლება ერქვა, - ვკითხულობთ არქიმანდრიტი რაფელის (კარელინი) წიგნში "გადარჩენის საიდუმლო". ეკლესია კი რეგისტრირებული იყო, როგორც სამრევლო ტაძარი. მონასტერი მთის კალთაზე მდებარეობდა, რომელიც მცხეთას დასავლეთ მხრიდან დაჰყურებდა. მისკენ ვიწრო გზა ადიოდა კლდესა და ღრმა ხევს შორის, ალაგ-ალაგ გზა ბილიკად იქცეოდა, რომელზეც ორი კაცი გვერდს ვერ აუვლიდა ერთმანეთს. ზამთარში, როცა გზას თოვლი ფარავდა, მონასტრეში ასვლა საშიში ხდებოდა და სავანე ქვეყნისგან მოწყვეტილ მთის სოფელს ემსგავსებოდა. ამ გზაზე აჰქონდათ მონასტრის დედებს (მათი უმრავლესობა მოხუცი მონაზონი იყო), არა მარტო სანოვაგე, არამედ კელიის გასათბობად ნახშირი, აგური და ცემენტი რემონტისათვის.

KARIBCHE

ამ მონასტერს უჩვეულო ისტორია აქვს. XXს-ის დასაწყისში მცხეთის გასწვრივ რკინიგზა გაჰყავდათ, რომელსაც საქართველოს მთელი ტერიტორია უნდა გადაეჭრა თბილისიდან შავი ზღის სანაპირომდე. სამუშაოებს გამოცდილი ინჟინერი ხელმძღვანელობდა. ჯილდოდ ხელისუფლებამ მას მთის კალთაზე მდებარე ხშირი ტყით დაფარული მიწის ნაკვეთი გამოუყო, სადაც ის აგარაკის აშენებას აპირებდა. ერთხელ, ნაკვეთის დათვალიერებისას, ინჟინერმა ხეებსა და ბუჩქნარს შორის ჩამალული დიდი ლითონის ჯვარი დაინახა. მან ჯვრის ამოთხრა გადაწყვიტა, მით უფრო, რომ ამ ადგილას აპირებდა სახლის აშენებას. მუშებმა დაიწყეს მიწის გათხრა და აღმოჩნდა, რომ ჯვარი ეკლესიის გუმბათზეა აღმართული, რომელიც მიწის ქვეშ იყო დამარხული.

გათხრები განაგრძეს და რამდენიმე კვირის შემდეგ აქ შეკრებილმა მცხეთელებმა კლდესა და ხევს შორის პატარა მდელოზე, საშუალო სიდიდის ეკლესია დაინახეს, რომელიც თითქოს უვნებლად გადარჩენილიყო, კარიც კი ურდულით იყო ჩარაზული. ვინ ცხოვრობდა აქ, როდის ჩატარდა ბოლო წირვა, რამ აიძულა ხალხი მიეტოვებინა აქაურობა, საიდუმლოდ რჩება. ტაძარში ღვთისმშობლის მომცრო ხატი იპოვეს, რომელზეც იგი თავსაბურავის გარეშე იყო გამოსახული.

მოგვიანებით აღმოაჩინეს მოწმობა, რომ მცხეთის გასწვრივ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სინას ბერებმა ოდესღაც დააარსეს სავანე წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობაზე. უნდა ითქვას, რომ სინას მთაზე ბევრი ქართველი ბრი ცხოვრობდა, როგორც იმპერატორ იუსტინიანეს აშენებულ დიდ ლავრაში, ასევე სავანეში და კლდეში ნაკვეთ კელიებში. იმ ადგილის ახლოს, სადაც ღმერთმა მოსე წინასწარმეტყველს სჯულის ფიცრები გადასცა. აქ შეადგინა ღირსმა იოანე კიბისაღმწერელმა სინაელი ბერების გადმოცემის საფუძველზე თავისი უკვდავი წიგნი "კიბე", რომელიც მრავალი ბერისთვის, წმინდა წერილის შემდეგ, მეორე წიგნია.

KARIBCHE

მცხეთიდან რკინიგზის მშენებლობის სამუშაოები წარმატებით მიდინარეობდა. მთაში გვირაბის გაყვანა იყო დასამთავრებელი... და აი, ინჟინერმა აიღო რევოლვერი, ლულა საფეთქელთან მიიდო და იქამდე გამოკრა სასხლეტს ხელი, სანამ ვინმე მოასწრებდა ხელის შეშლას. ამ სიკვდილმა განსაკუთრებით შეძრა გარდაცვლილის მეუღლე ოლღა და მან გადაწყვიტა, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას დარჩა, დედათა მონასტერი აეგო - შენობა და რამდენიმე სახლი მიწიდან ამოთხრილი ეკლესიის გარშემო. ოლღამ თავისი ცხოვრება მიუძღვნა დედათა მონასტრის შექმნას. ის მონაზვნად აღიკვეცა და როცა მონასტერი ააგეს, ეკლესია მოაწესრიგეს და აკურთხეს, იგი პირველ იღუმენად აირჩიეს. ის დაკრძალეს მოციქულთასწორი დიდი მთავრის - ოლღას სახელზე ნაკურთხ ეკლესიაში. ამ ეკლესიის მთავარი სიწმინდეა გათხრებისას ნაპოვნი ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც თავყვანს სცემენ, როგორც სასწაულთმოქმედს. მასთან მრავალი სასწაული მომხდარა. მაგალითად, მოხუცი მონაზვნები გადმოცემით, რევოლუციის წინ, ხატთან თავისით აინთო კანდელი თითქოს გასამხნევებლად, რათა მომავალ ქარტეხილებს არ ჩაექროთ რწმენის ალი სავანის ბინადართა გულებში.

სქემიღუმენია ოლღას გარდაცვალების შემდეგ, მან თითქოს უხილავად დაისადგურა თავის საფლავზე. ძნელბედობის დროს, განსაცდელში მყოფი მონაზვნები, ხშირად ტიროდნენ თავიანთი იღუმენიის საფლავზე და ლოცვას შესთხოვდნენ მას. აქ მოდიოდნენ ისინი, ვინც იცნობდა დედა ოლღას. მოდიოდნენ, როგორც უწინ, მუდმივი თანამგზავრების-მათი დარდების თანხლებით და უკან შემსუბუქებული ბრუნდებოდნენ, თითქოს სატკივარის ნაწილი საფლავთან რჩებოდა.



ბეჭდვა
1კ1