მისი დაუღალავი ქადაგებით კახეთის ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება
მისი დაუღალავი ქადაგებით კახეთის ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება
ამბა იოსებ ალავერდელის მიერ ჩაყრილ საძირკველზე სულიერი ცხოვრება კვლავ აღორძინდა

წმინდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმინდა იოანე ზედაზნელისა, რომელიც VI საუკუნეში თორმეტ მოწაფესთან ერთად ქრისტიანობის საქადაგებლად სირიიდან (ასურეთიდან) ქართლში ჩამოვიდა.

მას შემდეგ, რაც წმინდა იოანემ მოწაფეები საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაუშვა სამოღვაწეოდ, მამა იოსები კახეთში დამკვიდრდა.

გადმოცემით, ამბა იოსები ბავშვობიდანვე განუშორებლად ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისაგან, რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე აწამეს. სწორედ ამ ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით მიაღწია მამა იოსებმა ალავერდს, რომელიც იმ დროს უკაცრიელი და უნაყოფო ადგილი იყო. წმინდა მამამ მრავალი ჭირი დაითმინა. კაცთაგან მიუვალ ადგილას მარტო ცხოვრობდა, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული. ჩვენთვის უცნობია, რით იკვებებოდა წმინდა ბერი. ერთი რამ კი ცხადია: უფალი, რომელმაც მის თანამოსაგრეებს, დავით გარეჯელსა და ანტონ მარტყოფელს, საკვების მიმტანად ირმები მიუვლინა, არც ამბა იოსებ ალავერდელს დატოვებდა უნუგეშოდ.

მხეცთა და ნადირთა შორის განმარტოების ღვაწლს შემდგარი მამა იოსები უფლის განგებით ერთმა დიდებულმა ნახა, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით უდაბურ ადგილას სანადიროდ გამოსულიყო. როგორც კი იხილა წმინდა ბერი, მიხვდა, რომ თვალწინ ღმერთშემოსილი კაცი ედგა. მყისვე ჩამოქვეითდა, თაყვანისცემით მიეახლა, მდაბლად გამოჰკითხა ვინაობა და ამ უკაცრიელ ადგილას ყოფნის მიზეზი. ღირსმა მამამ მასში კეთილგონიერი ადამიანი დაინახა. დიდებულმა ტაძრის აშენება აღუთქვა და შეასრულა კიდეც - ალავერდში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. წმინდა მამამ გაიხარა ღვთივსათნო საქმის აღსრულებით და მამათა მონასტერი დააარსა.

დღევანდელი ტაძარი მოგვიანებით, XI საუკუნის პირველ ნახევარში, კახეთის მეფე კვირიკემ ააგო. ალავერდი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტაძარია - მისი სიმაღლე 50 მეტრი გახლავთ. ალავერდის ტაძრის შიგა სივრცე ყველაზე გრანდიოზულია საქართველოს ტაძრებს შორის. სივრცეში კარგად იგრძნობა კახური ძეგლების დამახასიათებელი ნიშნები - პროპორციების აზიდულობა და ვერტიკალობა. ეს თვისება კიდევ უფრო მკაფიოდ გარედან ჩანს. ტაძრის ფასადების მორთულობა ძუნწია - ესეც ერთ-ერთი კახური თავისებურებაა. უზარმაზარი კედლების ფართო, მხოლოდ თაღებითა და ნიშებით დანაწევრებული სიბრტყეები დიდებულების შთაბეჭდილებას ქმნის.

KARIBCHE

ალავერდი არაერთხელ იავარუყვია მტრის ლაშქარს. 1614 წელს ტაძარი ირანის შაჰმა აბას I-მა დაარბია. XVII საუკუნეში კახეთი თურქმანმა ტომებმა დაიპყრეს. მემატიანე წერს: "თათართა ეპყრა მონასტერი ალავერდი ციხედ და იყვნენ შიგა".

როგორც ცნობილია, XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ ტაძრის ჩრდილოეთით და სამხრეთით არსებული სტოები მოანგრია, კედლები შეათეთრა და ძველი ფრესკები დაფარა. 1966 წელს ხელოვნებათმცოდნისა და რესტავრატორის შ. აბრამიშვილის ხელმძღვანელობით კედლები გაწმინდეს. საღებავის ქვეშ აღმოჩნდა ფრესკები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი XI საუკუნის ფრესკათა ფრაგმენტებია.

სავარაუდოდ, სწორედ ტაძრის აშენებისთანავე, XI საუკუნეში, უნდა ქცეულიყო ალავერდი ეპისკოპოსის კათედრად. ალავერდელი ეპისკოპოსის ტიტული ისტორიულ წყაროებში პირველად დავით აღმაშენებლის ხანაში გვხვდება. XIII საუკუნიდან კი მას მთავარეპისკოპოსის ხარისხით იხსენიებენ. საქართველოს პოლიტიკური დაშლილობისას, XV-XVIII საუკუნეებში, ალავერდელი ეპისკოპოსი მთელი კახეთის სამეფოს ეკლესიას ედგა სათავეში. ამავე დროს ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტის პატივიც მიიღო. ზედწოდება "ამბას" ალავერდელი ეპისკოპოსები იმიტომ ატარებდნენ, რომ ისინი იმავდროულად მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ.

KARIBCHE დღეს ალავერდის მამათა მონასტრის აღორძინებას ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) უდგას სათავეში. ეს კი მხოლოდ ძეგლის რესტავრაციას არ ნიშნავს. უპირველესად აქ სულიერი ცხოვრება განახლდა, მონასტრული წესი აღდგა.

შენობა-ნაგებობების სარესტავრაციო სამუშაოებსაც თვით მეუფე დავითი ხელმძღვანელობს, რომელიც ერისკაცობაში არქიტექტორი გახლდათ. ძეგლის პირვანდელი სახის აღდგენა ისტორიული დოკუმენტების მიხედვით ხდება. სამუშაოები უაღრესად შრომატევადია, მონასტერში ხომ XX საუკუნის 20-30 წლებიდან მოყოლებული ყველაფერი ნადგურდებოდა. მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით, შედგა არქიტექტორთა პროფესიული ჯგუფი, რომელსაც მომიჯნავე პროფესიათა სპეციალისტებიც შეუერთდნენ – არქეოლოგები, გეოლოგები, კონსტრუქტორები და უკვე მეოთხე წელია ალავერდში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში სხვადასხვა ნაგებობაა გაერთიანებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სასახლე, რომელიც ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია საქართველოში. იგი სამსართულიანია. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი - XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. სასახლის ნანგრევებიღა შემორჩენილა. დღეს კი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. სატრაპეზო განახლდა, სასახლეში განთავსდა კელიები, აქვე იქნება სახელოსნოები, სადაც ხატწერას შეისწავლიან. ამრიგად, ალავერდი თავის საგანმანათლებლო ფუნქციასაც დაიბრუნებს, ის ხომ საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც გახლდათ. აქ მრავალი მწერალი, ხელნაწერთა გადამწერი თუ მკაზმავი იღვწოდა, მათ შორის - XVII საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწე ნიკიფორე ირბახი - ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი, ვისი დახმარებითაც 1629 წელს ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი, გამოიცა პირველი ქართულ-იტალიური ლექსიკონი.

KARIBCHEალავერდის მონასტერში არსებობდა საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა აქ გადაწერილი თუ სხვაგან შექმნილი ხელნაწერი წიგნები. გასულ საუკუნეში ბიბლიოთეკაში ბევრი საინტერესო ხელნაწერი ნახეს, რომლებიც მტრის შემოსევებისას განადგურებას გადაურჩა. მონასტრის ზოგიერთი ხელნაწერი, მათ შორის - ალავერდის ოთხთავი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით, აღდგება ბიბლიოთეკაც, რომელიც ფეიქარ-ხანის (1616-1623 წლებში კახეთში შაჰ-აბასის ნაცვლის) სასახლეში დაიდებს ბინას.

ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე მონასტრის ეზოში 1615 წელს აუგიათ. მისი მთავარი სადგომი რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობაა. მათ ნაცვლად შუშაბანდიან თაღებს ჩასვამენ, რომ სამკითხველო დარბაზი უკეთ განათდეს. ფეიქარ-ხანის საზაფხულო საჩრდილობელს ბოლშევიკები სასუქის შესანახად იყენებდნენ.

წელს, 25 მაისს, ალავერდის სიძველეთსაცავის პრეზენტაცია შედგა. იგი არა მარტო მონასტერთან არსებული პირველი სიძველეთსაცავი იქნება საქართველოში, არამედ ერთ-ერთი უნიკალურიც მთელ მსოფლიოში. ამ გეგმაზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. პროექტის შედგენისას სხვა ქვეყნების გამოცდილებით ხელმძღვანელობდნენ. შეისწავლეს სინას მთის, ათონის ქსენოფონტეს, კვიპროსის კიკოს მონასტრების სიძველეთსაცავები. "მთავარია, ისტორიული იერსახე არ დაირღვეს, - ხაზგასმით აღნიშნა ამბა დავითმა, - პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინეთ სამონასტრო კომპლექსის თავისებურებანი და ამგვარად შევარჩიეთ ადგილი". სიძველეთსაცავის შენობა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმ ნაგებობის ნაცვლად აიგება, რომელშიც ტრაქტორების სარემონტო არტელი ფუნქციონირებდა. შენობა სამ ნაწილად დაიყოფა. პირველ ნაწილში საგანგებო ტემპერატურულ რეჟიმში დაცული საეკლესიო სიწმინდეები გამოიფინება, მეორე და მესამე ნაწილებში კი განთავსდება სარესტავრაციო სახელოსნოები, დარბაზი სამეცნიერო კონფერენციებისთვის და მეცნიერთათვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო და საცხოვრებელი ოთახები. აქვე შეისწავლიან სიწმინდეებს და მოამზადებენ მათ შესახებ პუბლიკაციებს. ეს პროექტი კულტურის სამინისტროს, კომპანია "ბადაგონისა" და სხვა კერძო კომპანიების ფინანსური თანადგომით ხორციელდება.

KARIBCHEალავერდის სამონასტრო კომპლექსში მარანიც შედის. XX საუკუნის 20-30-იანი წლებიდან მოყოლებული, ისტორიულ მარანში ავტოფარეხი იყო. ძველ ქვევრებში საწვავი ესხა და რკინის ნაწილები ეყარა. ამჟამად მარნის რეკონსტრუქცია თითქმის დასრულებულია. აქ ყურძენი ორგვარად დაიწურება: ძველი ქართული ტრადიციით (ღვინოს ქვევრებში დააყენებენ) და ევროპული ტექნოლოგიით.

კულტურის სამინისტოს დახმარებით შეისწავლეს გალავნის გარეთ, ტაძრიდან 20-25 მეტრის მოშორებით მდებარე უნიკალური აბანო, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება. მოჭიქული შესასვლელითა და შადრევნით გამშვენებული, თბილი და ცივი წყლის მილებითა და გასათბობი აუზით აღჭურვილი აბანო საერო პირებს ეკუთვნოდათ.

გალავანი მრგვალი კოშკებითაა გამაგრებული, მისი მოხაზულობა კი ადგილმდებარეობასთან და ნაგებობებთან არის შეფარდებული. მიწით დაფარული გალავნის კედლის ნაწილი გასუფთავდა, ქონგურები აღდგა და ისტორიული იერსახე დაუბრუნდა.

KARIBCHEგანახლებული მონასტერი იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს - 28 სექტემბერს (ახალი სტილით) საზეიმოდ აღნიშნავს. ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ღამისთევით აღესრულება. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან მლოცველები, რათა ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის ლოცვა-კურთხევის მადლი მიიღონ. წმინდა ბერის საფლავზე, სამკვეთლოს წინ, დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება.

უდავოდ დიდია იოსებ ალავერდელის ღვაწლი. მისი დაუღალავი ქადაგებით კახეთის ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. ღირსმა მამამ თავისი წმინდა ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა სამოღვაწეოდ. როდესაც მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა, წმინდა მამა იოსები ტაძარში "მყუდროდ, უხილავად ერისაგან, ბნელსა რასმე ადგილსა შინა" დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა მარხვითა და მღვიძარებით.

ღირსო მამაო იოსებ, გნატრით და გევედრებით, რათა გვიოხო წინაშე მეუფისა!

რუსთავის 13 ასურელი მამის ეკლესიის
შემოქმედებითი ჯგუფი "გორგასალი"
ბეჭდვა
1კ1