ბევრ კაცს, ამ კლდეზე ასვლის კი არა, მისი შეხედვისაც ეშინია
ბევრ კაცს, ამ კლდეზე ასვლის კი არა, მისი შეხედვისაც ეშინია
კლდეში ნაკვეთი კომპლექსები
თამარ დედოფლის საყდარი
ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული კლდეში ნაკვეთი ნაგებობების ბერ-მონაზონთა საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ გამოყენება. ასეთი კომპლექსები სამეურნეო, თავდაცვითი თუ საყოფაცხოვრებო ქვაბებით, სოფლებიც კი, განსაკუთრებით მრავლად სამხრეთ საქართველოში გვხვდება.

რაჭაშიც უკვეთიათ ჩვენს შორეულ წინაპრებს საღვთისმსახურო, საყოფაცხოვრებო თუ სახიზარი ქვაბები. სოფლების ბოყვისა და ქორთის ზევით, ფოცხრევის მთის კირქვიან მასივში, ფრიალო კლდეზე, კარგად მოჩანს კლდეში ჩაშენებული საყდარი და ხელოვნური გამოქვაბულები მის ირგვლივ. კლდეში კვეთა ძველი ქართული სამშენებლო ოსტატობის ნაწილია და თამარ დედოფლის კლდის ქვაბებიც ამ ოსტატობის დასტურია. საკვირველია შემართება და ენერგია იმ ადამიანებისა, ვინც ასეთ მიუდგომელ, შვეულ კლდეში კვეთდა, აშენებდა, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ბატონ ვაჟა გობეჯიშვილს, რაჭველ კაცს, ფეხით შემოუვლია მშობლიური კუთხის თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი და საკუთარი თვალით უნახავს აქაური სიწმინდეები. ვთხოვეთ, თამარ დედოფლის საყდარზე მოეთხრო.

"თქმულების თანახმად, - გვიამბობს ბატონი ვაჟა, - ამ გამოქვაბულში თამარ დედოფლის კუბო და ძვირფასეულობა ინახებოდა. და აი, XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა განძის მაძიებელი, სოფელ ბოყვის მკვიდრი პეტრე ომანიძე, რომელმაც გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, დედოფლის საყდარში შეეღწია. დაიწყო კიბის გამოკვეთა და 2-3 წლის შემდეგ მიაღწია კიდეც სანატრელ მიზანს. ამ ამბავს ჟურნალი "მწყემსი" გადმოგვცემს: "ეს კიბე უკეთებია მას რაღაც ჩვენების ძალით. აი, რას ამბობს იგი: "მე ჩვენებით ვნახე ერთი შვიდტკაველიანი რკინის კეტი, რომელსაც თავზე ჯვარი ჰქონდა. ამ კეტით ვიმუშავე კლდეში ცალის ხელით, როცა ბევრ კაცს ორივე ხელით უძნელდება მისი აწევა. მეცხადებოდა ღვთისმშობელი, რომელთანაც მოუშორებლად იყო ორი თეთრად შემოსილი ბავშვი, რომლის საშუალებითაც მე ვიგებდი დროს მუშაობისას. როდესაც ვიწყებდი მუშაობას, ერთი ერთ მხარზე დამაჯდებოდა, მეორე კი მეორეზე და მერე შეფრინდებოდნენ საყდარში. მათი შემწეობითა და იმედით ისე ვმუშაობდი, როგორც სწორ მიწაზე". ეხმარებოდნენ ცოლი და 12 წლის გერი. ისინი ისე უშიშრად ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ იმ კლდეზე კიბის მასალის ასატანად, როგორც თვითონ ის ომანიძე, როდესაც ბევრ კაცს, ამ კლდეზე ასვლის კი არა, მისი შეხედვისაც ეშინია. რის ძალით მოხდა ყოველივე ეს, ამის გამოცნობა მკითხველისთვის მიგვინდვია".

თამარის კლდის ქვაბების საიდუმლოებით სიმონ სხირტლაძეც დაინტერესებულა: "ბოყველი მასწავლებლის ვლასი ცოგირიძის გადმოცემით, რომელსაც კარგად ახსოვს პეტრიას შერკინება კლდესთან, უძველეს საყდარში მას მხოლოდ ხის აკვნის ნაწილები, ბრინჯაოს ჯვრები, შანდლები და თიხის დოქი დახვედრია. მისივე თქმით, 1903 წელს პეტრია კლდის ერთ-ერთ გვირაბში შესულა და იქიდან ფერადი ქვები ჩამოუყრია. ჩამოსვლისას უთქვამს: გვირაბში ძლიერი ქარი უბერავს, უკუნი ღამეა და ღრმად ვერ შევედიო".

ივანე მაჩაბელი, რომელმაც 1892 წელს მოინახულა თამარის კლდე, წერს: "რა ხელმა ააშენა ეს საყდარი და როდის არის აშენებული, არავინ იცის. ეს კი ცხადია, რომ მარჯვნივ, კლდის წვერიდან ამ საყდრამდე ცალბილიკა გზა მაინც უნდა ყოფილიყო და მას უკან ამ გზას ნიაღვარი ჩამორეცხდა. ახლაც ეტყობა ალაგ-ალაგ ნაშთი ამ ბილიკებისა, მაგრამ მომეტებული წილი კი ისე კვალწმინდად არის ჩარეცხილი, რომ ვერას გზით კაცი იმ საყდარს ვერ მიუდგება.

მიუვალი შენობა, უხვედრი ალაგი ხალხის წარმოდგენაში ყოველთვის რაიმე ლეგენდას შექმნის და რაჭის ხალხშიაც ამ საყდრის მიუვალობას შეუქმნია თქმულება, ვითომ საყდარში ოქროს კუბო იდგეს, თავსა და ბოლოს კელაპტრები ენთოს და კუბოში თამარ დედოფლის გვამი ესვენოს. რაჭაში ამბობენ, ვითომ ორას-სამასი წლის წინათ ვიღაც მესხი ჩაეშვათ ზემოდან თოკებით, მაგრამ საყდარში რომ შესულიყო და დიდებული სანახავი ენახა, დაბრმავებულიყო და მხოლოდ გამოსვლის შემდეგ კვლავ თვალთ სინათლე მოეპოვა. უეჭველია, რომ ეს სხვადასხვა თქმულება აღუგზნებდა ოცნებას კიბის გამკეთებელ რაჭველსაც, სიზმრად მოაჩვენებდა ურიცხვ სიმდიდრეს და განძეულობას საყდარში შენახულს და მისცემდა ძალას იმისთანა საქმის შესრულებისთვის, რომელსაც უბრალო კაცი თავის დღეში ვერ შეჰბედავდა".

ვახუშტი ბატონიშვილი რაჭის მომიჯნავე მდინარე ყვირილის სათავეებში ნაკვეთ ქვაბებს არაბობის ხანას უკავშირებს, რის საფუძველზეც სიმონ სხირტლაძე მიიჩნევს, რომ თამარ დედოფლის კლდის ქვაბებიც იმავე ხანისა შეიძლება იყოს. შესაძლოა, ისინი თავდაპირველად მხოლოდ სახიზრად გამოიყენებოდა, შემდგომში კი განდეგილთა საცხოვრებლად ან სულაც მღვიმურ მონასტრად იქცა. როდის მოიშალა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება, არავინ იცის.

თამარის კლდის ქვაბთა საიდუმლოს ამოხსნა მომავლის საქმეა.

შეუბნის მონასტერი
შეუბანი რაჭის ერთ-ერთი სოფელია. აქედან ორიოდე კილომეტრის დაშორებით, მაღალ ტყიან სერზე დგას ეკლესია - "სინაწმინდა", სადაც, თქმულების თანახმად, თამარ დედოფლის ნაწნავი ინახებოდა. ტაძარი შირიმის, ტუფისა და ადგილობრივი ქვითაა ნაშენი და, მკვლევართა აზრით, X საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს. დღეს კი ეკლესიის კედლების ნაწილიღა დარჩენილა - 1920-იან წლებში სანახევროდ დაუნგრევიათ უღმერთოებს, ბოლომდე აღარ გარჯილან, ალბათ იმ იმედით, რომ დრო მაინც მალე წაშლიდა მის კვალს. მაგრამ ტაძარი იმდენად მკვიდრადაა ნაგები, რომ 80 წლის შემდეგაც შესაძლებელია მისი აღდგენა. ცდილობენ კიდეც შეუბნელები ამ კურთხეული საქმის აღსრულებას. ღმერთმა ხელი მოუმართოთ!

ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე სერს უნაგირისებური ფორმა აქვს და შემაღლებული ბორცვით ბოლოვდება. გორაკის თავზე იოლად შეამჩნევ ძველ ნანგრევებს. გალავნისა და შენობა-ნაგებობათა კვალი ჩანს თვით ბზაში ჩაფლული ტაძრის ირგვლივაც. აქ ოდესღაც მონასტერი ყოფილა. ამ მოსაზრების ჭეშმარიტებას ტაძრის ადგილმდებარეობაც ადასტურებს. სინაწმინდას მყუდრო გარემო ხომ თითქოს საგანგებოდაა განკუთვნილი ბერ-მონაზონთა ცხოვრებისა და ღვთისმსახურებისთვის.

"სინაწმინდა" უეჭველად წმინდა სინას მთიდან მომდინარეობს. სინას ნახევარკუნძული სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი უძველესი კერაა. პირველი მონასტერი აქ IV საუკუნეში დაარსდა, IX საუკუნეში კი ქართველთა მრავალრიცხოვანი სათვისტომოც შეიქმნა, რასაც ქართული მწიგნობრობის კერის ჩამოყალიბება მოჰყვა. ქართველმა ბერებმა ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა გააჩაღეს სინას მთაზე, თუმცა არასდროს გაუწყვეტიათ კავშირი სამშობლოსთან, მის ეკლესია-მონასტრებთან. ვფიქრობთ, სწორედ ამ კავშირ-ურთიერთობის შედეგად დაარსდა შეუბნის მონასტერი, რაც X საუკუნეში უნდა მომხდარიყო. თუმცა რამდენ ხანს იარსება სავანემ, უცნობია.

დვალთის დედათა მონასტერი
იყო დრო, როცა რაჭის სამონასტრო ცხოვრებას სიწმინდეს დედათა სავანეებიც მატებდა, რომელთაგან მხოლოდ ორი - ცხომისა და დვალთის სავანე - შემორჩენია ხალხის ხსოვნას.

დვალთის ეს ლამაზად შემაღლებული ადგილი შეურჩევიათ სამოღვაწეოდ დედებს და მიწიერ სამოთხედაც უქცევიათ.

ჟამთა სვლამ და ძნელბედობამ დვალთის სავანეც გააუკაცრიელა, მაგრამ ვერ წაშალა კვალი ხსოვნისა. მონასტრის ნაშთები და თქმულება, თაობიდან თაობას რომ გადაეცემოდა, ხომ ხსოვნაა მარადიულ სამყოფელში გარდასულ დედათა.

დვალთის დედათა მონასტერი რაჭის საერისთავოს ძლიერების ხანაში უნდა იყოს საფუძველჩაყრილი, მაშინ, როცა ხალხმრავალი მხარე ეკლესია-მონასტერთა მშენებლობამ მოიცვა, ადამიანები კი - ნათელმა ლტოლვამ უფალთან მიახლოებისა".
ბეჭდვა
1კ1