ზარზმის მონასტრის აღმშენებლობაში წმინდა სერაპიონს გიორგი ჩორჩანელი დახმარებია
ზარზმის მონასტრის აღმშენებლობაში წმინდა სერაპიონს გიორგი ჩორჩანელი დახმარებია
ზარზმის მამათა მონასტერი სოფელ ზარზმაში (ადიგენის რაიონი), ქვაბლიანის ხეობაში მდებარეობს. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო. ზოგი დანგრეულია. ბერების სენაკები და სატრაპეზო არ შემონახულა. გადმოცემით, იქ იყო მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბიც, რომელიც დღეს ლოდებითაა ამოვსებული.

მონასტერი დააარსა ცნობილმა სასულიერო მოღვაწემ სერაპიონ ზარზმელმა. წარმოშობით კლარჯს,რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში. ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ სერაპიონმა და მისმა ძმამ "დადვეს საფუძველი". სერაპიონს მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბის მცხოვრებნი. ისინი მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც" ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს".

KARIBCHE KARIBCHE

"თხზულებაში მოცემულია ცოცხალი, რეალისტური სურათი სამცხის იმდროინდელი ყოფისა. ავტორი ამასთანავე პეიზაჟის დიდი ოსტატია. ყოველი კუთხე, ყოველი ადგილი, სადაც კი ბერებს ფეხი დაუდგამთ, ცხოველი საღებავებითაა მოხაზული" (კ.კეკელიძე). მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებება არსებობს (VI-VII-VIII-IX საუკ.)

აღმშენებლობაში სერაპიონს დახმარებია ადგილობრივი მთავარი გიორგი ჩორჩანელი. მას მონასტრისთვის სოფლები და მამულები შეუწირავს. "სერაპიონმა განაჩინნა წესნი და კანონნი საეკლესიონი". მონასტერმა იწყო ზრდა და მანამდე უდაბურ ადგილას ქართული კულტურის ახალი კერა გაჩნდა. უძველესი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. ზარზმის ახლანდელი ტაძარი აგებულია XIV ს-ის დასაწყისში სამცხის მთავრის - ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული ადრინდელი შენობიდან გადმოტანილი X ს-ის წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ქართველი მეფის დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ფეოდალ ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორს აუჯანყდა. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში.

KARIBCHE KARIBCHE

1577წელს, ზარზმის ახალმა მფლობელებმა - ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს.
XX ს-ის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია, რის შედეგადაც "შეილახა მხატვრობის კოლორიტი და სტილისტიკური თავისებურება."

KARIBCHE

ზარზმის მონასტერში (სავანეში), რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვ.
დღეს ზარზმის მონასტრის მნიშვნელობა დიდია საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისა და ერის გამთლიანების პროცესში. შეგვეწიოს წმინდა სერაპიონ ზარზმელის მადლი და ზარზმის მამათა მონასტრის მამების ლოცვა!

ბეჭდვა
1კ1