"დაუძინებელი მუშაკი და დიდებული მოღვაწე ყანისა ქრისტესისა"
"დაუძინებელი მუშაკი და დიდებული მოღვაწე ყანისა ქრისტესისა"
ულუმბოს მამათა მონასტერი ხაშურის რაიონში, მდინარე ჭერათხევის ხეობაშია. VI საუკუნეში აქ, სოფელ ულუმბოსთან ახლოს, მდინარე ალისწყალთან მონასტერი დააარსა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - მიქაელმა, რომელიც აქვეა დაკრძალული. საუბედუროდ, ამჟამად ღირსი მამის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

აი, როგორ დავკარგეთ წმინდა მიქაელ ულუმბოელის განსასვენებელი: 1795 წელს ირანის შაჰი აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ლაშქრით საქართველოს დედაქალაქისკენ გამოემართა. ერეკლე მეორემ მხოლოდ
5 000 მეომრის შეკრება მოახერხა. ჯარის სიმცირის მიუხედავად, პატარა კახმა გადამწყვეტი ბრძოლა თბილისთან, კრწანისის ველზე, გაუმართა მტერს. 10 სექტემბერს ქართველებმა ენერგიული შეტევით მტრის მეწინავე რაზმი გაანადგურეს. ამ დამარცხებამ გული გაუტეხა აღა-მაჰმად-ხანს და უკან გაბრუნებას აპირებდა, როცა მოღალატეებმა ქართველთა ჯარის სიმცირე ამცნეს. მეორე დღეს, 11 სექტემბერს, მტერი შეტევაზე გადმოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, მტრის სიჭარბემ თავისი გაიტანა და საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ. გამარჯვებული აღა-მაჰმად-ხანი თბილისში შეიჭრა, დაარბია დედაქალაქი, გადაწვა ეკლესიები. ირანის მბრძანებელმა თბილისიდან მარბიელი რაზმები ქართლს შეუსია. მაშინ გადაუწვავთ ულუმბოს მამათა მონასტერიც. კრწანისის ბრძოლის შემდეგ ისევ გაძლიერდა დაღესტნელ ფეოდალთა შემოსევები, რამაც გამოიწვია გლეხთა აყრა-გაქცევა. სწორედ ამ დროს დაიცალა სოფელი ულუმბოც. მოგვიანებით, XIX საუკუნეში, საჩხრიდან გადმოსულა 10-20 ოჯახი და დასახლებულა ნასოფლარ ულუმბოს ტერიტორიაზე, სადაც მაშინ მიუვალი ტყე იყო. ამრიგად, გაწყდა მეხსიერების ჯაჭვი ხალხის ცნობიერებაში და დაიკარგა ღირსი მამის მიქაელ ულუმბოელის საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია 1871 წელს ალექსი კევლიშვილს აუგია აქ არსებული ულუმბოს მონასტრის ადგილზე. მიქაელ ულუმბოელის მიერ დაარსებული მონასტერი მრავალჯერ დანგრეულა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ტაძარი XIV საუკუნეში თემურლენგის ლაშქარს დაუნგრევია, მოგვიანებით ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს აღუდგენია სამნავიანი ბაზილიკა. XVIII საუკუნის I ნახევარში ულუმბოს მონასტერი ისევ მოქმედი იყო. XIX საუკუნეში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი, ცალნავიანი ბაზილიკა აუშენებიათ. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ულუმბოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ამოქმედდა. აქ განუწესებიათ ვინმე რუსი მღვდელი, რომელსაც ტაძართან აუშენებია საცხოვრებელი სახლი. ეს სახლი დღესაც დგას მონასტრის ეზოში. სახლი ხისაა, რუსული სტილის. როცა რევოლუციის შემდეგ მღვდელი გაუგდიათ, ამ სახლში სოფლის სკოლა გაუხსნიათ.

XX საუკუნის 90-იან წლებში განახლდა ტაძარი, რომელსაც სახურავი მთლიანად მოხდილი ჰქონდა. ტაძრის სამხრეთის კედელზე გარედან დღესაც არის შემორჩენილი ძველი ეკლესიის კარი, რომლის სიმაღლეც აშკარად მოწმობს, რომ ტაძარს მიწა აქვს მიყრილი.

პირველი მონასტერი, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში ამოქმედდა, ულუმბოს მამათა მონასტერი იყო. თავდაპირველად არქიმანდრიტი გაბრიელი (ტაბატაძე) 250 წლის შემდეგ აღდგენილ მონასტერში მარტო მოღვაწეობდა. შემდეგ თანდათან გამრავლდა მონასტრის საძმო, აიგო კელიები, სატრაპეზო. როდესაც მიმდინარეობდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა, ბერებმა მიწაში ჩაფლულ უზარმაზარ ქვევრებს მიაგნეს, რომლებიც ხორბლის შესანახად გამოიყენებოდა, და წყლის გაყვანილობის თიხის მილებს, რაც მოწმობს, რომ აქ ლავრა უნდა ყოფილიყო. გათხრებისას აღმოჩენილი ნახშირის გროვები ადასტურებს, რომ მტერი ეკლესიას კი არ ანგრევდა, არამედ წვავდა. ეკლესიის შუაგულში ანთებდნენ იმხელა ცეცხლს, რომ ტაძრის კედლები ნახშირად იქცეოდა.

დღეს მონასტრის წინამძღვარი სქემმონაზონი ილიაა (ხაჩიძე), არქიმანდრიტი გაბრიელი კი ულუმბოს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია.

ულუმბოს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი ოთხი წლის წინ თვითონ მამა გაბრიელმა აღმოაჩინა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ღირსმა მიქაელ ულუმბოელმა, რომელიც დაუღალავად ქადაგებდა ქრისტიანობას არა მარტო ქართველთა შორის, კერძოდ, ზემო ქართლში, არამედ ოსეთშიც, სოფელ ულუმბოს მახლობლად სამი ეკლესია ააშენა. მამა გაბრიელმა ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიტყო, რომ ტყეში ერთ-ერთ გორაზე ხეებს არ ჭრიდნენ, რადგან გადმოცემით ახსოვდათ, რომ იქ უწინ ეკლესია იყო.

გათხარეს მიწა და მართლაც მიაგნეს ტაძრის საძირკველს. კედლების ორმაგი ფენიდან ჩანს, რომ ქვით ნაშენი ეკლესია მოგვიანებით აგურით განუახლებიათ. ტაძრის გვერდით აღმოჩნდა ნაგებობის საძირკველიც, სავარაუდოდ სატრაპეზო უნდა ყოფილიყო, რადგან მიწაში ამოჭრილია ჭურჭლის სათავსები. თვით ჭურჭელი კი არსად არის, რაც მიგვანიშნებს, რომ მტრის თავდასხმამდე აქ მოღვაწე ბერებს ტაძრის დაცლა მოუსწრიათ. ტაძრის შემოგარენში ნაპოვნი ადამიანის ძვლები ამჟამად კელიების თავზე გამართულ ტაძარში ინახება.

მამა ისააკი, რომელიც 1996 წლიდან ულუმბოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწეობს, გვიყვება: "კომუნისტების დროს სომხებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან ქვები მიჰქონდათ სხვადასხვა ნაგებობის ასაშენებლად. მათ შვილებს საშინელი სენი შეჰყრიათ და ვერაფრით კურნავდნენ. მაშინ ერთ-ერთ მართლმადიდებელს გაუფრთხილებია ისინი, ყველა ქვა დაებრუნებინათ ეკლესიისთვის, თორემ შვილები დაეხოცებოდათ. შეშინებულებს უკლებლივ მოუტანიათ უკანვე ქვები და მათი შვილები მაშინვე განკურნებულან. ულუმბოს წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებული ეს სასწაული სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა მიამბო".

ბერებს დიდი იმედი აქვთ, რომ მიქაელ ულუმბოელის მიერ აშენებულ მესამე ტაძარსაც უფლის ნებით მალე მიაგნებენ და ღირსი მამის ლოცვითა და მეოხებით, ჭერათხევის ხეობა კვლავ ქართველთა სამოღვაწეო ლავრად იქცევა.

ამჟამად ჭერათხევის ხეობაში, რომელსაც ხანგრძლივი ზამთრისა და დიდთოვლობის გამო "საქართველოს ციმბირსაც" კი უწოდებენ, მხოლოდ ხუთი ბერი მოღვაწეობს.

1 ივლისს, მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღეს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ღამისთევით აღევლინა. შარშან პირველად ვიზეიმეთ ღირსი მამის ხსენება, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1 ივლისი წმინდა მამის ხსენების დღედ 2005 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე დაადგინა.

მოამზადა
თინათინ მაჭარაშვილმა

რუსთავის 13 ასურელი მამის ეკლესიის
შემოქმედებითი ჯგუფი "გორგასალი"
ბეჭდვა
1კ1