ღმერთმა ქნას, რომ ეს ტაძარი ყოფილიყოს საწინდარი შინაგანი ტაძრის აღშენებისა და გაბრწყინებისა
ღმერთმა ქნას, რომ ეს ტაძარი ყოფილიყოს საწინდარი შინაგანი ტაძრის აღშენებისა და გაბრწყინებისა
ქუთაისიდან ჩრდილო-დასავლეთით, 70 კილომეტრში ლადო ასათიანის სოფელ ბარდნალას რომ გამოსცდები, არმისული ცაგერამდე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, მთის ქვეშ, ფერდობზე შეფენილი, მწვანეში ჩაფლული ულამაზესი სოფელი მოჩანს, ეს სოფელი ლასურიაშია.

უდიდესი სიამოვნების განცდა გეუფლება ადამიანს, როცა შორიდან სახლების სახურავებს შორის ამოზრდილ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის უმშვენიერეს ტაძარს, მის უკან კი სოფელ დოღურაშში მოჭრილი იშვიათი სილამაზის ქვით ნაშენებ მონასტრის შენობას შესცქერი. მონასტრის მშენებლობა და მისი კეთილმოწყობა 2005 წლის სექტემბერში დამთავრდა. ამავე წლის 21 სექტემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა, სტეფანემ უამრავი ადგილობრივისა და სტუმრის თანდასწრებით ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი აკურთხა და მონასტრის წინამძღვრად მღვდელმონაზონი, ამჟამად იღუმენი ცოტნე (მარიამიძე) დაადგინა.

KARIBCHE

მამა ცოტნესთან საუბრისას ბევრი საინტერესო რამ გავიგე:

- სოფელ ლასურიაშის ძველი ეკლესია, რომელიც თურმე ადრე მთავარანგელოზთა სახელობისა ყოფილა და 1921 წელს, კომუნისტური რეპრესიების დროს დაუნგრევიათ. ძველი ხალხის გადმოცემით ერთ-ერთ ბოლშევიკ აქტივისტს, რომელმაც ეკლესიის ჯვარი გუმბათიდან გადმოაგდო, ძალიან მალე უდიდესი უბედურება დაატყდა თავს. მისმა ერთადერთმა ვაჟმა, რომელიც სოფელში ნიჭიერებით, განათლებით, ვაჟკაცობითა და ავტორიტეტით გამოირჩეოდა, მოულოდნელად თავი მოიკლა. თავსდამტყდარი უბედურებით გაოგნებული და სასოწარკვეთილი მამა თურმე მეზობლებს შვილის ცხედრის დამარხვის უფლებას არ აძლევდა - დაწვას უპირებდა. ძლივს დაუწყნარებიათ ახლობლებს ცოდვებით დამძიმებული ბოლშებიკი აქტივისტი. იმ დღეებში ხშირად გაიგონებდი ხალხში: "პაპის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოსჭრა კბილიო"". გარკვეული ხნის შემდეგ ამ ეკლესიის ნანგრევებზე აიგო ხის პატარა ეკლესია, მოგვიანებით კი ამავე სოფლის მკვიდრის, თამაზი მუშკუდიანის თაოსნობით კვლავ მთავარანგოლოზთა პატივსაცემად აიგო მათივე სახელობის ქვის პატარა ბაზილიკა.

"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". მართლაც რომ დიდი და საკვირველია უფალი, რომელიც კაცთათვის შეუძლებელს და მისთვის შესაძლებელს მისცემს ხოლმე თავის ხატებას. ამჟამინდელი მონასტრის აღმშენებელი, აწ განსვენებული თამაზ მუშკუდიანი (რომელიც ამავე მონასტრის ეზოშია დაკრძალული), ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა აიძულა, რომ თავისივე სოფელში თანასოფლელთა დახმარებით აეგო ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საპატივსაცემოდ. მთელი სოფელი გაოცებული იყო მისი ჩანაფიქრით. რადგან პროექტი ისეთი მასშტაბური იყო, რომ იმ დროს ლეჩხუმისა და სვანეთის ეპისკოპოსმა - მეუფე დავითმა (ტიკარაძე) თამაზი გააფრთხილა, რომ თუ ტაძარს ბოლომდე ვერ მოამთავრებდა, ჯობდა საერთოდ არ დაეწყო. 1991 წლის თებერვალში ღვთის შეწევნითა და მეუფის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს მიერ დამტკიცდა ტაძრის პროექტი, გაიჭრა საძირკველი და დაიწყო მშენებლობა. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ამ ტაძრის არქიტექტორის, აწ განსვენებული მურად მუკბანიანის ღვაწლი, რომელიც დღენიადაგ იღვწოდა მონასტრის შენებისათვის. აგრეთვე აღსანიშნავია თვითონ ამ სოფლის მცხოვრებთა შრომა, თავდადება, რომელთაც თავიანთი კუთვნილი დაახლოებით 3 ჰა სასახლკარე და საბოსტნე მიწები შესწირეს მონასტერს.

KARIBCHE

შეიძლება გაგვიკვირდეს, რათომ გადაწყვიტეს ეკლესიის მაინცდამაინც ღვთისმშობლის შობის სახელზე აშენება? ამასთან დაკავშირებით სოფელში ხშირად იხსენებენ ერთ საინტერესო მოვლენას, რომელიც 1998 წლის 21 სექტემბერს (ღვთისმშობლობას) მოხდა: წვიმიანი დღე იყო. მამა გიორგის (ჩართოლანი) სამოცდაათამდე ლასურიაშელისთვის მოეყარა თავი და ნათლავდა. ვიღას არ ნახავდით იქ: ქალსა თუ კაცს. ახალგაზრდას თუ მოხუცს. ჩვილსა თუ მოზარდს. ამ დროს ერთი მომაკვდავი მოსანათლი მოხუცებული მოიყვანეს. მოინათლა თუ არა იმ წამსვე გამოჯამრთელდა და ამასთანავე სუფრაზეც სხვებთან ერთად კარგა გვარიანადაც მოილხინა (მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ის დღესაც ცოცხალია). მიუხედავად ამინდისა ირგვლივ საზეიმო განწყობა სუფევდა. მამაომ ნათლობა დაამთავრა, ყველას მოგვილოცა ეს ბრწყინვალე დღე და თითქოს უფალმაც დაგვლოცაო, ცა გაიყო, ღრუბლებს შორის მზის სხივი ჩამოიჭრა და სვეტად დაადგრა იმ ადგილს სადაც ნათელღებულნი იდგნენ . . . სწორედ აქ გაიჭრა ტაძრის საძირკველი.

KARIBCHE

ეკლესიის მშენებლობა ერთი წელი გაგრძელდა. სოფელს ძალიან უჭირდა ეკონომიურად. მიუხედავად ამისა, ვისაც როგორ შეეძლო, ფიზიკურად, მატერიალურად, თუ სულიერად, არაფერს იშურებდა. ამ დიდ საქმეში სხვა სოფლებიც იღებდნენ მონაწილეობას (დეხვირი, მახაში). და ღვთის შეწევნითა და ყველას ერთობლივი ძალისხმევით 1999 წლის დეკემბრის სუსხიან დღეს, როცა ირგვლივ ყველაფერი თოვლით იყო დაფარული და ციდანაც მუჭისოდენა ფანტელები ცვიოდა, ტაძარი გადაიხურა.

2003 წლის სექტემბერში სოფელ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გახსნა იგეგმებოდა, მაგრამ გადაიდო: ტაძართან ერთად გაჩნდა მამათა მონასტრის აგების იდეა. და ამავე ეპარქიის მმართველის - ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის (ამჟამად მთავარეპისკოპოსი) სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა- კურთხევით, დაიწყო მონასტრის მშენებლობა.

KARIBCHEაქვე დავსძენთ, რომ სანამ მონასტერი აშენდებოდა და სრულყოფილ სახეს მიიღებდა, პარალელურად, მეუფის ლოცვა-კურთხევით, სამღვდელოების მიერ სრულდებოდა პარაკლისები და სხვადასხვა ლოცვები. ამ სოფლის ხშირი სტუმრები იყვნენ, არქიმანდრიტი ანტონი (ბურდილაძე), დეკანოზი იოსები (ნიგურიანი), მღვდელი (ამჟამად დეკანოზი) იოსები (ტატიშვილი) და სხვანი. მრევლი თანდათანობით მატულობდა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც შობა დღეს, მიწისძვრის სახით სოფელს განსაცდელი დაატყდა თავს. სოფლის მაცხოვრებლები ძალიან შეშინებულნი იყვნენ. ყოვლადუსამღვდელოესმა, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა (ამჟამად მთავარეპისკოპოსი) - სტეფანემ ამ ამბისადმი ამავე ტაძარში სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა, ლიტანიობით სოფელს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოატარა და სოფლის მაცხოვრებელნი ანუგეშა.

მოხდა კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა: ადგილი, სადაც მონასტრის სენაკები უნდა განლაგებულიყო, სამი ძმის კუთვნილებას წარმოადგენდა. მათ უჭირდათ ამ მიწის დათმობა, მაგრამ უფლის ნებით ყველაფერი თავისით მოგვარდა: ერთ-ერთი ძმის ვაჟზე ღმერთმა განსაცდელი დაუშვა. იგი ავარიაში მოყვა, სამ ადამიანს დაეჯახა. ღვთის წყალობით ოთხივე გადარჩა. ოჯახმა უფლისადმი მადლობის ნიშნად კუთვნილი მიწა მონასტერს შესწირა. იგივე გაიმეორა ორივე ძმამ.

დროთა განმავლობაში მონასტერში მრავალი რამ გაკეთდა. ტაძრის შემოგარენში გაშენდა ვაშლისა და ატმის ბაღი. გაშენდა ოჯალეშის (დაახ. 600 ძირი) უნიკალური ჯიშის ვენახი. არის ფუტკრის რამოდენიმე სკა. მონასტერში ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღევლინება. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2010 წლის 5 ოქტომბერს ამავე მონასტერში გაიხსნა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარია.

KARIBCHE

დასასრულს, მინდა წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით დავამთავრო: "უფალმან მწყსოს და მე არა მაკლდეს, ადგილსა მწვანილოვანსა მუნ დამამკვიდრა მე (22. 1)" და როგორც მწყემსი ზრუნავს თავის სამწყსოსთვის, ასევე უფალიც მზრუნველი და მფარველია ჩვენი ცოდვილი სულებისა. და ღმერთმა ქნას, რომ ეს ტაძარი ყოფილიყოს საწინდარი შინაგანი ტაძრის აღშენებისა და გაბრწყინებისა.

KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1