მცხეთის გეთსიმანია
მცხეთის გეთსიმანია
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ მცხეთის შესასვლელში, ხიდის მახლობლად, ბექობზე, საუკუნეების წინ სასულიერო ცხოვრება ჩქეფდა. აქ თურმე საუცხოო სილამაზის ბაღიც კი ყოფილა გაშენებული. წინაპართა ნალოც სულიერების ამ სავანეს, იერუსალიმის გეთსიმანიის ბაღის ანალოგიურად, გეთსიმანიად მოიხსენიებენ. რახან მცხეთა მეორე იერუსალიმად ითვლება, გასაკვირი არ უნდა იყოს, იერუსალიმის მსგავსად მცხეთაშიც ამგვარი კერის არსებობა.

ძველი ქალაქის დასავლეთ კართან, "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით, მდგარა ელიოზ მცხეთელის სახლი (ეს ის ელიოზია, რომელიც ლონგინოზ კარსნელთან ერთად შეესწრო მაცხოვრის ჯვარცმას და უფლის კვართი მცხეთაში ჩამოაბრძანა): "ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა შინა დასავალითსა, იყო კარსა მოგუეთისასა, მტკუარსა ზედა და იყო მცირე ბაგინი, სამარხვოი მათი, რომელსა ზედა აღმართა წმიდამან ნინო ჯუარი ქრისტესი... და ფრიად დიდებული იყო ადგილი იგი დღეთა ჩუენთა, რამეთუ დგა იგი ველსა, თვინიერ ნაშენებისა..."

სწორედ ამ ადგილას აშენდა ტაძარი, რომლისგანაც დღეს მხოლოდ მცირე ეკლესიის ნაშთია შემორჩენილი. გასაკვირია და, თავად მცხეთელებმაც არ იციან, რომ აქ ერთ დროს ეკლესია არსებობდა. მის გარშემო ახლა ძველი, მიტოვებული სასაფლაოა და ისიც ნაგავსაყრელადაა ქცეული. სასიხარულოა, რომ მალე ამ ადგილს პირვანდელი სახე დაუბრუნდება, მცხეთას კი კიდევ ერთი სავანე შეემატება...

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, განზრახულია ტაძრის აღდგენა და კეთილმოწყობა. ამ კეთილი მისიის შესრულება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე), სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრობის ჟამს. მამა ილიას ძალისხმევით კვლავ განახლდა ზრუნვა გეთსიმანიის აღდგენისთვის და მალე კეთილი ადამიანების ფინანსური დახმარებით პრაქტიკული სამუშაოებიც დაიწყება.

ამ ცოტა ხნის წინ უწმინდესმა მოინახულა ეს ადგილი. გადაწყდა, ტაძართან ერთად აღდგება გეთსიმანიის ბაღი სამონასტრო კომპლექსით. არქიტექტორ-რესტავრატორის ნიკოლოზ ზაზუნიშვილის განმარტებით, ეკლესიის გარშემო გარკვეული სამუშაოები, პირვანდელი სახის გამოსავლენად, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. ეკლესია აგებული ყოფილა გვიანანტიკური ხანის ნაგებობის კედლების საძირკველზე. მანამდე ეს ნაგებობა გადამწვარა და განადგურებულა. შემდეგ რიყის ქვით აუგიათ ეკლესია. გარდამავალი პერიოდის ტაძარი დანგრეულა და გარკვეული დროის შემდეგ იგი აღუდგენიათ. ჩანს, ეკლესია კვლავ დანგრეულა ან საკმაოდ დაზიანებულა და განუახლებიათ გვიან შუა საუკუნეებში. ამ დარბაზული ტიპის ტაძარს შესასვლელი სამხრეთის მხრიდან ჰქონდა. მოგვიანებით კი ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენები გაუკეთებიათ.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კვლევამ გამოავლინა რამდენიმე ქვაყუთი. ერთ-ერთი, სამწუხაროდ, ადრეც გაუხსნიათ და გაუძარცვავთ. თუმცა იქ სხვა ქვაყუთებიცაა, რომლებიც გასახსნელია, მაგრამ დაუფინანსებლობის გამო ეს საქმე დროებით შეჩერდა. ტაძარი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სრულად აღდგება და მცხეთის დასავლეთის კარიბჭესთან არსებულ სამონასტრო კომპლექსს მოსახლეობაში დიდი სულიერი დატვირთვა ექნება. გარდა ამისა, მისი აღდგენით თავად ეს ძეგლი მოხვდება ტურისტულ მარშრუტში და ქართველებიც და უცხოელებიც ძირფესვიანად გაიცნობენ გეთსიმანიას.

კულტურის სამინისტროსთან, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან და საპატრიარქოსთან შეთანხმებით აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. ნაგებობის სრულად აღსადგენად წერილობითი მონაცემები არ მოგვეპოვება, ამიტომ თავდაპირველი სახით შესაძლებელია მხოლოდ მცირე ნაწილის აღდგენა მოხერხდეს. ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილის თქმით, მხოლოდ სახელი - გეთსიმანია შემორჩა თანამედროვეობას. უწმინდესის სურვილია, აქ დაფუძნდეს მამათა მონასტერი. ტერიტორია მცირეა და მონასტერიც მცირე მოცულობის იქნება. მცხეთაში კიდევ ერთი სავანის დაარსება ხელს შეუწყობს მცხეთის მოსახლეობის სულიერებისკენ უფრო მეტად შემობრუნებას, - აღნიშნა ბატონმა გიამ. როგორც ბატონ გიასთან საუბრისას გავიგეთ, სარესტავრაციო კანონმდებლობით აკრძალულია ძველი ნანგრევის ისე აღდგენა, თუ დეტალურად არ არის ცნობილი მისი პირვანდელი სახე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ძეგლის კონსერვაცია. ანალოგიური მდგომარეობაა გეთსიმანიის ირგვლივ. აპირებენ ძველი ტაძრის ნაშთების გამაგრებას, ხოლო დანარჩენი ნაგებობა დასრულდება და გადაიხურება დარბაზული ეკლესიისთვის დამახასიათებელი ფორმით. ცალკე იქნება გამოყოფილი ძველი და ახალი ნაგებობა. ახალაგებულ ტაძარში შესრულდება ღვთისმსახურება და მრევლს საშუალება ექნება, მიიღოს სულიერი საკვები. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.
ბეჭდვა
1კ1