შორეთის მონასტერი
შორეთის მონასტერი
შორეთის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს დაბა ასპინძიდან 18 კილომეტრში, სოფელ ოთის მთაზე, მდინარე სანისლოს მარცხენა შენაკადის სათავეში, ტყეში. მონასტერი სამი მხრიდან ციხე-კოშკით დამშვენებული ფრიალო კლდითა და ამწვანებული მთებით არის გარშემორტყმული. დასავლეთით, სამცხის ქვაბულისკენ კი ულამაზესი, თვალუწვდენელი მთაგორიანი სანახებია.

შორეთის მონასტრის გავლით ადიოდა საურმე გზა ასპინძისხევიდან ნახევარჯავახეთში, რომელიც საუფლისწულო დომენს წარმოადგენდა.

კოხტასთავის ცნობილი შეთქმულება მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ სწორედ ამ მიდამოებში მოხდა - შეთქმულნი კოხტასთავის ციხეში იკრიბებოდნენ, რომელიც სოფელ დამალასა და შორეთის მონასტერს შორის მდებარეობს. შორეთის ტაძრელი რაინდები იმავდროულად საუფლისწულო დომენის სავანე-მონასტრის წინამძღვარნი, მოძღვარნი და საყდრიშვილები იყვნენ და ცხადია, მუდამ აქტიურად იქნებოდნენ ჩაბმულნი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

შემორჩენილია XII-XIV საუკუნეების ანდერძები, სადაც მოიხსენიება შორეთის მაცხოვრის, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ხატები. უძველესი სამეცნიერო ცნობა მონასტრის შესახებ ვახუშტის ეკუთვნის: "მონასტერი უგუმბათო, შვენიერს ადგილს დიდშენი, სრულიად სოფიის კენჭით და აწ ცალიერი".

1849 წელს შორეთში იმოგზაურა აკადემიკოსმა მარი ბროსემ, მან დაგვიტოვა რელიეფებისა და ორი ლაპიდარული წარწერის აღწერილობა.

მარი ბროსეს დროს ეკლესია ჯერ კიდევ სრული სახით იყო შემორჩენილი. ივანე გვარამაძე საგანგებოდ აღნიშნავს: "იატაკი სრული მინაქარის, მწვანე ჩინური ნაგები, აღსავლის კარს შუა სრულ ლიბრი მარმარილოს ძელები და ოთხი ყრუ კედელი სრულ მუზაიტის კენჭით ჩაწყობილი ხატები. ამ ათის წლის წინ ეს ნაშთი ჩვენ წინაპართა დიდებისა კიდევ დამხვდა; ახლა სრულ გატიალებულია"...

ვესაუბრებით ასპინძის კომპლექსური ექსპედიციის ხელმძღვანელს მალხაზ დათუკიშვილს.

- ბატონო მალხაზ, რომელი პერიოდიდან იღებს მონასტრის სახეს შორეთის ეკლესია?

- XII-XIII საუკუნეებში მიწისძვრითა და მტერთა შემოსევებით დაქცეული ტაძარი ხელახლა შენდება და შორეთის ეკლესია მონასტრის სახეს იღებს. ფაქტობრივად, იგი ხდება ორსართულიანი, ჯვრის ტიპის მსგავსი, შემორჩენილია IX საუკუნის აფსიდა. XIV საუკუნის მიწურულს ან XV საუკუნის დასაწყისში ეკლესია კვლავ აღადგინეს. მთლიანად იცვლება ფასადი, შენდება უნიკალური დეკორის მქონე საძვალე და ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც არქიტექტურულად და სტილისტურად ძალზე ახლოსაა ურაველის ხეობაში მდგარ ხეოთის სამრეკლოსთან.

- ცნობილია, რომ მიაკვლიეთ ახალ წარწერას, რამაც ბევრ უცნობ ფურცელს მოჰფინა ნათელი.

- აღმოჩენილი ახალი წარწერებიდან საყურადღებოა წარწერა: "ძალითა შენითა შეეწიე საბა ნიკოლოზის ძეს ვარაზ-ბაკურ ოთარის". წარწერა სამხრეთ ფასადზე, მეორე სართულის კარისზედა არქიტრავზეა მოთავსებული, მაგრამ იკითხება მხოლოდ მისი მცირე ნაწილი, რადგან გვიანდელი სამრეკლო ზედ არის მიშენებული.

"ოთარი", როგორც ჩანს, დამოუკიდებელ საგვარეულოს აღნიშნავს და ოთის ციხის მფლობელობაზე მიუთითებს. ის თავად შალიკაშვილთა პირდაპირ წინაპარს წარმოადგენს. შესაძლოა "ოთარი" თორელთა უცნობი შტოც იყოს, ან ხოსროვან მეფისწულთა შთამომავალი (ვარაზ-ბაკური მათი საგვარეულო სახელია), უბრალო ხალხი კი მათ კოდიანის მეპატრონეებს უწოდებდა, რადგან "კოდიანიდან წალკამდე" ფლობდნენ მამულებს. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში იხსენიება "ოთარი ვარაზა". ფოლკლორმა მეტად საინტერესო თქმულება შემოგვინახა: თურმე თამარ მეფემ შოთა რუსთაველს კოდიანის მებატონის ქალი შერთო ცოლად. ეს წარწერა შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდეს და გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია მისი წაკითხვა, რისთვისაც ძეგლის ძვირადღირებული საკონსერვაციო სამუშაოების დაფინანსება იქნება საჭირო.

შორეთის სამონასტრო კომპლექსი საუფლისწულოს მონასტერია, სადაც გაცხოველებული ლიტერატურული და შემოქმედებითი მუშაობა წარმოებდა. სამაგალითოდ ისიც კმარა, რომ მონასტრის ტერიტორიაზე უნიკალური მოზაიკის, ულამაზესი ფრესკების გარდა აღმოჩენილია სკრიპტორიუმი, სადაც ბექა არტანუჯელის ცოლის, ნათანიხოსის მიერ შორეთისთვის შეწირული, თამარ მეფის მიერ ჰრომანის მონასტერში შეკვეთილი, ივერონში დაცული გიორგი ათონელის (მთაწმინდელის) ეტალონური თარგმანიდან საგანგებოდ გადმოღებული "ვანის ოთხთავი" იქნა გადაწერილი და სათანადოდ შემკული მინიატურებითა და ჭედურობით.

როგორც აღვნიშნეთ, ექსპედიცია უწყვეტად, მაგრამ დაფინანსებიდან გამომდინარე მეტ-ნაკლები დატვირთვით მუშაობდა 1987-2003 წლებში. მთლიანად გაიწმინდა მიწისაგან პირველი სართული, სამრეკლო, მთავარი ტაძრის დასავლეთ და სამხრეთ ფასადები, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფასადთა დიდი ნაწილი. გამოვლენილია უნიკალური მოზაიკა, რაც იშვიათი შემთხვევაა ფეოდალური ხანის საქართველოს ძეგლებისთვის. დამატებით ხარჯებსა და შრომას მოითხოვს მოზაიკისა და ფრესკების გადარჩენილი ფრაგმენტების კონსერვაცია.

საველე პირობები ძალიან მძიმე იყო, რადგან 7 კილომეტრი უახლოესი დასახლებული პუნქტიდან უღრან კლდეებზე უნდა გვევლო და ზურგით აგვეტანა საველე მოწყობილობა, სამუშაო იარაღი და სურსათი. გარდა ამისა, მესხეთი სასაზღვრო ზონა იყო და რუს მესაზღვრეთა სპეციალური საშვის გარეშე მიმოსვლა არ შეიძლებოდა, რაც მომარაგებას აძნელებდა.

ექსპედიციამ საკმაოდ სოლიდური წმენდითი სამუშაო ჩაატარა და ამასთანავე, ექსპედიციის, რაიონის ხელმძღვანელობისა და ადგილობრივი სატყეო მეურნეობის ერთობლივი ძალისხმევით, სოფელ ოთიდან შორეთის მონასტრამდე გაყვანილ იქნა მეხუთე კატეგორიის სამანქანო გზა, რომელიც დღემდე მოქმედებს. შესაძლოა ნებისმიერი ორხიდიანი მანქანის, სატვირთო მანქანებისა და ტექნიკის მოძრაობა. საშენი მასალა ადგილზეა, ქვის პერანგის ქვათა უმეტესობა მოძიებულია, დანომრილია. არის როგორც ტექნიკური, ისე სასმელი წყლის მარაგი.

2006 წელს, ეროვნული მემკვიდრეობის კავშირის, "ტაძრის" მონაწილეობით, გაიგზავნა მოხალისეთა ჯგუფი. წელს იგეგმება "ტაძრისა" და ქართულ-კავკასიური ინსტიტუტის (ფონდის) ერთობლივი ექსპედიცია ასპინძისხევში, რომელიც მოიცავს შორეთისა და ბეთლემის სამონასტრო კომპლექსებს - ოთის, ზემო ინთორისისა და ვარაზას ციხეებს, ღართის, მამაწმინდის, ოთის კარის და სანისლოს ეკლესიებს.
ბეჭდვა
1კ1