ათენში ყოფნისას ნეა ეპიდავროში მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის მოლოცვის შემდეგ, გერონდისა მაკარიას ლოცვა-კურთხევით იქვე ახლოს მდებარე მთავარანგელოზთა მონასტრის მეტოქიონი - ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი - მოვილოცეთ.
ღვთისმშობლის (აგნონდას) სახელობის დედათა მონასტერი ერთ-ერთი მთის ფერდობზე, ნეა ეპიდავროდან 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ერთ ღამეს მოულოდნელად მაღლობზე რაღაც სინათლე გამოჩნდა, თითქოს ვარსკვლავი ჩანდა მთაზე. ერთ-ერთმა მწყემსმა, რომელსაც გზას ეს შუქი უნათებდა მოულოდნელად დედა ღვთისმშობლის ხატი აღმოაჩინა. ამის შემდეგ გადაწყდა ამ ადგილას მონასტრის აშენება.
სახელწოდება აგნონდა მოდის ბერძნული სიტყვიდან - აგნანტევო, რაც თვალყურის დევნებას ნიშნავს. გადმოცემით, მონასტერი დაახლოებით XI საუკუნეშია აგებული. მონასტერს გარს აკრავს მაღალი და მტკიცე ციხე-კოშკები, გალავანი, რომელიც მონასტერს თურქების შემოსევებისგან იცავდა. შუაგულ ეზოში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია. ეკლესია ფრესკებით არის მოხატული, რომელიც 1250 წლით თარიღდება, ამიტომაც შედის საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. 1759 წელს ფრესკები მტრებმა გადაღებეს. მონასტრის კუთვნილებაში იყო ზეთისხილის ბაღები, მინდვრები, ვენახები, ფიჭვის ტყეები. მონასტრის წევრები მეურნეობითაც იყვნენ დაკავებულნი.
მონასტერს ჰქონდა აგრეთვე ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებული იყო უამრავი შესანიშნავი წიგნი. აქვე ინახებოდა ოქროსა და ვერცხლის სურები. წიგნები და ძვირფასი სურები მტრის შემოსევას გადაურჩა და გადაიტანეს მთავარანგელოზთა დედათა მონასტერში. ამჟამად მონასტერი არ ფუნქციონირებს და მთავარანგელოზთა დედათა მონასტერს ექვემდებარება. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის მეტოქიონია. ამ ტაძარს პანაღია აგნონდას სახელით მოიხსენიებენ. იგი 1029 წლით თარიღდება. თავდაპირველად მონასტერი მამათა ყოფილა, ხოლო მოგვიანებით დედათა მონასტრად გადაკეთდა.