ზეციური მინიშნებით ის შავნაბდიანი მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი ყოფილა
19.10.2014
ძველი სტილით ოქტომბრის პირველ კვირას შავნაბადობაა
შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტერი თბილისიდან 30 კმ-ში, შავნაბადას მთაზე მდებარეობს.
1795 წელს, მას შემდეგ რაც აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო, სპარსელებმა ქალაქის ძარცვა-რბევა დაიწყეს. სპარსელთა მოთარეშე არმია ბანაკში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა.
ლეგენდის მიხედვით, ნაძარცვით დაბრუნებულ ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს: შუაღამისას მოსასვენებლად დაბინევებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითმის ყოველდღე. სპარსელებმა გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ, მაგრამ შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ჯარის სასწრაფოდ აყრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან წასვლისას კი პირობა დადო, მომავალ წელს კვლავ შემოვესევი და ქვას ქვაზე არ დავტოვებო.
ქართველებმა იმ მთას, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და არბევდა, შავნაბადის მთა უწოდა, ხოლო მთის წვერზე, ქართველთა შემწის, ზეციური მხედრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო.
ერთი წლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა მართლაც განიზრახა საქართველოს დასაპყრობად წამოსვლა, მაგრამ სალაშქროდ წამოსვლის წინა საღამოს საგულდაგულოდ დაცულ კარავში, სპარსეთის მბრძანებელი, ყველასათვის გასაოცრად, მახვილით განგმირული იპოვეს.