სოფელი ტანძია და ფიტარეთის მონასტრის წარსული მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
მონასტრის კედლის ერთ-ერთი წარწერიდან ვგებულობთ, რომ გიორგი მეფის ამირეჯიბმა, ქავთარ ქაჯიფაისძემ, აღაშენა (შეაკეთა) ეს ტაძარი ომში მონაპოვარი ფულით (ხმლით მონაგებით). მან ამავე ალაფით ორი სოფელი - ტანძია და თევდორეწმინდა იყიდა და ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს შესწირა.
ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი მდინარე ქციის ხეობაში, ახლანდელი თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს. მონასტერი ღრმა ხეობაში დგას და მაღალი მთებით არის შემოზღუდული. სამონასტრო კომპლექსში შემორჩენილია მთავარი ტაძარი, მარანი, სამრეკლო, გალავანი და სხვა სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების დაზიანებული ნაგებობები. მონასტერს შემოვლებული აქვს ორი გალავანი - ძველი და ახალი, რომელთაგან ახალი, სათოფურებიანი უკეთ არის შემონახული და XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო ძველი XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება და მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია.
ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსიდან კიდევ ერთი წარწერაა ცნობილი, წარწერა აქვს მარნის ჩრდილოეთ კედელში ჩატანებულ თეთრ ქვას: "ყოვლად პატიოსანო და საშინელო ფიტარეთის ღვთისმშობელო, ულხინე სულსა ფრიად ცოდვილისასა იობისასა, რომელმან აღვაშენე მარანი ესე, შენდობას იტყოდით სამადლოს". ამ წარწერაში მოხსენიებული იობი არის ფიტარეთის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი, რომელიც იობ ფიტარელის სახელით არის ცნობილი. მის შესახებ ლევან მენაბდე წერდა: "ფიტარეთის მწიგნობართაგან ჩვენთვის ცნობილია იობი, ვახტანგ VI-სა და სულხან-საბა ორბელიანის თანამედროვე და ახლობელი პირი".
იობ ფიტარელი იყო: "საღვთო წერილთა შინა გამოცდილი, უცხო და მუსიკობითა ქებული". მისი ქადაგებანი მოუსმენია ანტონ პირველსაც. პლატონ იოსელიანის ცნობით, იობ წინამძღვარმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა თბილისში, კათალიკოსის კარზე. იქ მან "კეთილისა შრომითა დაასრულა ცხოვრება თვისი (იოანე ბატონიშვილი)". მონასტრის წინამძღვრის გარდაცვალების თარიღია 1731 წელი. იგი დაკრძალულია თბილისში, სიონის ტაძარში. ფიტარეთის მონასტერი ბარათაშვილების საგვარეულო საძვალე იყო. შემდეგში კი ყაფლანისშვილ-ორბელისშვილთა საგვარეულო მონასტრად იქცა და იქ მხოლოდ ყაფლან ორბელის ძე ბარათაშვილის შთამომავლები იმარხებიან.
ფიტარეთის მონასტრის წინამძღვარი იობი, დამწერი და მოწმეა ზურაბ ყარჩიხაშვილის მიერ დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისთვის მიცემული წიგნისა ვალის დაფარვის თაობაზე. ეს საბუთი 1698 წელსაა დაწერილი. გვაქვს კიდევ ერთი საბუთი, სადაც იობ მღვდელია დამწერი პაპუნა ორბელისშვილ-ყაფლანისშვილის მიერ დმანისის ღვთისმშობლისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულობის წიგნისა. ეს ისტორიული დოკუმენტი 1689 წელსაა დაწერილი. დმანისის ღვთისმშობლის ეკლესიაც ბარათაშვილთა საგვარეულო საძვალე იყო და ყაფლანიშვილებს ეკუთვნოდათ. ეს ორივე საბუთი ერთი ხელით არის დაწერილი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იობ მღვდელმა 1689 წელს დაწერა ეს დოკუმენტი, ხოლო 1698 წლის დოკუმენტის დაწერის დროს იგი უკვე ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის წინამძღვარია. იობ ფიტარელმა 1706 წელს ვახტანგ ლევანის ძის დავალებით გადაწერა პარაკლიტონი, ხოლო უფრო ადრე მონაწილეობა მიიღო სულხან-საბა ორბელიანის მამის, ვახტანგ ორბელიანის დავალებით, ძველი აღთქმის წიგნების გადაწერაში. შემოგვრჩა იობ ფიტარელის მიერ გადაწერილი ერთი ოთხთავი და ორიოდე საბუთი.
ფიტარეთის მონასტერი ერთ-ერთ ცნობილ სამწიგნობრო კერას წარმოადგენდა მაშინდელ საქართველოში. მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, განადგურდა, მაგრამ ჩვენამდე მაინც მოაღწია ფიტარეთში გადაწერილმა ზოგიერთმა ხელნაწერმა. ცნობილია, რომ სახარება, რომელიც ასლან ორბელისშვილმა და მისმა მეუღლემ - თამარ დიასამიძემ 1673 წელს დაამზადებინეს იასე ბედისმწერლიშვილს და შესწირეს ფიტარეთის საყდარს. ცნობილია ფიტარეთის ძილისპირები, გადაწერილი XVII საუკუნეში. ჩვენამდე მოაღწია ფიტარეთის ძველ საგალობელთა კრებულმა, მასზე შემონახულია ნევმატური ნიშნები, რომელსაც ძველი ქართული სანოტო სისტემის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფიტარეთის მონასტრის წინამძღვარს ექვემდებარებოდა დეკანოზი ლაზარე იოვანეშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, ადგილზე უძღვებოდა მონასტრის კუთვნილ მეურნეობას. ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის შეობა-ნაგებობათა დიდი უმრავლესობა განადგურებულია, თუმცა თვით ტაძარი კარგად არის შემონახული. სამრეკლოსთან ახლოს მარანია, რომლის აშენება ფიტარეთის მონასტრის წინამძღვრის - იობის სახელს უკავშირდება.
2007 წლიდან ფიტარეთის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას ლოცვა-კურთხევით და ბოლნელი ეპისკოპოსის - ეფრემის (გამრეკელიძე) ძალისხმევით ამოქმედდა მამათა მონასტერი. საუკუნოვანი დუმილის შემდეგ აღდგა ნანატრი ბერმონაზვნური ლოცვა. ღვთის შეწევნითა და მოწყალე ადამიანების თანადგომით მოკლე ხანში დაიგო ტაძრის იატაკი, მოეწყო ქვაში მდიდრულად ჩუქურთმებით ნაკვეთი კანკელი, დაიდგა წმინდა ტრაპეზი, სამკვეთლო, ნაწილობრივ შეკეთდა გალავანი, აშენდა საცხოვრებელი და სატრაპეზო მონასტრის წევრებისთვის. იკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის წმინდა ტრაპეზი და განახლდა დიდი ხნის წინ შეწყვეტილი წირვა-ლოცვა. მიუხედავად ამისა, მონასტერი კვლავ საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ექვთიმე (შავდათუაშვილი).