მონაზონი უფლისთვის შეწირულ ცხვარს ჰგავს
მონაზონი უფლისთვის შეწირულ ცხვარს ჰგავს
როცა ადამიანი მონასტრულ ცხოვრებას იწყებს და ღვთის ნებას საკუთარ ნებას უთავსებს, ის ყოველგვარ ამქვეყნიურზე უარს ამბობს. უფალს სწირავს თავს და დადებული აღთქმით ღვთისთვის სათნოდ იღვწის. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი და დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს".

მონასტერში ყველა სხვადასხვა გზით მიდის - ზოგი მწუხარების, სიხარულის მიზეზით ეწირება, ზოგიც დაბადებიდანვე შეწირულია - "ვითარცა კრავი". არიან ისეთებიც, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ ღვთის ნებით გახანგრძლივებულა და უფლის ხმას მონასტერში წაუყვანია.

ერისკაცს მცირეოდენი წარმოდგენა მაინც რომ ჰქონდეს მონასტრულ ცხოვრებაზე, თუ როგორი კეთილი მოშურნეობით ემსახურებიან ტკბილი ბერ-მონაზვნები უფალს, თუნდაც რამდენიმე დღით ეს თავად უნდა გამოცადოს.

მჭადიჯვარი (მასზე უფრო დაწვრილებით შემდეგ ნომერში მოგითხრობთ) წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპისის მეუფე ზოსიმეს (შიოშვილი) ეპარქიაში შემავალი სოფელია. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი (XVIს.) სოფლის შუაგულშია. აქვეა დედათა მონასტერიც, სადაც მხოლოდ ორი ღვთისთვის შეწირული ადამიანი მსახურობს - წინამძღვარი დედა მართა (კიკნაძე) და მორჩილი ირმა (ბერბერაშვილი). მონასტერი მუხრან-ბატონების დროინდელ ორსართულიან სახლშია განთავსებული, რომლის ზედა ნაწილი დანგრევის პირასაა. მოჩუქურთმებული ხის აივანი ისტორიას დღემდე შემოუნახავს. პირველ სართულზე ხუთი ოთახია, მეორეზე - ექვსი. მათგან ერთი - ყველაზე მოკრძალებული და მცირე სენაკი მეუფე ზოსიმეს საბინადროა. დედა მართა მონასტრის თითოეულ კუთხე-კუნჭულს სულს უბერავს. რახან ტაძარში მოძღვარი დროებით არ ჰყავთ, დედა მართა და მორჩილი ირმა ღვთის სახლს თავად კეტავენ და აღებენ კიდეც. შეჭირვებულ მოსახლეობას ნუგეშს აძლევენ და ღვთის სადიდებელ ლოცვებს აღავლენენ.

- მონასტერში ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ეძებს. ზოგი იმისთვის მოდის, რომ მოშორდეს საერო ცხოვრებას, სულიერად განიწმინდოს და ღმერთს მიუახლოვდეს. მონასტერში მიმავალი ადამიანი ტოვებს ოჯახს, ახლობლებს და უფლის შეწირული შვილი ხდება, - ამბობს მორჩილი ირმა, - მძიმე ჯვარია მონასტერში ცხოვრება. თუ შინაგანად არ ხარ ამისთვის განწყობილი, აქ ვერ გაჩერდები. ღმერთი ჩაგაგონებს მონასტერში წასვლას და უფლისთვის თავის შეწირვას. მონაზვნობა ყველაზე კარგია, ცოდვებიც მაშინ გეხსნება და უფლის პატარძალი ხდები. ზოგი მეუბნება, - რა არის მონასტერში ასეთი, რატომ მიდიხარო. ნაკლებად ესმით, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. მონაზონს ყველაზე მეტად ებრძვის ბოროტი, თუნდაც იმისთვის, რომ ერისკენ უბიძგოს და დააშოროს უფალს.

მონაზვნის ლოცვას დიდი ძალა აქვს და მასზე ბოროტი ვერ იმარჯვებს.

- როგორ გამოიხატება მონასტერში უფლისადმი თავგანწირვა?

- ყველაზე მეტად მაშინ არის ბედნიერი მონასტრის წევრი, როცა ამქვეყნიურს თმობს და უფლისთვის თავს წირავს. როგორც ცხვარი შესწირო უფალს, ისე ეწირება მონაზონიც ღმერთს, მთელი მისი ცხოვრება უფლის მორჩილებაა. მართალია, ყველა ადამიანი მონასტერში ვერ წავა, მაგრამ ვისაც ოჯახი ჰყავს და გარკვეულ ასაკს მიუახლოვდა, ხომ შეიძლება სულიერ ცხოვრებაზე იფიქროს?

- პირადად შენ როგორ დატოვე ეს სოფელი?

- 13 წლის ვიყავი, თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში რომ წავედი. ერთი თვე იქ დავყავი. მამა იაკობის (უშიკიშვილი) კურთხევით (ის ჩემი ბიძაა) შემდეგ თიანეთში გადავედი. ერთი წლის მერე ეპარქია გაიყო და აქეთ გადმოვედით. წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირვას დავესწარი. წირვის მერე მეუფე ზოსიმეს შევხვდით მე და მამა იაკობი. გულში ვფიქრობდი, ნეტა რა ღირსი ვარ მეუფესთან მისვლის-მეთქი. მეუფეს მუხლმოდრეკით მივესალმე და იქვე დავჯექი. მეუფემ მითხრა, ლოცვები წაიკითხეო. კითხვა მეშლებოდა და მამა იაკობი ხმამაღლა - "უფალო, შემიწყალენს" ამბობდა. იქ დედა მართაც იყო და მეუფემ ჩემი თავი მას ჩააბარა. თან მითხრა: - შვილო, ძონძები ჩაიცვიო, დედა მართას კი - კაბის კალთაზე გამოიბიო. ასე წამოვედით მონასტერში. მჭადიჯვარში მანამდე ბევრი მონაზონი ცხოვრობდა - დედა ეფემია (გარდაიცვალა), დედა ქეთევანი, დედა ქრისტინე. წინამძღვარი დედა მართა იყო. ცოტა ხანი მეუფის სახლშიც ვცხოვრობდი. თავიდან გაცნობიერებული არ მქონდა, რა იყო მონასტრული ცხოვრება. მარტო მამა იაკობი მინერგავდა ღვთის სიყვარულს. ბავშვობაში თიანეთში, სოფელ ზარიძეებში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ნანგრევებზე დავდიოდი კლასელებთან ერთად და ვგალობდით. ტაძარი მამა იაკობმა განაახლა, როცა ერისკაცი - ბექა უშიკიშვილი იყო. მამა იაკობის ძმაც მღვდელია - მამა გიორგი და ახლა მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარში მსახურობს. ეტყობა, უფალი თავიდანვე მამზადებდა. მეექვსე კლასიდან გამოვედი სკოლიდან და მონასტერში წამოვედი. ხუცურის კი არა, მხედრულის კითხვა მიჭირდა. აქ მოვედი, ერთ თვეში ხუცური ვისწავლე. მერე მეუფის ლოცვა-კურთხევით მარხვის და აღდგომის ტიპიკონიც ზეპირად ვისწავლე. ლოცვების დაზეპირება არ მიჭირს, ის კი მავიწყდება, რაც უფლისთვის უსარგებლოა. როგორც ჩემი ბიძები გახდნენ სასულიერო პირები, მეც მინდა ბოლომდე გავყვე ღვთის გზას.

- დედა მართა, მაინც როგორ ლოცვას შეიწირავს უფალი?

- ლოცვა უპირველესი უნდა იყოს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია რომელიმე მადლმოსილი საქმის აღსრულება. ზოგჯერ უფალი არ ასრულებს ან აყოვნებს ჩვენი თხოვნის აღსრულებას იმისათვის, რომ გამუდმებით ვისწრაფოდეთ მისკენ. ასე იქცევიან შვილის მოყვარული მამები: როდესაც ხედავენ, რომ შვილთაგან რომელიღაც დაუდევარია, მეყსეულად არ უსრულებენ თხოვნას, სიძულვილის გამო კი არა, იმიტომ, რომ მიღების შემდეგ კვლავ დაუდევრობაში არ ჩავარდეს.

უფალი შენს მშვიდ ლოცვას შეიწირავს. ზოგჯერ ცრემლებით ვთხოვ უფალს მომცეს შეძლება, რათა მონასტერში ტიპიკონი შევასრულო, ფიზიკურად მიწაზე ვიმუშაო. მეუფე ზოსიმეს ვუთხარი კიდეც: - ცუდად ვარ, ვერაფერს ვაკეთებ-მეთქი. მიპასუხა: - დედაო, ზოგჯერ მეც არ შემიძლია ხელის განძრევა. შენ რომ შეგეძლოს, აქ კი არ გაჩერდები, სხვაგან წახვიდოდი. უფალს სურს, რომ სწორედ ასეთი იყო და ამიტომაც ხარ შეუძლოდო. ძალიან მიყვარს მეუფე ზოსიმე, დღედაღამ ვლოცულობ მის ჯანმრთელობაზე.

- თქვენ სამთავროს დედათა მონასტერში მსახურობდით. მამა გაბრიელის (ურგებაძე) მორჩილიც იყავით.

- მეუფის კურთხევით, სამთავროში გავიარე მორჩილება. მამა გაბრიელთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. დედა პარასკევა ცოტა ხანს შეუძლოდ იყო და მამა გაბრიელთან მორჩილად გამგზავნეს. ტრაპეზარი ვიყავი და დედა ქეთევანს ვეხმარებოდი საქმეში. მამა გაბრიელი სულ მეჩხუბებოდა და მასთან შესვლა აღარ მინდოდა. დედა პარასკევას ვეუბნებოდი კიდეც, აღარ შევალ მის კელიაში-მეთქი. მპასუხობდა - მორჩილებაში გცდისო. სენაკში შესვლის წინ ლოცვა წავიკითხე. მამა გაბრიელმა დამლოცა და მითხრა, - შენ მალე დედა მართა იქნებიო. მონაზვნობის სახელი მიწინასწარმეტყველა.

მეუფემ რომ მაკურთხა მონაზვნად, დედა მართა დამარქვა. მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება გამიცხადდა.

- დედაო, თითოეული ადამიანი სხვადასხვა მიზეზით სწირავს თავს უფალს...

- მონასტერში ზოგი გაჭირვებას მიჰყავს, ზოგს სიყვარული არ უმართლებს... როცა მონაზვნად აღიკვეცები, შეწირული ხარ უფლისთვის. ტოვებ ხორციელ მშობლებს, მაგრამ იძენ სულიერს - მაცხოვრისა და ღვთისმშობლის სახით. სულის გადასარჩენად მონასტრული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა. პირადად მე თბილისში აღარ მინდა ჩამოსვლა, ტრანსპორტით მგზავრობა, აღარც ხორციელ შვილებთან მისვლა. მხოლოდ განმარტოებული ლოცვა მწადია, რითიც უფალს მეტად ვუახლოვდები.

ერში ყოფნის დროს მჭადიჯვარში მოსალოცად ჩამოვედით. მეუფე ზოსიმესთან ერთად ვტრაპეზობდი და მაშინ მითხრა მეუფემ, - აქ შენდება ახალი იერუსალიმი და ამ იერუსალიმში უნდა იცხოვროს ჟუჟუნამო. გაკვირვებულმა ვერაფერი ვუთხარი. დავბრუნდი შინ. სამსახურში განცხადება დავწერე გათავისუფლების შესახებ და ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მონასტერში წამოვედი. მაშინ მონასტერს დედა ქრისტინე წინამძღვრობდა.

ოჯახი მყავდა. ორი პატარა შვილი გარდამეცვალა და ეკლესიისკენ მიმავალი გზა ამან გამიხსნა. მეუფის ნათქვამის შემდეგ მონასტერში დარჩენა გადავწყვიტე. ნეტავ ადრე წამოვსულიყავი - ჩემი ლოცვით ბევრს შევეწეოდი და გამოცდილებასაც მეტს შევიძენდი. ახლა ასაკოვანი ვარ და ფიზიკურად ცოტა დავუძლურდი.

უფალს სულის გადასარჩენად უნდა შესწირო თავი და ქვეყნისთვის ილოცო. მე ვლოცულობ ყველასთვის, ვისაც უჭირს, შეიძლება ჩემი შვილი დავტოვო, მასზე არ ვილოცო, გაჭირვებულს კი მცირედით შევეწიო.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ბეჭდვა
1კ1