რაჭაში, სოფელ აგარაში, მალე წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი ამოქმედდება
რაჭაში, სოფელ აგარაში, მალე წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი ამოქმედდება
რაჭაში სამონასტრო ცხოვრება ჩვენს თანამედროვეობაშიც ნელ-ნელა ძლიერდება. ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში მალე წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი ამოქმედდება. სოფელში არის ასევე წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრები.

აგარის წმინდა გიორგის ეკლესიის სიძველეთაგან შემორჩენილია ამგვარი აღწერილობა: ვერცხლზე ნაჭედი წმინდა გიორგის ხატის ნაშთი - ფიცარი, რომელსაც შეჭედილობიდან შერჩენია მხოლოდ ერთი ნაგლეჯი ძირა ნაწილში და მარჯვენა და მარცხენა აშიები; ნაგლეჯი შემკულია ჭედილი სახეებით და ასომთავრული წარწერით, აშიები კი ჭედილი მცირე ხატებით; მარჯვენა - ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლისა,  მარცხენა - ნათლისმცემლის ხატით, ფიცრიდან აგლეჯილია და ცალკე ინახება შეჭედილობის ერთი ნაწილი ოთხ და ხუთ მცირე (სულ - 9) ნაჭრად, რომელნიც შემკული არიან აგრეთვე ჭედილი სახეებით. ხატი გაუნადგურებიათ 1923-1924 წლებში. წარწერა: `წმიდაო გიორგი შეიწყალე ეკნუქიძე მოძღვარი საბა, მისი შვილი ზოსიმე, გავაშელი, წმიდაო გიორგი, უშველე მამუას, დავითსა". (XVI- XVIII სს).

KARIBCHE KARIBCHE

ღვთის შეწევნით, რაჭის ეპისკოპოსის, მეუფე ელისეს (ჯოხაძე) და კეთილი ადამიანების დახმარებით, აგარაში უძველესი წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიები აღდგა და წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ამავე სოფლის მკვიდრის დავით აბუთიძის მატერიალური თუ ფიზიკური ხელშეწყობით აღდგა ღვთისმშობლის ეკლესია. წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა და ახლად აშენებული წმინდა ნინოს ტაძრის, დედათა მონასტრის აშენება კი მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა. 

KARIBCHE KARIBCHE

როგორც ბატონმა  დავითმა  საუბარში თქვა, წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა და წმინდა ნინოს დედათა მონასტრის აშენება აგარის მკვიდრის ბატონი ოლეგ ტურძილაძის ფინანსური დახმარებით მოხდა. სოფელში დედათა მონასტრის დაფუძნებაც მისი ინიციატივა იყო. წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის დაარსებისათვის  ბატონმა ოლეგ ტურძილაძემ თავისი სახლ-კარი გადასცა. რაც კი მიწის ნაკვეთები ჰქონდა ისიც საპატრიარქოს გადასცა. ასე დავიწყეთ დედათა მონასტრის მშენებლობა. შევუდექით მონატრისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლის  კეთილმოწყობას. ვცდილობდი  მთელი სოფელი ჩართულიყო წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობაში და ყველას მიეღო მონაწილეობა. განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობდნენ. არქიტექტორია მურად ანდრიაძე.  ხატმწერია - გიორგი ვართაგავა...

ღვთის შეწევნით მომავალში ღვთისთვის სათნო საქმეებს კვლავაც გავაგრძელებთ.


ბეჭდვა
1კ1