უდაბნო — ქართული მონასტერი შუა საუკუნეების დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში
(თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში), ისტორიულ კუხეთში. მდებარეობს დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე. ტერიტორია წარმოადგენს დავის საგანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით სამთაღიანი გასასვლელით დაკავშირებული მაღალი და ფართო სადიაკვნე ეკვრის. მონასტერს ჰქონდა აგრეთვე სატრაპეზო და სხვა დანიშნულების სათავსები.
უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ამავე ხანას მიეკუთვნება სატრაპეზოს მოხატულობა. სადიაკვნეს მოხატულობა სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ადრინდელი ხანის მოხატულობის ნიმუშებთან და 856-864 შორის უნდა იყოს შესრულებული. მოხატულობის II ფენა XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი - XIV საუკუნეს.
2012 წლის 6 მაისის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე ჩადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და იქ ტურისტებს არ უშვებდნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებით ამის მიზეზი ისაა, რომ მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ამჟამად შექმნილია კომისია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენაზე მუშაობს, საზღვრის შეთანხმებამდე უდაბნოს მონასტრის მონახულება ნებისმიერ ტურისტს შეეძლო, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა აზერბაიჯანულმა მხარემ დროებით შეზღუდა დავით გარეჯის ტერიტორიაზე უდაბნოს ქედის მონახულება ტურისტებისთვის
- იქ სამხედრო პოლიგონი აქვთ მოწყობილი და წვრთნებს გადიან.