წმინდა თეკლას სავანე
მართლაც საოცრება ვიხილეთ. გულწრფელად გეტყვით და მსგავსი სულიერების კერა ჩვენს ქვეყანაში არსად მინახავს. მონასტრის მოძღვარმა იღუმენმა იოანემ (ჩაჩიბაიამ) გულთბილად გვიმასპინძლა, სულიერად და ხორციელად დაგვაპურა და მოკრძალებული თხოვნის შემდეგ, "კარიბჭის" მკითველისთვის სულისათვის სასარგებლო საუბარზეც დამთანხმდა.
უწმინდესის მწყემსმთავრობის დროს კიდევ ერთი სულიერი საგანძური შეემატა საქართველოს სამოციქულო ეკლსიას წმინდა თეკლას დედათა სავანის სახით. სავანეს საფუძველი ჩაეყარა 1995 წელს, როცა რვა მორწმუნემ მამა თეიმურაზ ჩაჩიბაიას (დღეს უკვე იღუმენი იოანეს) მრევლიდან მონაზვნობის მტიცე სურვილი გამოთქვა. მათ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდათ, რაც გამოწვეული იყო საერთო მიზნისკენ სწრაფვით. მოძღვრისადმი დიდი ნდობისა და სიყვარულის გამო არ ისურვეს მასთან განშორება და გადაწყვიტეს, თავიანთი სავანე დაეარსებინათ წმინდა პირველმოწამე თეკლას სახელზე (მისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო).
უწმინდესმა აკურთხა მათი განზრახვა და დაიწყეს სავანისათვის შესაფერისი ადგილის ძიება. ადგილის შერჩევა გაჭიანურდა და ამიტომ ისევ უწმინდესის კურთხევით მონასტრული ცხოვრება თბილისში ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს ეკლსიასთან არსებულ ძველ შენობაში წამოიწყეს. თბილისში ცხოვრებამ ორ-ნახევარ წელიწადს გასტანა. ეძებდნენ ადგილს, საერო შფოთისაგან განშორებულს, რის გამოც არ ისურვეს ძველ ნამონასტრალზე დასახლება, სადაც გარდაუვალი იქნებოდა შეხება სხვადასხვა მიზნით მოსულ "მომლოცველებთან" და ადამიანებთან, რომლებიც ვერ ეგუებიან სხვათა დასახლებას და თავისი უფლების შეზღუდვას იმ ადგილზე, რომელსაც მამაპაპისეულ მემკვიდრეობად მიიჩნევენ.
სწორედ ამიტომ შეიძინეს ნაკვეთი სახლითა და დამხმარე ნაგებობებით სოფელ ბევრეთში. თბილისიდან 35 კილომეტრით დაშორებული ეს მშვენიერი ადგილი მდებარეიბს მთებში, ტყეებით გარშემორტყმულ ხეობაში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, გამოირჩევა მეტად მკაცრი კლიმატით.
1998 წელს დაიწყო სავანის საცხოვრებლი ნაგებობის მშენებლობა მამა იოანეს და მისი მრევლის ხელით. მშენებლობა სხვადახვა დროს სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობდა. იმის შესაბამისად, თუ როგორ ეხმარებოდნენ სამშენებლო მასალით თუ ფულადი შემოწირულობებით. მკაცრი კლიმატის გამო სამშენებლო სეზონი მოკლეა, საცხოვრებლის მშენებლობა შვიდი წელი გაგრძელდა. სავანეში დღესაც გრძელდება სხვადასახვა სამონასტრო საჭიროებებისათვის აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები.
სამოანსტრო ადგილის პოვნისთანავე დები საცხოვრებლად გადავიდნენ. ამ ადგილს "კალამონი" უწოდეს (წმინდა თეკლა ხომ ანტიოქიაში, კალამონის მთაზე მოღვაწეობდა). სავანის სულიერი ცხოვრებისათვის აუცილებელი იყო ეკლესია. უწმინდესმა მამა იოანეს კურთხევა მისცა, აეშენებინა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე. აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი ძიების შემდეგ სავანის ადგილის პოვნა სწორედ ღვთისმშობლის მეოხების შედეგი იყო. მაგრამ უსახსრობის გამო ეკლესიის მშენებლობა საცხოვრებელი შენობის მსგავსად გაჭიანურდებოდა. საცხოვრებელი შენობის დასრულება კი აუცილებელი იყო, რადგან სხვაგვარად დებს ხანგრძლივად მოუწევდათ ცხოვრება მეტად მძიმე პირობებში. ამიტომ უწმინდესმა მათ კურთხევა მისცა, მანსარდაში მოეწყოთ პატარა ეკლესია წმინდა იოანე ოქროპირის სახელზე. პირველი ლიტურგია აღესრულა 1997 წლის 12 (25) ივლისს ათონელ ქართველ წმინდა მამათა - იოანესა და გაბრიელის ხსენების დღეს.
იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ტაძარი და მამათა მონასტერისავანის საცხოვრებელი შენობა იკურთხა 2004 წლის 14 (27) ნოემბერს, წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების მეორე დღეს. მონასტერს განაგებს კეთილმოწესე, რომლის სრულ მორჩილებაშიც იმყოფებიან დები. სავანე მისდევს მონასტრული ცხოვრების ზოგადსაცხოვრებულთა (კინოვიურ) წესს.
სავანეში დროის ათვლა მზის ჩასვლიდან იწყება, და ამაზეა აგებული სავანის მთელი ტიპიკონი - მონასტრის საეკლესიო და ყოფითი ცხოვრება.
სავანეს აქვს ხატწერის სახელოსნო.
ღვთისმოყვარე ადამიანების შემოწირულობების გარდა, მონასტრისთვის შემოსავლის წყაროა ხატწერა და საგამომცემლო საქმე. ითარგმნება სასულიერო ლიტერატურა. ძველ ხელნაწერთა მიხედვით სწორდება საღვთისმეტყველო წიგნები. სავანეში არის ფურნე, აცხობენ პურს აღდგომის სასწაულებრივი საფუარით.
საცხოვრებელი ნაგებობის არქიტექტურა მრავალფეროვანია და ერთი შეხედვით, უცხო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან აქ გამოყენებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის: მთათუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, სვანეთის, დიდგორის მთიანეთის, რაჭის და სხვათა და ასევე სხვადასხვა პერიოდისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი. აგრეთვე საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და ციხე-სიმაგრეების დეტალები (რაც დაკვირვებული თვალისა და არქიტექტურის თუნდაც მცირედ გათვიცნობიერებული ადამიანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება).
ასევე გათვალისწინებულია ათონის წმინდა მთის მონასტრების, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, მაცხოვრის საფლავის ეკლესიის და პეტრიწონის ქართველთა მონასტრის არქიტექტურული სტილიც. ნაგებობა გადახურულია იმერული კრამიტით და ანანურის ქვით. ეს ქვა აქაური მკაცრი კლიმატისთვის ყველაზე შესაფერისია.
სავანის საღვთისმსახურო ტიპიკონი მწუხრით იწყება და შედგება მწუხრის, სერობის, შუაღამიანის, ცისკრის, ჟამნებისა და ლიტურგიისგან. ყოველდღიურად აღესრულება პარაკლისი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. დებს აქვთ ლოცვის პირადი კანონი, რომელსაც სენაკებში აღასრულებენ. სავანე ლოცულობს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ყოველი მართლმადიდებელი სულისთვის, მართლმადიდებლობით შესვენებულთათვის, საკუთარი სამშობლოსათვის, შემომწირველთა და კეთილისმყოფელთათვის.
იღუმენი იოანე:- მონასტრისთვის ოთხი წელი ვეძებდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადგილებს. ერთხელაც სოფელ ბევრეთში აღმოვჩნდით. ძალიან მოგვეწონა აქაურობა და ახლობლების დახმარებით შევიძინეთ სახლი და მიწის ნაკვეთი, მიამბობს მამა იოანე. (მამა იოანესთან საუბრის ნაწილს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ). ეს იყო 1997 წელი. ერთი წლის შემდეგ კი მრევლისა და კეთილი ადამინების დახმარებით დავიწყეთ მოანსტრის მშენებლობა. ფიზიკურად თავად ვმუშაობდი, მშენებლობის პროექტიც თავად შევადგინე. რამდენიმე წელი ასე ვაშენებდით მონასტერს. ვიდრე ტაძარს ავაშენებდით, მანამადე სახლის მანსარდაში წმინდა იოანე ოქროპირის ეკლესია მოვაწყეთ. 12 წელი იქ ვწირავდით. დების რიცხვის გაზრდამ მოითხოვა უფრო დიდი მონასტრის აშენება. ახლად აგებული ტაძარი X-XI საუკუნეების, ტაო-კლარჯეთის, კვეტერასა და გელათის მიხედვით არის გაკეთებული.
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არის კიდევ წმინდა თეკლასი და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მცირე ზომის ტაძრები. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მარტვილის, ჩიქოვანების ეკლესიის ზუსტი ასლია. გვაქვს იოანე ოქროპირის და კიდევ წმინდა გიორგის ეკლესიები. გვსურს კიდევ ავაშენოთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის და ქართველ დედათა და მამათას სახელობის ტაძრები. უწმინდესისგან შვიდი ეკლესიის აშენებაზე გვაქვს ლოცვა-კურთხევა.
- მამაო, რატომ აირჩიეთ ეს წმინდანები? - დედებს ძალიან უყვართ წმინდა თეკლა. ვიდრე მონასტერში მოვიდოდნენ ლოცულობდნენ წმინდა თეკლას სახელზე, რათა დახმარებოდათ ადგილის მოძებნაში და ერთად შეძლებოდათ მონასტრული ცხოვრება. იოანე ნათლისმცემელთან არის დაკავშირებული ჩემი საეკლესიო ცხოვრება. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ამ ხეობის შემოსასვლელში, ყველაზე მაღალი ნათლისმცემლის მთის ფერდობზეა დავაფუძნეთ იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის მამათა მონასტერი. მონასტერში სულ ხუთნი ვცხოვრობთ - ორი ბერი და სამი მორჩილი.
- მამაო, რას გვეტყვით ბერმონაზვნური ცხოვრების შესახებ?- ეს თავად უნდა გამოცადო. ადამიანის სურვილიდან გამომდინარეობს ამ გზაზე წასვლა. ღმერთმა ადამიანი სიხარულისთვის შექმნა. თავისი სიხარული რომ გაენაწილებინა მისთვის თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რა სიხარულიც თვითონ გააჩნია ღმერთს, სურს, ის გაუნაწილოს ყველას. ადამიანს უნდა უხაროდეს სადაც ცხოვრობს, რასაც აკეთებს, ისიც უნდა უხაროდეს. ასევე მიდიან ადამიანები მონასტრეში, ბევრ რამეს იკლებენ ამქვეყნიური ცხოვრებისაგან. მონასტერში ცხოვრება ვისაც სურს და უხარია, მისთვის დანაკლისი არაფერია. პირიქით, უხარია და იმიტომ იკლებს. მას არავინ აიძულებს. მონასტერში უფრო მეტის გაკეთების საშუალება ეძლევა. უფრო თავისუფალია მისი გონება, რომ სარგებელი მოუტანოს საკუთარ თავს და სხვასაც. მისი გონება არ არის დაკავებული სხვა საზრუნავით.
- როგორ უნდა მიაღწიოს მონაზონმა სრულყოფილებას? - სრულყოფილება არის ღმერთი. სრულყოფილება არის სასიარულო კიბე, რომელზეც მიემართება ადამიანი. ეს არის განწმენდის, გულის განწმენდის გზა. თუ ადამიანს აქვს ვნებები, რომლისგანაც აღმოცენდებიან ცოდვები - დიდების სიყვარული, პატივის, სიმდიდრის სიყვარული, სხვადასხვაგვარი სიამოვნებების სიყვარული, ნაყროვანება, შიში საკუთარ სხეულზე, (რამე არ მომივიდეს) და უნდობლობა ღვთისა, ყველამ საკუთარ თავში უნდა მოიძიოს ეს. ამ ვნებებს ჰქვია ამაო სოფელი. ადამიანი შეიძლება ტყეში ცხოვრობდეს, მაგრამ თუ ამ ვნებებს არ მოიშორებს ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობს სოფელში ანუ ამაოებით და საკუთარ თავზე მზრუნველობით არის დაკავებული.
ეს არის ამაოება და არა ფიზიკური ადგილმდებარეობა. თავის გულში რასაც ხედავს შეუფერებელს ღვთისას, პატიებას ითხოვს ამისთვის და კვლავ ახლიდან იწყებს ღვთისაკენ სწრაფვას. სიმდაბლის გამო ღმერთი ადამიანს აძლევს მადლს და ასე ნელ-ნელა, საღვთო მადლით განიწმინდება მისი გული. ადამიანმა რაც არ უნდა აკეთოს, საკუთარ თავს ვერ განწმენდს, მაგრამ თუკი ეცდება, რომ მოიძიოს თავის თავში ცოდვა, სხვა არ განიკითხოს, გარდა საკუთარი თავისა და შენდობა ითხოვოს ღვთისაგან, უკვე საღვთო მადლით ხდება ცვლილება ადამიანის გულისა და მისი ვნებებისაგან განწმენდა. ეს არის სრულყოფილების გზაზე სვლა, მაგრამ ეს ისეთი რამ არის, რომ ადამიანი ამას ვერ გრძნობს.
ადამიანი რაც უფრო ახლოს მიდის ღმერთთან, უფრო მეტად ხედავს რა დიდია ღმერთი და უფრო უღირსად მიაჩნია თავი. ძნელია იმის თქმა, თუ რა არის სრულყოფილება, ვინც არის იმას ვკითხოთ. ვინც მოინდომა ღვთისკენ სვლა, ამსოფლის დატოვებით წავიდნენ მონასტრებში, ვინც ერში ცხოვრობს იმათაც იგივე მოეთხოვება, განსხვავება არ არის, უბრალოდ იმათ აქვთ აუცილებელი ვალდებულება, რომ ამქვეყნიურ, უამრავ ყოფით საზრუნავებში იმოძრაონ. იმიტომ, რომ ყავთ ადამიანები, ვისზეც მუდამ უნდა ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ და თავისი მოვალეობა შეასრულონ ღვთის წინაშე, რაც ევალებათ - როგორც მამას, დედას, დას, ძმას, ცოლს, შვილს და ასე შემდეგ. ყველამ თავისი ფუნქცია შეასრულოს და არა საკუთარი თავისთვის იცხოვროს.
რა არის სწორი, რა არის არასწორი, რა არის უმჯობესი, სასარგებლო, როგორია ღვთის მცნება, ამის გამოძიებით ანუ გონივრულად უნდა იცხოვროს ადამიანმა. არა სურვილის მიხედვით, არამედ განსჯის მიხედვით იცხოვროს. მცნებებით ცხოვრება ერის ადამიანს და მონაზონს ყველას ერთინაირად მოეთხოვებათ. ცხოვრების წესია სხვადასხვა, თორემ მოთხოვნა ღვთისაგან ერთნაირია. ვინ როგორი ცხოვრების წესით აირჩევს ღვთისმსახურებას ანუ როგორ შეასრულებს ამ მოვალეობას - მოთხოვნას ღვთისაგან თავად უნდა აირჩიოს, მონასტერში იქნება ეს თუ ერში. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვართ ჯვარცმის გზაზე.
წმინდა თეკლას სავანის დედები უწმინდესთან და იღუმენ იოანესთან ერთადმონაზვნობა არის ქრისტესთან ერთად ჯვარცმა, უბრალოდ ერში მყოფი ადამიანები როგორც იოანე ოქროპირი ამბობს: ტყუვდებიან, ეშმაკი ატყუებს და ფიქრობენ, რომ მათ არ მოეთხოვებათ ბევრი რამ, რაც სახრებაში წერია. გულგრილობა დაეუფლა ადამიანებს და ფიქრობენ, რომ სხვა რამ მოეთხოვება ერის ადამიანს და სხვა მონასტერში მცხოვრებთ. სახარებაში რაც მცნებები წერია, მონაზვნებისთვისაც არის და ერითვისაც. სახარებაში არცერთი ადგილი არ არის, სადაც ეწეროს, რომ ეს მონაზვნებმა შეასრულოს და ეს ერის ადამიანებმაო. მაცხოვარი ამბობს, სრულყოფილება თუ გინდა, ჩემი მცნებები დაიცავიო.
***
შეიძლება ადამიანი მდიდარი არ იყოს, მაგრამ პატრივმოყვარეობა ჰქონდეს და ყველა მხრიდან პატივს ელოდებოდეს, თავს იქებდეს და სხვებისგანაც იგივეს ითხოვდეს, ვერ იმდაბლებდეს თავს სხვის წინაშე. არავის არაფერს უთმობდეს. გული რითიც არის დაკავებული, ის არის მისი სიმდიდრე. თუ ადამიანი ღმერთს შეიყვარებს, ეს იქნება მისთვის სიმდიდრე და დანარჩენს დათმობს, თავისუფალია. თუ არა და მონა იქნება სიმდიდრისა. მთელი ცხოვრება წვალობს, რა შეიძინოს, რა მოაგროვოს, პატივი და ქება როგორ დაიმსახუროს. შეუძლებელია, ადამიანმა იცხოვროს და ყველა იყოს მისი კმაყოფილი. პატივმოყვარე ადამიანს სულ ტკივილი აქვს, რომ ვერ ღებულობს იმ პატივს, რისი მიღწევაც სურს. ვერ მიაღწევს ვერასდროს, არ გამოვა ეს. რაც არ უნდა კარგი გააკეთოს ადამიანმა, მუდამ ყავს მოწინააღმდეგე.
- მამაო, რა არის თანამედროვეობის სენი?- ადამიანებს სურთ, რომ უფრო და უფრო გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. საჭიროა, ადამიანებს ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ, მაგრამ მუდმივად მეტის მოპოვებით რომ იყოს გონება დაკავებული ეს ნიშნავს, რომ სულიერისთვის ნაკლებად ზრუნავს. ეს პრაგმატიზმია თანამედროვეობის სენი. ადამინი დაკავებულია ამქვეყნიური საგნების შეძენით. ფიქრობს უფრო კომფორტული გახდეს მისი ცხოვრება. ეს ყველაფერი უკვე თავად ადამიანზე ბატონობს. ადამიანი კი აღარ მართავს ამას, არამედ ადამიანს მართავს ის. სულის ზრუნვაში უშლის ეს ხელს.
მონასტერში ასე არ არის. შეიძლება იყოს ასეც, მაგრამ ამას ყურადღება სჭირდება. მონასტერში არის უპოვარების წესი. ანუ მონაზვნებს რაც აქვთ, მათი არ არის. მათ თავისი პირადი არაფერი გააჩნიათ, ყველაფერი წარმავალია. მონაზონმა ყველაფერი კომფორტი დათმო და არა აქვს იმის განცდა, რაიმე ნივთი დაკარგოს, სურვილი არ აქვს რაიმეს მიაღწიოს, არც იმის შიში აქვს, მისი სიმდიდრე ვინმემ წაართვას. მის სულში სიმშვიდეა. ადამიანი, რომელიც სულ იმის ძიებაშია როგორმე გაიუმჯობესოს ცხოვრება და უფრო მეტი სიმდიდრე დააგროვოს და უკეთესს მიაღწიოს, სულ განცდებშია და მუდმივად დაძაბულობაშია. ვერ იცლის იმისთვის, რომ ღმერთზე იფიქროს.
***
მონასტერში მცხოვრებთ მოძღვარი ასწავლის, განუსაზღვრავს ძირითად ცხოვრების წესს, მცნებებს განუმარტავს, როგორი ცხოვრებით უნდა იცხოვრონ. მონასტრის წევრების პრაქტიკულ და სულიერ ცხოვრებასაც ყურადღებას აქცევს. ერში ისე არ არის, როგორც მონასტერშია. ოჯახებში ადამიანები თავის ცხოვრებას თავად განაგებენ, თვითონ ირჩევენ თავიანთი ცხოვრების გზას და თავიანთ მოძღვრებს ეკითხებიან სწორად იქცევიან თუ არა.
წმინდა თეკლას სავანესაერო ცხოვრებაში მოძღვარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს... როცა მოძღვარი მოძღვრავს სულიერ შვილს თუ როგორ უნდა იცხოვროს ღვთისთვის სათნოდ ეს არის არა სასჯელი, არამედ წამალი მისი სულისთვის. ყველგან ყოველდღე, ყოველწამს ვერ გაყვება ადამიანს მოძღვარი . სხვადახვა დღეს, სხვადასხვა გარემოებები მოაქვს. მონასტერში ეს გარემოებები ასე თუ ისე ერთნაირია, ჩვენ უმეტესი დრო განსაზრვრული გვაქვს. როდის ძილია, როდის ჭამაა, როდის ლოცვაა, როდის შრომაა, რანაირი შრომაა ესა, რა ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, თუ რაიმე გამონაკლისი ხდება მონასტრის წევრები აქვე დასვავენ კითხვას და აქვე ვუპასუხებთ.
ერში ასე ადვილი არ არის, მოძღვრები სხვაგან არიან, მრევლი - სხვაგან. ძალიან მრავალფეროვანი მრევლია, მრავალფეროვან გარემოში ცხოვრობენ, მრავალფეროვანი სამსახურები აქვთ, უამრავ სხვადასხვანაირ ადამიანებთან აქვთ შეხება, მორწმუნეებთან თუ ურწმუნოებთან, ღვთისმებძოლებთან თუ კეთილ ხალხთან. არიან გულმოდგინე მოძღვრები ერშიც, რომლებიც ცდილობენ, მუდმივად ყურადღებით იყვნენ თავიანთ მრევლთან.
ღმერთმა დაგლოცოთ.
გთხოვთ შეეწიოთ წმინდა თეკლას სავანეს.
დახმარების მსურველთ შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშზე:
"საქართველოს პროკრედიტ ბანკის" ცენტრალური ფილიალი N 360101011307268