წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი იკორთის ტაძარზე ბრძანებს: ასეთი მშვენიერი ნაგებობა თამარის დროისა, ჩვენ მეტი არა გვაქვს...
წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი იკორთის ტაძარზე ბრძანებს: ასეთი მშვენიერი ნაგებობა თამარის დროისა, ჩვენ მეტი არა გვაქვს...
კახეთის აჯანყების მეთაურები 1662 წლის 18 სექტემბერს წამებით მოჰკლეს ირანში. ასო-ასო დაჭრილი ნაწილნი წმინდა ბიძინასი და სხეულნი წმინდა შალვასი და ელიზბარისა ეყარა გარეთ, ცის ქვეშ, უსჯულოთა შიშით მათ აღებას ვერვინ იკადრებდა. შუაღამისას კი ბრწყინვალე ნათელი მოეფინა მოწამეთა სხეულებს. ხოლო იქ, სადაც დანთხეული იყო ქრისტესთვის სისხლი, ნათელი კამკამებდა, გეგონებოდათ, უამრავი ლამპარი აუნთიათო. შუაღამისას, როცა ყველამ დაიძინა, იქაურმა სომხებმა მოიპარეს წმინდანთა სხეულები და თავიანთ ტაძარში დაკრძალეს, სადაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ წმინდა შალვას მეუღლემ, ქეთევანმა, და ძემან მათმან ერისთავმა დავითმა წმინდა მოწამის ნაწილთა წამოსაღებად სარწმუნონი კაცნი გაგზავნეს. გათხარეს საფლავი. ნახეს: სამივე წმინდა მოწამის ნაწილნი ისე შეერთებულიყო, რომ ვერ განარჩევდი, რომელი რომლის იყო. მათი თავები დაკრძალვისას კათოლიკეებსა და სომხებს განეყოთ და წაეღოთ. წმინდანთა ნაწილები წამოაბრძანეს და დაკრძალეს ერთად იკორთის მთავარანგელოზთა მონასტერში, ერისთავთა საგვარეულო სამარხში.
იკორთის ტაძარი მდებარეობს ქ.გორის ჩრდილოეთით, ორიოდე კილომეტრზე "ორბოძლის მთის სამხრით არს, მთის კალთასა შინა, იკორთას, მონასტერი დიდი, გუმბათიანი, კეთილად ნაშენი, კარგს ადგილს; ზის არქიმანდრიტი" - გვამცნობს ვახუშტი ბაგრატიონი. იკორთის სამონასტროს შექმნაზე, ამ ტაძრის მშენებლობაზე, ისტორიულ წყაროებში ცნობები არ შემონახულა.

ერთადერთი ცნობა მშენებლობის შესახებ შემოუნახავს თვით ძეგლის კედლებს, საიდანაც ვგებულობთ, რომ ტაძარი აუგიათ 1172 წ. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელიც დაღუპულია და მას ვიცნობთ აკად. მ.ბროსეს პუბლიკაციით. იკორთის ტაძარი მიეკუთვნება ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობების ტიპს. იმ ხანის დღემდე მოღწეულ სხვა ძეგლებთან შედარებით იგი უკეთაა დაცული.

იკორთის ტაძართან მდებარეობს ერისთავთა ციხე-დარბაზი, რომელიც შედგებოდა ციტადელისა და გალავნისაგან. გალავანი ირგვლივ ოთხკუთხად შემოუყვებოდა ტაძარს, რომლის აღმოსავლეთის მხარის კუთხეებში სწორკუთხა კოშკები მდგარა, დასავლეთით შემაღლებული ადგილი კი მოკავებული ჰქონია საკმაოდ რთულ ციტადელს. ამჟამად ამ წაგებობათა მხოლოდ კვალია შემორჩენილი.

ეს სიმაგრე გვიან შუასაუკუნეებში დაუარსებიათ ქსნის ერისთავებს, სადაც მათი ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. იკორთაში დღესაც ჩანს ქსნის ერისთავთა მრავალი სამარხი ეპიტაფიით. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვაწი სამარხებია კახეთის სახალხო აჯაწყების (1659 წ.) გმირების შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილისა.

იკორთაში დაკრძალულია, აგრეთვე, ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ერისთავი. ქსნის ერისთავთა ოჯახიდან იკორთაში უკანასკნელად 1908 წელს დაკრძალეს ერისთავის მეუღლე მართა.იკორთის ტაძარი მომხდურ მტერთან ბრძოლების მოწმეცაა. 1732 წელს ქართლის ასაოხრებლად შემოსული ლეკები იკორთასთან საბოლოოდ გაუნადაურებიათ. 1736 წელს შანშე ქსნის ერისთავი ირანის შაჰს განდგომია და იკორთის ციხეში გამაგრებულა.

ნადირ-შაჰს ლაშქარი გამოუგზავნია სეფე-ხანის მეთაურობით, მაგრამ იკორთასთან მტერი დამარცხებულა. ერთი წლის შემდეგ იგივე სარდალი დიდი ლაშქრით დაბრუნებულა და იკორთა აუღია. აკად. ი.გიულდენშტედტის ცნობით (1772 წ.) იკორთა განთქმული და გამაგრებული მონასტრია. 1811 წლიდან იკორთის სამონასტრო სოფლის რიგით ეკლესიად აქციეს, რაც რუსეთთან საქართველოს შეერთებით იყო გამოწვეული. როგორც ცნობილია, მაშინ ბევრი ქართული მონასტერი გაუქმდა.
წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა ამგვარი შეფასება მისცა იკორთის ტაძარს: "ასეთი მშვენიერი ნაგებობა თამარის დროისა, ჩვენ მეტი არა გვაქვს, რა შესანიშნავი დეკორი აქვს? მისი ტოლებია ბეთანიაც, კაბენი, მაგრამ მასთან ვერც ერთი ვერ მოვა.

დეკორი თითქოს XI საუკუნის ძეგლებს უფრო ჩამოგავს, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ასე მრავაფეროვანი დეკორი, სამთავისიც კი ვერ შეედრება ამ მხრივ იკორთას. იკორთა უნიკუმია და ასეთი ძეგლები განსაკუთრებით კარგად უნდა შევინახოთ"
.

ბეჭდვა
1კ1