კვირაში ხუთი დღე ბერები სენაკებიდან არ გამოდიოდნენ, მხოლოდ შაბათ-კვირას იკრიბებოდნენ ტაძარში წირვა-ლოცვისთვის
კვირაში ხუთი დღე ბერები სენაკებიდან არ გამოდიოდნენ, მხოლოდ  შაბათ-კვირას იკრიბებოდნენ ტაძარში წირვა-ლოცვისთვის
ვანის ქვაბების მამათა მონასტერი
ვანის ქვაბები,  ვაჰანის ქვაბები — VIII-XVI საუკუნეების გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი - ჯავახეთში მდებარეობს.
დროთა განმავლობაში ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმინდა გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკები გამოკვეთეს.  თამარის მეფობის ხანაში დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმინდა გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა.  მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი "ვაჰანის ქვაბთა განგება".  ააშენეს წმინდა  გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია.  ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული.

სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები.  კომპლექსის ცენტრია წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეკვდერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბ-საძვალეა.

KARIBCHE

გამოქვაბულთა ბოლო სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კელდებზე შემორჩენილია XV საუკუნის II ნახევარში მელნით შესრულებული მხედრული წარწერები. წარწერების ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა. წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი აქ იძულებით მოუყვანიათ და ემდურიან თავის ბედს. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება წარწერები ლექსად. ქალებს ზეპირად წაუწერიათ ძველი ქართული პოეზიის ნიმუშები. გვხვდება "ვეფხისტყაოსნის" ფრაგმენტი - ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, ქაჯეთის ციხიდან რომ წერს ტარიელს (1300, 1301), როსტომიანის ერთი სტროფი (2903), ლირიკული ლექსები სასულიერო და საერო ხასიათისა (უმთავრესად სატრფიალო-სამიჯნურო), რომელთაგან რამდენიმე ეკუთვნის წარწერათა შემსრულებლებს ანას და თუმიანს და ხალხური ლექსები.

KARIBCHE

ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მათე (ვაშაყმაძე):

-ვანის ქვაბების მონასტერი  ვარძიაზე გაცილებით ძველია.  მონასტერი საუკუნეების განმავლობაში თანდათან ვითარდებოდა და  ხელიდან ხელში გადადიდა. ზოგჯერ იყო ფეოდალური მონასტერი, ზოგჯერ კი სამეფო კარს მიეკუთვნებოდა, თუმცა ამას თავისი დადებითიც ჰქონდა. ფეოდალები და დიდგვაროვნები შეძლებისდაგვარად მონასტერს ყურადღებას აქცევდნენ, უხვად გასცემდნენ შეწირულობას, რითიც მონასტერი ეკონომიურად, სულიერად ძლიერდებოდა, ძმობა მრავლდებოდა. მიწისძვრის  შემდეგ ხდება მონასტრის გაუკაცრიელება. XVI საუკუნის შუა ხანებში თურქები დაეპატრონენ აქაურობას, მთელი 300 წლის განმავლობაში  მონასტრული ცხოვრება შეწყდა.

მონასტერი შემოსევების და მიწისძვრის  შედეგად დაზარალდა. მონასტერში  შემორჩენილია  იმდროინდელი ტიპიკონი, ცხოვრების განაწესი, რომელიც გამოირჩეოდა დიდი სიმკაცრით. დაახლოებით კვირაში ხუთი დღე ბერები სენაკებიდან არ გამოდიოდნენ, მხოლოდ  შაბათ-კვირას იკრიბებოდნენ ტაძარში წირვა-ლოცვისთვის. ცხოვრობდნენ განდეგილური წესით. ასევე ცნობილია, რომ მათ გააჩნდათ გარკვეული ნაკვეთები.  ეს ნაკვეთები ცნობილია "ბერთა ყანების" სახელით. ვისაც სურვილი ჰქონდა ამ მიწას ამუშავებდნენ, ხეხილი ჰქონდათ გაშენებული და ცდილობდნენ საკუთარი შრომით შეექმნათ მონასტერში სათანადო პირობები.  ერთი პერიოდი ვანის ქვაბები გურგენიძეთა საგვარეულო მონასტერი იყო. წუნდის ტაძარიც გურგენიძეთა აღდგენილია. ამ ფეოდალური გვარის წარმომადგენლები   დიდი სარწმუნოებით და ეკლესიის მიმართ  ერთგულებით გამოირჩეოდნენ. 

KARIBCHE

ბევრი კეთილი საქმეები აქვთ გაკეთებული.. ბერებს არ უწევდათ ლუკმა-პურისთვის სხვაგან გასვლა ან მასზე ზრუნვა. მათი ერთადერთი დანიშნულება  ლოცვა იყო, რომელსაც ძალიან დიდ დროს უთმობდა. თავისუფალ დროს ბერები რა თქმა უნდა შრომობდნენ. ბერისთვის და ბერმონაზვნისთვის, მონასტერში მცხოვრებისთვის ლოცვა და შრომა  ძალიან აქტიური ცხოვრების წესია. ჯერ ვლოცულობთ, მერე ვშრომობთ და  ამ შრომის ფასად ნაყოფსაც ვიღებთ. ადამიანი რომ შრომობს, ეს უკვე მის სულიერებასაც უწყობს ხელს. ფიზიკური შრომით სულიერი მდგომარეობაც ჯანსაღდება.

-მამაო, რამდენი წელია, რაც ვანის ქვაბებში განახლდა სამონასტრო ცხოვრება?
- მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით დაახლოებით წელიწად ნახევარია რაც ვარძიის მონასტერს გამოეყო ძმობის ნაწილი და ამოქმედდა ვანის ქვაბების მამათა მონასტერი. . ვიდრე ვანის ქვაბებში სამონასტრო ცხოვრება აღდგებოდა  მხოლოდ  წირვა-ლოცვას ვატარებდით. გვინდოდა მონასტერი ამოქმედებულიყო, მაგრამ ძალიან რთული ცხოვრებისეული პირობების გამო ერთგვარი თავშეკავება გვქონდა გამომუშავებული, არავის სურდა აქ წამოსვლა, მოღვაწეობა და ყველაფრის ნულიდან დაწყება. გარდა ამისა, იყო სულიერი მომენტი. საკუთარი ნებით ჩვენ, ბერები არ ვცდილობთ გარკვეული ღვაწლის ზიდვას, თუნდაც, გადავიდეთ ერთი ადგილიდან მეორე  ადგილას და ამ გზით ვიღვაწოთ. მეუფე თეოდორემ გვაკურთხ,ა რომ ვანის ქვაბებში სამონასტრო ცხოვრება ამოქმედებულიყო. ვიდრე მეუფე თეოდორე  ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინმაძღვრად მაკურთხებდა,  ვარძიის მონასტრის მღვდელმონაზონი ვიყავი. ვარძიიდან წამომყვა ორი კაბოსანი მორჩილი და დავიწყეთ მონასტრული ცხოვრება.  ვცდილობთ  ფიზიკურად ვიშრომოთ, ვქმნით ტერასებს, სადაც მიწა დაიყრება. აქ მიწის ნაკლებობაა. ყველაფრით სხვაზე დამოკიდებულები არ ვართ, მაგრამ მონასტერი ძირითადად შემოწირულობებით ცხოვრობს.

KARIBCHE

ტიპიკონი ასეთია: დილით 6 საათზე ვიწყებთ  ცისკრის ლოცვას. დაახლოებით ორი საათი გრძელდება. 11 ნახევარზე პირველი ტრაპეზი გვაქვს. შემდეგ უკვე იწყება მორჩილების პერიოდი. ვისაც რა შეუძლია, ზოგი ჯვარს კვეთს, ზოგი სკვნილს ქსოვს, ვისაც მეტი ფიზიკური შესაძლებლობა აქვს, მიწასთან მუშაობს და ამგვარად გადის დღე, ვიდრე არ მოვა შემდეგი ტრაპეზის დრო. 5-ის ნახევარზე მეორე ტრაპეზი გვაქვს და ამასობაში მოდის საღამოს ლოცვის დრო. 6 საათზე გვეწყება საღამოს ლოცვა. ამის შემდეგ ვნაწილდებით სენაკებში, სადაც ყველა პირად კანონს ასრულებს, ან ლოცულობს, ან წიგნს კითხულობს ან იმავე ხელსაქმეს აკეთებს. ერთი შეხედვით  ყოველი დღე თითქოს ერთფეროვანია, მაგრამ სულიერი ჩაღრმავების შედეგად არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს და ყოველი დღე ახალია ჩვენთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ.


ბეჭდვა
1კ1