ღირსი ნინო, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის განმაახლებელი (1839) -11 (24) თებერვალი
ღირსი ნინო, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის განმაახლებელი (1839) -11 (24) თებერვალი
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, სამთავროს დედათა მონასტრის დაარსების თარიღად 1820 წელი უნდა მივიჩნიოთ. ამ  მოსაზრების საბუთად გამოგვადგება რამდენიმე ცნობა. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ 1820 წელს თავადის ქალი ამილახვარი და რამდენიმე განდეგილი დედა მოსულან, აუგიათ სენაკები და ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით დასახლებულან სამთავროში.

მონაზვნებს მხოლოდ შემოწირულებით უცხოვრიათ, ამასთან თურმე ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ და მცირე გასამრჯელოსაც იღებდნენ, თავიდან მხოლოდ ოთხნი ყოფილან, შემდეგ კი სხვა დედებიც შემატებიან. (მასალა იწერება ხელოვნებათმცოდნე-არქიტექტორის გია ჭანიშვილის წიგნის "სამთავრო, წმინდა ნინოს დედათა მონასტერი" მიხედვით).

უფრო დაწვრლებით, თავადის ქალის-ნინო ქრისტეფორეს ასულ ამილახვრისა და მისი თანამოაზრეების სამთავროში მოსვლისა და მოღვაწეობის შესახებ ვგებულობთ მომდევნო საქმიდან სამთავროს განახლების თაობაზე. (ნინო ამილახვარი აქ მოხსენიეულია, როგორც ქრისტეფორეს ასული; საფლავის ქვაზე და სხვა საბუთში კი ქაიხოსროს ასულად მოიხსენიება. შესაძლებელია, ეს  ორი სახელი ერთი და იმავე პიროვნების საერო და სასულიერო სახელები იყოს).

ეს საქმე იწყება საქართველოს ეგზარქოსის იონას წერილით (1829 წ). იგი აღნიშნავს, რომ IV საუკუნეში აგებულ სამთავროში, სადაც სამთავროს ეპარქიის გაუქმების შემდეგ, ყოფილი ეგზარქოსის თეოფილაქტეს ნებართვით მონაზვნები დასახლებულან, გალავან-შემოვლებული, დიდი ზომის და კარგად ნაშენი ნაგებობები მდგარა. უყურადღებობით ეს ნაგებობები თანდათან ზიანდებოდა, ამიტომ ეგზარქოსს განუზრახავს ტაძრის, გალავნის, სხვა ნაგებობებისა და სამთავროს ყოფილი მთავარეპოსკოპოსის სახლის აღდგენა და იქ მამათა მონასტრის გახსნა. ბერების გადმოყვანა სამთავროში ეგზარქოსს იოანე ნათლისმცემლის გაუქმებული უდაბნოდან დაუპირებია. ტაძრისა და ნაგებობების მონახულება, გაზომვა და აღდგენითი საქმიანობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სინოდალური კანტორის არქიტექტორ რიპარდისათვის დაუვალებია. როგორც შემდგომი მოვლენებიდან ჩანს, სამთავროში მამათა მონასტერი არ დაარსებულა.

ვინაიდან იმ დროისათვის საქართველოში დედათა მონასტრები აღარ მოქმედებდა, ეგზარქოს იონას გადაუწყვეტია თბილისში დედათა მონასტრის ოფიციალურად დაარსება. მას საეკლესიო მმართველობისათვის დაუვალებია, გაერკვიათ თუ სამთავროს გარდა კიდევ სად იმყოფებოდნენ მონაზვნები. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მონაზონი მთაწმინდაზე, "ფერისცვალების" ეკლესიასთან სახლობდა. ასევე იმერეთსა და სამეგრელოში რამდენიმე ეკლესიასთან განდეგლად ცხოვრობდნენ დედები, მაგრამ იყვნენ თუ არა ისინი აღკვეცილნი მონაზვნებად, ვერ დაუდგენიათ. სამთავროში მყოფი დედების შესახებ კი ცნობები მცხეთის არქიმანდრიტ საბას მიუწოდებია.

არქიმანდრიტ საბას წვრილად გამოუკითხავს მონაზვნები, რომელთაც თავიანთ წინამძღვრად ნინო ამილახვარი დაუსახელებიათ. იმ დროისათვის (1830 წ), სამთავროში სულ 10 დედა მოღვაწეობდა. დედათა სიას თან ერთვის მათი ბიოგრაფიული მონაცემები.


***
ნინო ქრისტეფორეს ასული ამილახვარი, დაბადებული 1784 წელს სოფელ ჭალაში. შავი ანაფორა შეუმოსავს მისთვის არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში 1810 წელს, მონაზვნად  აღუკვეცავს ეპისკოპოს გერვასის რუისის ფერისცვალების ეკლესიაში 1812 წელს, ხოლო ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით სამთავროში დაფუძნებულა 1820 წლის 10 ნოემბერს.

მონაზონ ნინოს ღვაწლს უკვე 1827 წელს ვხვდებით. სვეტიცხოვლის კანდელაკ იოანე ბარისოვის მიერ გაგზავნილი პატერიკიდან ეგზარქოს იონასადმი ცნობილი ხდება, რომ სამთავროს ფერისცვალების ტაძრის მახლობლად მდგომი მცირე ზომის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია აღუდგენიათ მონაზვნებს ნინოსა და მარიამს, ალბათ, ეგაძეს და შეუმკიათ იგი მათ მიერვე შეძენილი საეკლესიო ნივთებით (იქვე დართულია სია ამ ნივთებისა). ეს ეკლესია უკურთხებიათ 1828 წლის 14 ინვარს, წმინდა ნინოს სახელობის დღეს მის სახელზევე.

KARIBCHE

სამთავროს განახლების შესახებ ვკითხულობთ მცხეთის არქიმანდრიტ საბას, კანდელაკ იესე ბარისოვისა და შიომღვიმის ბერმონაზონ ათანასეს პატაკებს სამთავროში მოსულ დედათათვის შავი ანაფორის შთაცმის თაობაზე და ლოცვას ანაფორის შთაცმის შესახებ. ღვაწლმოსილი დედების ნებით აღმდგარა სამონასტრო ცხოვრება, ამიტომ საეკლესიო მმართველობა დედათა მონასტრის ოფიციალურად დამტკიცება 1835 წლისათვის უკვე სამთავროშივე უფიქრიათ და თბილისის მთაწმინდის ფერისცვალების ეკლესიის მონაზვნებისთვის სამთავროში გადასვლა შეუთავაზებიათ. იმ დროს მთაწმინდაზე ოთხი დედა სახლობდა. Uუფროსი მონაზონი სალომე, თეკლე, ელისაბედი და ანასტაცია კობიევი. ოთხივე დედას უარი განუცხადებია და მთაწმინდაზე დარჩენილან (თუმცა Aანასტასია აზნაურ სვიმონ კობიაშვილის ასულს შემდეგ უკვე სამთავროში ვხვდებით).

1835 წელს გარდაიცვალა ორი მონაზონი, მარიამ გუდაბერიძე და თეკლე ბერიძე, ხოლო თეკლე ბიძინაშვილი წილკანს წასულა. მონაზვნებს თავიანთ წინამძღვრად კვლავ ნინო ამილახვარი აურჩევიათ, ხაზინადარად-მარიამ ეგაძე, "ბალაგოჩინად" - დარია ფაღავა, რომელიც მონასტერში 1831 წელს მოსულა. შვიდ დარჩენილ დედას 1835 წლისთვის თხუთმეტნი დამატებიან და ამგვარად სულ ოცდაორი გამხდარან (მათ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ).

მონასტრის დამაარსებელი ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: "ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონაზონის ნინასსა, რომელმანც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა 11-ს".

ნინო ამილახვარმა ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება. მისმა დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა საეკლესიო
მმართველობა, რათა მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი. ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და რამდენიმე ხანში სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა.

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

24 თებერვალს სამთავროს მონასტრის დამაარსებლის, იღუმენია ნინოს ხსენებაა


ბეჭდვა
1კ1