ნუნისის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
 ნუნისის ღვთისმშობლის შობის  ტაძარი
სამკურნალო წყლის სასიკეთო შედეგს მიუქცევია წმინდა მეფე დავითის ყურადღება და სოფელ ნუნისის ტაძრისთვის შესაწირი გაუღია

ნუნისის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას უფრო ადრეული პერიოდის ძეგლადაც მიიჩნევს. არსებობს გადმოცემა, რომელიც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ წმინდა მეფე ჯართან ერთად ამ ადგილის გავლით მიდიოდა. საპალნით დატვირთულ სახედრებს ზურგები ჰქონიათ დაზიანებული. როდესაც ხევს მიდგომიან, სახედრები წყალში ჩაწოლილან და ჩქარა გამოცოცხლებულან. სამკურნალო წყლის სასიკეთო შედეგს მიუქცევია წმინდა მეფე დავითის ყურადღება და სოფელ ნუნისის ტაძრისთვის შესაწირი გაუღია.

ნუნისის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და არსებობის მანძილზე არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. უკანასკნელად ნუნისის ტაძარი დაწვა ომარ-ხანმა, 1785 წელს, ვახანის ციხის აღების შემდგომ.. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ნუნისში იყო მონასტერი, რომელსაც არქიმანდრიტი განაგებდა. ეს ტაძარი თავად აბაშიძეების საძვალედ ითვლებოდა. XIX საუკუნის მიწურულს განახლებული ტაძარი აკუთხა წმინდა გაბრიელმა (ქიქოძემ) - იმერეთის ეპისკოპოსმა. ეკლესია დანგრეული ყოფილა და განუახლებიათ 1900-იან წლებში; საკურთხევლის ნაწილი მეტად ყოფილა დანგრეული და განახლების დროს მისი აგებულება თვალსაჩინოდ შეცვლილა, განსაკუთრებით კანკელთან; გუმბათის ადგილი სულ ჩამოქცეული ყოფილა, აქ თაღი ხელახლა გადაუყვანიათ.
ეკლესიაში ერთ-ერთი სვეტის წინ ყოფილა უცნობი პირის საფლავი, რომელსაც  ზედ მარმარილოს დაფა სდებია წარწერით; დღეს ამ დაფიდან მცირედი ნატეხებიღა არის შენახული.

შეგვეწიოს ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მადლი!




ბეჭდვა
1კ1