ნაზარეთის ხარების ეკლესია
ნაზარეთის ხარების ეკლესია
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება: "გიხაროდეს, მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეულ ხარ დედათა შორის" (ლუკა 1:28).

ღვთისმშობლის ხარება აღწერიალია ლუკას სახარებაში:


"შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა. "


პირველი ტაძარი ამ ადგილზე  IV საუკუნეში იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის პერიოდში ააგეს. იერონიმე სტრიდონელის გადმოცემით პალესტინაში, ნაზარეთში, მის სიცოცხლეში მოქმედებდა ორი ხარების ეკლესია. ერთი გაბრიელის მიერ ხარების ადგილზე, ხოლო მეორე წმინდა ოჯახის ტერიტორიაზე. ამასვე გვეუბნება VIII საუკუნის ისტორიკოსი ბედა ღირსი. XIII საუკუნეში სულთანმა ბეიბარს I-მა ქალაქის ყველა ტაძარი გაანადგურა. თანამედროვე ეკლესია კი ააშენეს 1750 წელს. მის მშენებლობაში გამოიყენეს ძველი ნაგებობის ნაშთები. დღეისათვის ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ხარების ეკლესია არის ქალაქის ადგილობრივი ქრისტიანი არაბების სამრევლო ეკლესია. მიეკუთვება იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაზარეთის მიტროპოლიას.


1955-1960 წლებში არქეოლოგ ბელარმინო ბაგატის ხელმძღვანელობით ნაზარეთში, ხარების ტრადიციულ ადგილას წარმოებულმა გათხრებმა გამოავლინა კედლის წარწერები, რომელთაგან რამდენიმე ქართული აღმოჩნდა. ისინი არქეოლოგიური მეთოდით დათარიღდა არაუგვიანეს 427 წლით.

ისტორიული წყაროების მოშველიებით დადგინდა, რომ ქართული წარწერები ნაზარეთის ხარების ეკლესიის ინტერიერში შეიძლებოდა გაჩენლიყო 330-427 წლებში. მათ იკვლევდა ქართველი მეცნიერი ზაზა ალექსიძე.






ბეჭდვა
1კ1