ბრეთი წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ
ბრეთი წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ
ბრეთის დედათა მონასტერი

ბრეთი ძველი და ცნობილი სოფელია შიდა ქართლში. ბრეთში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი - პიროს ბრეთელი. იოანე ზედაზნელის მიერ მამათა "განტევების" შემდეგ ბრეთი წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ. მცირე ეკლესიის აგებაც მისი ღვაწლის ნაწილია. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ "დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუნბათო, რომელ ქმნა პიროს იგ (13) მამათაგანმა  და დაფლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის ამარ". დიდი მამისადმი სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად ხალხი საყდარს მამა პიროსის ეკლესიას უწოდებს.

მამა პიროსმა ბრეთი ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ცენტრად აქცია. აქვეა მის მიერ VI საუკუნეში აშენებული ეკლესია, სწორედ ბერებისა და მონასტრის არსებობას უკავშირდება სოფლის სახელწოდების წარმოშობა, ბერეთი-ბრეთი. სოფლის ცენტრში, პიროსის ეკლესიის გვერდით დგას წმინდა გიორგის სახელობის საყდარი, რომელიც VIII-IX საუკუნეებში არის აგებული. მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკვლეულია  ნასოფლარი. ცნობილია XI საუკუნის ნაკეთები ვერცხლის საომარი ჯვარი და XIII საუკუნეში ტყავზე შესრულებუილი სახარება. ტაძარში მდებარეობს წმინდა პიროსის საფლავი,  რომელიც დიდი სიწმინდეა.

KARIBCHE

ტოპონიმი ბრეთა აქ მონასტრის დაარსების შემდგომი დროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს კი, სავარაუდოდ მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ "საძმო სამარხები" ყოფილა.

დღეს არსებული ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX საუკუნეებისაა. თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. ჩრდილოეთით მინაშენი თავდაპირველად მამა  პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ეს მინაშენი უნდა ყოფილიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა, მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და დაუკავშირებიათ ძველისთვის.

ბრეთის სავანემ კომუნისტური რეჟიმის დროს შეწყვიტა ფუნქციონირება. ტაძარი სურსათის საწყობად გადააქციეს. XX საუკუნის ბოლოს, წმინდა პიროსის ეკლესიის სახურავი ჩამოქცეული იყო. ეკლესიის ინტერიერი მიწითა და ქვით ამოისვო.

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს  ბრეთის წინამძღვრად არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) დაინიშნა. მამა ზაბულონის ძალისხმევით სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა - გაიწმინდა და მოპირკეთდა ტაძრის ეზო. ეკლესიის გარშემო  შემოიჭრა მიწა და ფართო გარშემოსავლელი მოეწყო. მონასტერი დამშვენდა რიყის ქვის გალავნით, ჩაიდგა კრამიტის სახურავიანი ძველქართული ჭიშკარი, აშენდა სამრეკლო.
სამუშაოები ჩატარდა ტაძრის შიგნითაც - გაიწმინდა შიდა სივრცე, აღდგა ჩაქცეული კამარები და დარღვეული კედლის წყობა, იატაკი ფილებით დაიფარა, ძვირფასი ქვით მოპირკეთდა წმინდა პიროსის საფლავი. ტაძარი მოიხატა კიდეც. 1998 წელს გაიხსნა დიდი ტაძარი. ამ  ტაძრისთვის საგანგებოდ დაიწერა  წმინდა გიორგის ხატი, რომელშიც  დიდმოწამის მუხლის ძვლის ნაწილია ჩაბრძანებული. განახლდა ასევე წმინდა პიროსის ეკლესიის ტრაპეზი.

2003 წლის 14 აგვისტოდან ბრეთში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.
წინამძღვარი, მონაზონი ანგელინა, (2003 წლიდან მორჩილი ლია, მონასტრის კეთილმოწესედ განაწესეს, 2004 წლის 23 დეკემბერს აღიკვეცა მონაზვნად ანგელინას სახელით და დადგინდა მონასტრის წინამძღვრად. რამდენიმე წლის წინ დედა ანგელინას ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭეს).

მონასტერში  ძველი ქართული საეკლესიო გალობისა და ხელსაქმის შემსწავლელი წრეები ფუნქციონირებს. ქარგვის, ქსოვისა და ჭრა-კერვის შესწავლა ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია. დედების სურვილია, რომ მომავალში მონასტერში გაფართოვდეს თექის შესწავლა. ჩამოყალიბდეს ქვის მოზაიკისა და მედავითნეობის წრეები. ღვთის წყალობით მომავალში აშენდება  ახალი სენაკები, გაფართოვდება სატრაპეზო. ტაძარში ჩაშენებული სამრეკლოს ნაცვლად, გალავნის წყობაში კარიბჭე-სამრეკლო აღიმართება.
წმინდა პიროს ბრეთელის დაფუძნებულ მადლიან მონასტერში დედების მიერ აღვლენილი ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.

გთხოვთ შეეწიოთ ბრეთის დედათა მონასტერს. ბანკის კოდი: LBTCE 22.  ანგარიშის ნომერი GE83LB 0122164415055007.

ბეჭდვა
1კ1