მამკოდის მონასტერში მეფე დავითს ბრძოლის წინ ულოცია
მამკოდის მონასტერში მეფე დავითს ბრძოლის წინ ულოცია
მამკოდის მამათა მონასტერი საკმაოდ შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. როცა მონასტრისკენ სავალ გზას დავადექით, მეგონა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მივდიოდით - მსგავსება დავინახე მათ შორის.
მონასტრის წინამძღვარს საუცხოოდ გაუმშვენებია და დაუმშვენებია მამკოდის მონასტერი. ღვთისმშობლის ტაძრის გარშემო მამათა საცხოვრებელი სენაკებია მოწყობილი.  მონასტრის ეზოში წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმონმა (სოხაძე) დამლოცა. ვთხოვე, მონასტრის შესახებ ეამბათ. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით კახაბერ შჩერბაკოვი გამესაუბრა - იგი მამკოდის მონასტრის ხშირი სტუმარია.

- გადმოცემით ვიცით, რომ მამკოდის მამათა მონასტერი IX საუკუნეშია დაარსებული, - ამბობს კახაბერი.. მონასტერის შემადგენლობაში ორი ტაძარია - ღვთისმშობლის შობის და წმინდა გიორგის სახელობისა. გასულ საუკუნეებში აქ მოღვაწე ბერების სახელები ჩვენთვის უცნობია. ვიცით, რომ XIX საუკუნიდან ცოტა მოშორებით მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დედათა მონასტერი იყო დაფუძნებული, სადაც რუსი მონაზვნები მოღვაწეობდნენ. მამკოდის მონასტერი საკმაოდ დიდი მონასტერი ყოფილა და სამი მონასტრის დედა მონსტერი ყოფილა.

მცირე მოცულობის სასწავლებელიც ჰქონდათ აქ დედებს მოწყობილი. მონასტერში საკმაოდ ბევრი ნანგრევებია შემორჩენილი. ერთ-ერთი ნანგრევი ძალიან ჰგავს ქსენონს (საავადმყოფოს). სნეულებაში მყოფი ადამიანებისთვის იყო ეს შენობა განკუთვნილი. მონასტრის  ტერიტორიაზე წამლების შესანახი ადგილიც არის შემორჩენილი. დედები 1921-1924 წლამდე მოღვაწეობდნენ, ვიდრე საქართველოს ანექსია მოხდებოდა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი განადგურდა საქართველოში და არც ეს მონასტერი იყო გამონაკლისი - ააფეთქეს კიდევაც. არის ცნობა, რომ წმინდა გიორგის ტაძარიც ააფეთქეს. დედების ნაწილი მცხეთაში, წმინდა ეკატერინეს მონასტერში გადავიდა,  ნაწილი კი სხვა მონასტერში. მონასტრის დარბევის შემდეგ, 1921-1924 წლამდე შეწყდა აქ მოღვაწეობა. იქიდან მოყოლებული 2006 წლამდე აქ არავის აღუდგენია მონასტრული ცხოვრება.

KARIBCHE

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლიდან მამა სვიმონმა (სოხაძე) დაიწყო მონასტრის მშენებლობა.  მან განაახლა ღვთისმშობლის შობის ტაძარი, ააშენა ბერებისთვის საცხოვრებელი სენკები. წმინდა  გიორგის ტაძარი თითქმის დანგრეული იყო და ისიც აღადგინა.

გასულ საუკუნეში მონასტრის ეზოში მდებარე ღვთისმშობლის შობის ტაძარში მოღვაწეობდა  მღვდელი შიო თურქაძე. თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი იყო და მას აღუდგენია თავიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარი. მამა შიოც მონასტრის ტერიტორიაზეა დაკრძალული. აქვეა დაკრძალული მამა შიოს ხორციელი შვილი, მამა გერასიმე. მამა გერასიმე თიანეთის ერთ-ერთ სოფელში მსახურობდა. მამა გერასიმეს გარდაცვალების ორი ვერსია არსებობს - ერთია, რომ ყაჩაღებმა მოკლეს, მეორე ვერსიით კი ილია მართლის მკვლელობის შემდეგ მას უთქვამს მკვლელების მისამართით მამხილებელი სიტყვა - ხმამაღლა ამხილა ილიას მკვლელები და, როგორც ჩანს, ამის გამო  მაშინდელ ათეისტ ადამიანებს არ  გამორჩათ მხედველობიდან  მისი ნათქვამი ამის გამო გამოასალმეს  სიცოცხლეს. როგორც ვიცით, ილია მართალი 1907 წელს მოკლეს. მამა გერასიმეს გარდაცვალების თარიღი კი 1908 წელია.

***
გადმოცემით,  ვიცით, რომ როცა გაუხსნიათ მამა გერასიმეს საფლავი, მისი სხეული უხრწნელი ყოფილა.  ტაძრის გარშემო მშენებლობის დროს აღმოსავლეთ მხარეს სამი საფლავი აღმოჩნდა. (მოძღვრებს აღმოსავლეთით კრძალავდნენ). სავარაუდოდ მამების საფლავები უნდა იყოს.. საფლავში  მიკვლეულია ჯვრების, ხატების ნაწილები. ამ მამებისთვის სპეციალური ძვალშესალაგი მოეწყო. მიკვლეული ხატების და ჯვრების ნაწილები მოანსტერში გვაქს შენახული.  
მამკოდაში 2006 წლიდან იწყება უკვე სამონასტრო ცხოვრება.  ეს მონასტერი ისტორიულადაც იხსენიება.

ეს არის კახეთთან დამაკავშირებელი უძველესი გზა. ეს ერთადერთი გზა იყო, რომელსაც მეფეები იყენებდნენ. ერეკლე მეფე  მარტყოფიდან, ღვთაების მონასტრიდან სვეტიცხოველში მამკოდის გზით გადმოასვენეს. ასეთი ლეგენდაა, რომ დავითმა ერთ-ერთი ბრძოლის წინ ღამისთევის ლოცვა აქ ჩაატარა. რაც შეეხება ეტიმოლოგიას, ესეც დავითთან არის დაკავშირებული: თავისი ჯარისკაცები უნახავს დახოცილი და ამის გამო მწუხარება რომ გამოეხატა, უთქვამს - გული დამიკოდაო. ამიტომ დაერქვა ამ მხარეს მამკოდა.

მონასტერში წინამძღვართან ერთად ცხოვრობს ერთი მორჩილი. სტუმრები ყოველთვის ჰყავს მამკოდის მონასტერს. მონასტერში სტუმრად მყოფთათვის სხვადასხვა მორჩილებებია.

ბეჭდვა
1კ1