ამ ტაძარში აწამეს პირველმოწამე რაჟდენი
ამ ტაძარში აწამეს პირველმოწამე რაჟდენი
ერთად გადავარჩინოთ წრომის ტაძარი
წრომის ამაღლების სახელობის ტაძარი შუაგულ ქართლში მდებარეობს.
ისტორიული ძეგლებით ცნობილ ხაშურის რაიონის ტაძრებიდან წრომის ტაძარი გამორჩეულია. ისტორიულად წრომი საციციანოში შედიოდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სულიერი თვალსაზრისით. როგორც ჩანს, წრომში IV საუკუნის I ნახევარშივე იყო ეკლესია. დღევანდელი ამაღლების სახელობის ტაძარი მის საფუძველზე აუგიათ 626-635 წლებში, ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით. ეს ტაძარი უფრო მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეც, რაც 457 წლის აგვისტოში აქ აწამეს პირველმოწამე რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის მეფობისას ქრისტიანობა მიიღო. საკურთხევლის მარჯვენა მხარეს გახლდათ წმინდა რაჟდენის საფლავი. დროთა განმავლობაში წმინდა ვახტანგ გორგასალმა წრომიდან გადაასვენა პირველმოწამე რაჟდენი და ნიქოზის ტაძარში დაკრძალა.

ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა XI-XII, XVI-XVII საუკუნეებში, 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკების შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. 1949-1959 წლებში და 1974-1975 წლებში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ამ დროს დაბრუნებია წრომს შედარებით პირვანდელი სახე. ყველაზე მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაო 1988 წელს ჩატარდა - წრომის ტაძარს გუმბათი დაადგეს. 1997 წლის შემდეგ მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამაღლების ტაძარში დაიწყო სულიერი ცხოვრება.

წრომში ამ ხნის განმავლობაში მრავალი სასულიერო პირი მოღვაწობდა. მათ შორის გახლდათ მეუფე ილარიონი, მეუფე გერასიმე. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამჯერად წრომის ამაღლების ტაძრის წინამძღვარია არქიმანდრიტი გიორგი (ედილაშვილი). მამა გიორგი მანამდე სარკის წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. მამა გიორგი გულისტკივილით ლაპარაკობს წრომის ამაღლების ტაძრის დღევანდელ მდგომარეობაზე:

- როგორც მაცხოვარი იყო ჯვარზე გაკრული და მიტოვებული (მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მენელსაცხებლე დედები და მოციქულებიდან მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი იყვნენ მასთან), წლების განმავლობაში ასეა მიტოვებული წრომის ტაძარი. სახურავიდან ჩამოდის წყალი და აზიანებს ამ უძველეს ტაძარს. მორღვეულია გალავანი, გასაკეთებელია კანკელიც. ხის კანკელია. დახმარებისთვის ყველას მივმართე. რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაში გამოვთქვი გულისტკივილი. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში ძალიან ბევრი ადამიანი შევაწუხე, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ დაძრულა ეს საკითხი. ეს ტაძარი თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება უძველეს ტაძრებს. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გვინდა, დავაფუძნოთ დედათა მონასტერი. გამგეობის მხარდაჭერით გადმოგვეცა ძველი კოლმეურნეობის კანტორა. შენობა ამორტიზებული იყო. ღვთის მადლით, დასრულდა სენაკების აღდგენა, კეთილმოწყობა დაMმალე აქ დედათა მონასტერი დაიწყებს ფუნქციონირებას. ესეც ერთ-ერთი დამატებითი სულიერი ძალა იქნება და აქ მცხოვრებნი უფრო გაერკვევიან, გაცნობიერდებიან ეკლესიური ცხოვრების უპირატესობაში. ღვთის მადლით, დედების ლოცვით მრევლიც მომრავლდება.

წრომის ამაღლების ტაძარი

ჩვენს ტაძარში თავიდან ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა. დღეს, ყოველი კვირის წირვის დროს, მრევლი ემატება, რაც ძალიან მახარებს.

ადამიანს საამაყო რა აქვს, სიამაყე ამპარტავნებიდან მოდის, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი გვარისშვილები სასულიერო პირები იყვნენ. 12-13 სასულიერო პირი იყო. მათ შესახებ პირველი ცნობა 1458 წლით თარიღდება... ესენი ყველანი XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. ადრე სასულიერო პირის შვილებიდან ერთი მაინც ირჩევდა სასულიერო გზას. ასეთი შთამომავლობითი გაგრძელება ჰქონდა ღვთის მადლის გამოვლინებას. ღვთისმსახურება კვლავ აღადგინა უფალმა ჩვენი გვარის წარმომადგენლებში... ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ ბორჯომის რაიონის სოფელ წაღვერში. მერე ჩვენი განაყოფი დასახლდა ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში... ძალიან მიხარია, რომ ღვთის მადლმა ჩვენც დაგვადგინა ეკლესიაში. ერთ-ერთი ჩემი წინაპარი მსახურობდაAატენის სიონში, ბრეთში, გორის რაიონის ტაძრებში, ქარელის რაიონში. ბოლო სასულიერო პირი, მამა მიქაელი, კომუნისტების დროს სოფელ ბრეთში მსახურობდა და იქვე აღესრულა.

განგებით ისე მოეწყო ყველაფერი, რომ ღმერთმა უკეთესი მომცა და სასულიერო პირი გავხდი. მადლობა ღმერთს, რომ ვმსახურობ წრომის ამაღლების ტაძარში. იმდენად დიდია ეს ტაძარი, რომ მარტო ჩემი მრევლის დახმარებით ვერ შევძლებთ მის მოწესრიგებას. ამას სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა სჭირდება. ღვთის შეწევნით, იქნებ ერთად გადავარჩინოთ წრომის ამაღლების ტაძარი.

გთხოვთ შეეწიოთ წრომის ამაღლების ტაძარს
ანგარიშის ნომერია: GGe40cn 0000036801404583 gel
ბანკი კონსტანტა-კოდი
cnsbge 22
ტ: 598 09-62-74 მამა გიორგი

ბეჭდვა
1კ1